Accessibility links

ახალი ამბები

პაკისტანში 15 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად

პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ორი რაკეტა მოხვდა ავტომანქანას ქალაქ ვანასთან, რომელიც სამხრეთ ვაზირისტანში მდებარეობს. მოგვიანებით ორი რაკეტა ესროლეს ობიექტს, რომელიც ეკუთვნის პაკისტანში მეტად გავლენიან ექსტრემისტულ ორგანიზაცია „მოლა ნაზირის ჯგუფს“. ამას მოჰყვა საჰაერო იერიში, რომელიც მიმართული იყო ავტომანქანის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვაზირისტანში. ვაზირისტანის რეგიონი ავღანეთს ესაზღვრება.

ყველა ახალი ამბავი

გიორგი გახარია გმობს ზეწოლას ინგა გრიგოლიას მიმართ

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და დაგმო მის მიმართ გამოვლენილი ზეწოლა და ბულინგი. ეს განცხადება გახარიამ გააკეთა 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე, ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათში“, - განაცხადა გახარიამ.

ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ქმედებების სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც 11 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტს სტუმრად ჰყავდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა: "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის". ხოლო როცა ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, განაცხადა, რომ შეეშალა და სხვას გულისხმობდა.​ საბოლოოდ, ონიანმა ბოდიში მოიხადა.

ინგა გრიგოლიას მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, პარტიის რიგებიდან რიცხავენ ხაშურის საკრებულოს წევრს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ალექსანდრე სიმონიშვილს. სწრაფი რეაგირებისთვის ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილი: შემომითვალეს, თუ ჩამოხვალ, დაგიჭერთო

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს შსს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

კოშაძე 17 ივლისს, დილით დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რომელიც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს, ხოლო კოშაძის დაკავებას მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირებს.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 4 დღის წინ ივანიშვილისგან შემოუთვალეს, რომ თუ საქართველოში დაბრუნდებოდა, მას დააკავებდნენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ რადგან მასზე ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინეს, ზეწოლის მექანიზმად კოშაძის დკავება გამოიყენეს:

„მაგრამ ვერაფერს ვერ გახდებიან. ივანიშვილი აგონიაშია და ეს აგონია დამთავრდება ძალიან მალე მისი ხელისუფლებიდან წასვლით. ჩემს გარემოცვას შემოუთვალეს, რომ არ ჩამოვსულიყავი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დამიჭერდნენ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, კოშაძე არის არა მხოლოდ მისი დაცვის წვერი, არამედ მისი უახლოესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იდგა.

კობა კოშაძის დაკავებას 17 ივლისს პოლიტიკურ მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, კოტე კემულარიაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით. ბიძინა ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა და პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო;

„რამდენიმე საათის წინ დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” აქტიური წევრი, ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის თანამშრომელი, კობა კოშაძე და მას საბჭოთა ნაცადი ხერხით უპოვეს თურმე იარაღი, რომელიც არასოდეს არ უტარებია და არასოდეს, მისმა მთელმა გარემოცვამ იცის და ყველამ ვიცით, რომ კობას არასოდეს იარაღი არ უტარებია. დღეს, ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო გახარიას და ყველა იმ პირის, იმ სადისტების, ვინც თვალები დათხარეს პატარა გოგოებს, ჟურნალისტები დაასახიჩრეს, ექვსამდე ადამიანმა თვალი დაკარგა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო და გმირებად გამოაცხადა ეს ხალხი“,- განაცხადა კოტე კემულარიამ.

20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. მისი გამცხადებით, ის საქართველოში 19 ივნისს უნდა დაბრუნდეს.

მოსკოვის სასამართლომ სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა 24 უკრაინელ მეზღვაურს

მოსკოვის სასამართლომ სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა 24 უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც 2018 წლის ნოემბერში დააკავა ეფ-ეს-ბე-მ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან. სამხედრო მოსამსახურეები პატიმრობაში დარჩებიან 24 და 26 ნოემბრამდე.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა. „ჩვენ ყველას გვყავს შვილები, დაუბრუნეთ შვილებს მშობლები,“ განაცხადა ზელენსკიმ.

2018 წლის 25 ნოემბერს ყირიმის ნაპირებთან რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა და ხელში ჩაიგდო უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და დააკავა 24 მეზღვაური. სამხედროებს ბრალს სდებენ რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში. ამ მუხლით სასჯელი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მელია ივანიშვილს: გახარიას გადადგომა იქნებოდა თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი  

„დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ ის კარგავს ხელისუფლებას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 17 ივლისს გაკეთებულ განცხადებებს.

ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილი დღეს "პირველად და საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას", გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს და ირიბად დაადასტურა, რომ ყველაფერი მასთან იყო შეთანხმებული.

„ივანიშვილმა დღეს პირველად თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული. ეს სიამაყით თქვა და ისიც დაამატა, რომ ეს სისტემა ერთ ადამიანზეა აგებული. ივანიშვილმა მოახერხა და განაცხადა, რომ გახარია არის მაგარი კაცი და მისი თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება სამშობლოს ღალატი იქნებოდა. აქ კი მინდა მას დავეთანხმო და ვუთხრა, ბატონო ივანიშვილო, დიახ, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ არა ჩვენი სამშობლოსი, არამედ თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი“, - განაცხადა ნიკა მელიამ 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებებით ღიად დაადასტურა მისი პრორუსული პოლიტიკა და მას ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია ნეგატიურ ჭრილში გავრილოვთან დაკავშირებით.

„თქვენ ხართ წარსული. და დღეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან რუსეთი ან დასავლეთი. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოთ და შერეკოთ ციხეში, თქვენ თავს ვერ იხსნით და პასუხს აგებთ ისტორიის წინაშე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის შემდეგ.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ - ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო, შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემს მიერ პასუხი იქნა გაცემული... რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ...

მე არა მაქვს, შს სამინისტროსა და პოლიციას, ჩვენ, არა გვაქვს არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე... ჩვენ აქ მოვდივართ ამ სიმართლის სათქმელად“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავარი მიღწევა ის არის, რომ შს სამინისტრომ და პოლიციელებმა „ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მინისტრის განცხადებით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ცალკეულ გადაცდომებს, თუკი მათ სამართალდამცველთა ქმედებაში აღმოაჩენს პროკურატურა.

„მაგრამ მე ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები“, - განაცხადა გახარიამ.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე.

ამ ეტაპზე დაკავებულია ორი სამართალდამცველი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

17 ივლისს ერთ-ერთ სამართალდამცველს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

უკრაინამ განაცხადა, რომ დაკავებულია MH17-ის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელი „ბუკის“ გადაზიდვაში ეჭვმიტანილი პირი

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია იმ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაზიდვაში ეჭვმიტანილი პირი, რომლითაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების „ბოინგი“. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა ვიტალი მაიაკოვმა.

მაიაკოვის თქმით, დაკავებულია მძღოლი სატვირთო ავტომანქანისა, რომლითაც გადაჰქონდათ „ბუკი“ დონეცკის ტერიტორიაზე. გამოძიების თანახმად, კომპლექსი ქალაქში რუსეთის ტერიტორიიდან ჩაიტანეს.

რეისი MH17-ის ავიაკატასტროფის დეტალები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00

2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში ავარია განიცხადა მალაიზიის ავიახაზების „ბოინგმა“. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი. 19 ივნისს ნიდერლანდის პროკურატურამ მკვლელობის ოფიციალური ბრალდება წაუყენა რუსეთის სამ და უკრაინის ორ მოქალაქეს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. გამოძიებას მიაჩნია, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი უკრაინაში „ბუკის“ ჩატანისთვის.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი ივანიშვილის განცხადებებს არხის დისკრედიტაციად აფასებს

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი ავრცელებს განცხადებას 17 ივლისს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის აქტიურობას "უზრდელობა" უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო "რუსთავი-2-სა" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალად მოიხსენია.

"აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ივანიშვილმა, ჟურნალისტს, რომელიც მას შს მინისტრთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამდა, ასე მიმართა: "სად გაიზარდე შვილო?", "დაწყნარდით ცოტა" და "ნუ უზრდელობ".

ჟურნალისტი პოლიციელების დასჯას ითხოვს, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

საბა წიწიკაშვილი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის გამოკითხვა შიდა ქართლის პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წიწიკაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის გამომძიებელს დეტალურად უამბო 10 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები და იმ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა, რა მუხლითაც საქმეს პროკურატურა იძიებს.

წიწიკაშვილის განცხადებით, საქმე არა თანამდებობის ბოროტად გამოყენების, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით უნდა გაგრძელდეს.

,,დეტალურად ვუამბე ყველაფერი, რაც 10 ივნისის ღამეს მოხდა. აინტერესებდათ ყველა წვრილმანი. მე ვუთხარი, რომ შემეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ვთვლი, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს. პროკურატურის გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მოხდება საქმეში მონაწილე პირების გამოკითხვა და მოგვიანებით არ არის გამორიცხული, რომ მუხლი შეიცვალოს, -განაცხადა წიწიკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, ეს მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

10 ივნისს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი
საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც პოლიციელებმა ალექსანდრე ოხანაშვილმა და რამაზ გრიგალაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ტერიტორია დაატოვებინეს. ამ ფაქტის შესახებ ვიდეომასალა qartli.ge მ გაავრცელა.

ავარიის დროს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტომობილი. წიწიკაშვილმა გამოძიების თხოვნით ჯერ გენერალურ ინსპექციას მიმართა, მაგრამ ამ უწყებაში პოლიციელთა გადაცდომა ვერ დაინახეს. ამის შემდეგ საქმეში უკვე პროკურატურა ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე: რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეომიმართვით ეხმაურება და ამბობს, რომ „თავს ძალა დაატანა და ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეულ ინტერვიუს უყურა“.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის საქმე წასულია და ის წარსულს ბარდება. მისი სიტყვებით, იმ ფონზე, როცა მოლდოვიდან გაიქცა ოლიგარქი, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, მხოლოდ საქართველო დარჩა ფეოდალური მმართველობის ბოლო კუნძულად: „ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება“, - ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა შს მინისტრს, გიორგი გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა:

„ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში სერიოზულად ლიდერობს“, - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მიმართავს და ამბობს, რომ დღეს ივანიშვილი დამფრთხალია და მზად არის ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს:

„ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა“.

სააკაშვილის სიტყვებით, საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო და დღეს გამოსავალი რიგგარეშე არჩევნები და ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებაა.

აშშ 40 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს ვენესუელის ოპოზიციის დასახმარებლად

ხუან გუაიდო

აშშ 40 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს ვენესუელის ოპოზიციის დასახმარებლად. თავდაპირველად ეს თანხა ცენტრალური ამერიკის ჰუმანიტარული დახმარებისთვის იყო ასიგნებული. სამსახურებრივ დოკუმენტზე, რომელშიც საერთაშორისო დახმარების სააგენტო აშშ-ის კონგრესს ატყობინებს ამის შესახებ, წვდომა მოიპოვა გაზეთმა „ლოს ანჯელეს ტაიმსმა“.

აღნიშნული 40 მილიონი გადაეცემა ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს გუნდს. თანხა მოხმარდება ოპოზიციის შტაბის თანამშრომელთა ხელფასებს, მათ მოგზაურობას, სემინარებისა და სააგიტაციო ღონისძიებების მოწყობას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უშიშროების საკითხებში მისი მრჩეველი ჯონ ბოლტონი კარაკასში ოფიციალურ მთავრობას უწოდებენ „ნიკოლას მადუროს ყოფილ რეჟიმს“. აშშ, ასევე ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, გუაიდოს მიიჩნევს ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, 42 მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ გვატემალასა და ჰონდურასს - ორს ცენტრალური ამერიკის იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც მოდის აშშ-ში შეღწევის მოსურნე უკანონო იმიგრანტების უდიდესი მასა. მათ მიერ სამშობლოს დატოვების მთავარ მიზეზად ითვლება სიღატაკე და გაბატონებული ძალადობა.

ეკა ბესელია: "ქართულ ოცნებას" 2020 წელს უმრავლესობა არ ექნება

"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. თუმცა მისი შეფასებით, ჯერ ნაადრევია პროგნოზირება თუ თუ ვინ იქნება არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმავლესობაში.

„პოლიტიკური ძალებიდან კოალიციის თვალსაზრისით, ვინ როგორ დაჯგუფდება, აქ ალბათ, მთავარი განმსაზღვრელი იქნება პროდასავლური და პრორუსული მიმართულების ხედვები“, - აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე სიტყვებით, ვერ ითანამშრომლებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვერც „ქართულ ოცნებასთან“.

„დღეს, ამ გადასახედიდან, "ქართული ოცნება" არა თუ უმრავლესობას ვერ აიღებს, არამედ ძალიან რთულ ვითარებაშია. უნდა ვნახოთ, რა სახით, რა მოცემულობით, რა შემადგენლობით წარსდგება მომავალ პარლამენტში. თუ, ოხანაშვილებით და ზარდიაშვილებით უნდა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შესვლა, მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის ვერანაირ რესურსს“.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ჯერ დააკვირდება ვინ შედის პარლამენტში, რა შემადგენლობით, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც შეიძლება სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებლობის აღება და რაც მთავარია იმის დანახვა, ვინ იყურება დასავლეთისკენ და ვინ ჩრდილოებისკენ.

ირანული წარმოშობის ბრიტანელი აქტივისტი ქალი თეირანის ციხიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

ნაზანინ ზაღარი-რეტკლიფი

ჰუმანიტარული სამსახურის ირანული წარმოშობის ბრიტანელი თანამშრომელი ნაზანინ ზაღარი-რეტკლიფი, რომელიც ირანში ხუთწლიან პატიმრობას იხდის ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, ციხიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტყობინება კამპანია „თავისუფლება ნაზანინს“.

ზაღარი-რეტკლიფი 2016 წლის აპრილში დააპატიმრეს თეირანში, ირანის მთავრობის ჩამოგდების მცდელობის ბრალდებით. ის უარყოფს ბრალდებებს. გასულ თვეში მან და მისმა ქმარმა შეწყვიტეს ორკვირიანი შიმშილობა, რომლის მიზანი იყო მისი გათავისუფლების დაჩქარება.

„თავისუფლება ნაზანინს“ იტყობინება, რომ ჰოსპიტალი მოინახულა ნაზანინის მამამ, რომელმაც დაადასტურა, რომ იქ ირანის რევოლუციური გვარდიის კონტროლქვეშ იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე საათის ლოდინის მიუხედავად, მას არ მისცეს ქალიშვილთან შეხვედრის უფლება.

თალაკვაძე ივანიშვილის შეფასებებზე: უბრალო და ზუსტი, რომელსაც მმართველი გუნდიც მხარს უჭერს

საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მედიისათვის მიცემულ კომენტარს ფეისბუკიდან ეხმაურება და ამბობს, რომ მან, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა „უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს“

პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები „არ უნდა მოექცნენ აგრესიული, ფარისევლური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი დღის წესრიგის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ტყვეობაში“:

„მშვიდობა, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მტკიცედ უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი ძალადობრივი შეტევა ამ სიკეთეებზე ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს კანონის თანახმად. ხელისუფლებას აქვს ამის ლეგიტიმაცია და მოვალეობა", - დაწერა არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში და თვისი და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა.

ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს რატომ არ გააპროტესტეს თბილისში რუსი დეპუტატის, სლუცკის ვიზიტი

ლეონიდ სლუცკი

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, რატომ არ გამოიწვია პროტესტი 2016 წელს, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტმა.

ამის შესახებ ივანიშვილმა 17 ივლისს განაცხადა ბათუმში, სადაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა „ქართული ოცნების“ შეცდომა რუსი დეპუტატის, გავრილოვის ჩამოყვანა.

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და, გვარს ვერ გავიხსენებ, „ფეესბეს“ ყოფილი თავმჯდომარე. კავალიოვი? აბა, თუ გამახსენებს ვინმე გვარს. სად იყავით მაშინ?!“ - უთხრა მედიას ივანიშვილმა.

შეკითხვას, რის გამო იმყოფებოდნენ, უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს რასთან დაკავშირებით იყვნენ. აი, ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ეხლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ."

რუსეთის დუმის დეპუტატები, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი თბილისში 2016 წლის ივნისში იმყოფებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში იმყოფებოდა 2019 წლის 20 ივნისს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა, რამაც საპროტესტო აქციები გამოიწვია.

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა აქციაზე მყოფთა ნაწილის დაპირისპირება პოლიციასთან და მცდელობა, ძალით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში.

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. სამმა მხედველობა დაკარგა.

ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებით ანკარას არ მიჰყიდიან F-35 გამანადგურებლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ ანკარას არ მიჰყიდოს F-35 ტიპის თანამედროვე ამერიკული ავიაგამანადგურებლები. ეს არის პასუხი თურქეთში რუსეთის პირველი S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ჩატანაზე.

ვაშინგტონში მოელოდნენ 116 თვითმფრინავის გაყიდვაზე აკრძალვას, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტი იცდიდა პრეზიდენტის განცხადებამდე.

პენტაგონი შიშობს, რომ თუკი F-35-ები თურქეთში მოხვდება, რუსეთი S-400-ის რადარებით მეშვეობით შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას ელექტრონიკაზე, რომლითაც აღჭურვილია გამანადგურებლები.

ახლა თურქეთის საწარმოები დაკარგავენ ლიცენზიას F-35-ის ნაწილებისა და დეტალების წარმოებისთვის, რომლებსაც ისინი უშვებდნენ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში. ტრამპმა პირადად მისცა პირობა F-35-ის მწარმოებელ „ლოკჰიდ-მარტინს“, რომ ადმინისტრაცია მასთან კომპენსაციის სახით მოაწერს ხელს დამატებით კონტრაქტებზე.

ივანიშვილი ჟურნალისტებს: "როგორ ჰგავხართ ერთმანეთს", "აბა, თუ მიეჩვევით სიჩუმეს"

"თუ გაჩუმდებით, შეიძლება კითხვაც დაგასმევინოთ" - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

"ქართული ოცნების" ლიდერის რეაქცია განსაკუთრებით მწვავე იყო "რუსთავი 2"-სა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე:

"ნაციონალური მოძრაობაა მისი [რუსთავი 2-ის] მეპატრონე და აჭარის ტელევიზიაც, მგონი, მისი ფილიალია"-თქვა ივანიშვილმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა:

"აბა, თუ მიეჩვევით სიჩუმეს. პატივი ეცით კოლეგებს მაინც. აი, ასეთ უზრდელობას [მიუთითებს გარეთ მიმდინარე აქციაზე] აქაც ნუ შემოიტანთ. დაწყნარდით ცოტა ხანს".

„სად გაიზარდე შვილო, დაწყნარდი“- ასეთ ბრიყვულ კითხვებს მხოლოდ ნაცები თუ დასვამენ“.

მან ჟურნალისტების კითხვებზე რამდენჯერმე უპასუხა - "ნუ უზრდელობთ".

ივანიშვილის კითხვა-პასუხი მედიასთან 20 წუთს გაგრძელდა. ჟურნალისტებმა ამ დროის განმავლობაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარისგან 11-ჯერ მოისმინეს მისი უკმაყოფილო შენიშვნები.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს პატიმრობა შეეფარდა.

პოლიციელი დაკავებულია 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულ სამართალდამცველს დუმილის უფლებით სარგებლობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა აღარ ეყოლება

ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველ პარტიას მომავალ პარლამენტში უმრავლესობა აღარ ეყოლება.

„პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში გულისხმობს, რომ ალბათობა იმის, რომ ერთმა პარტიამ და მათ რიცხვში „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50%-იანი ბარიერი, იქნება რთული. თუმცა, ეს არის შესაძლებელი. მაგრამ არა აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან“ - უთხრა ბათუმში, ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას იმას, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე და საზოგადოების წინაშე.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი 2020 წლის არჩევნების შედეგადაც.

„თუ არა, და ამისი ალბათობა რა თქმა უნდა არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ, ყველასთან. კონკრეტიკაზე, ვისთან და როგორ, 2020-ში ვისაუბროთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

შეკითხვას, რომ შესაძლოა, საპარალმენტო არჩევნები არა 2020, არამედ 2021 წელს ჩატარდეს და მანამდე საქართველოს ტექნიკური მთავრობა ეყოლება, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს არ გაუგია.

„ჩვენ ვართ სამიზნე, ჩვენ გვესროლეთ“ - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს: ჩვენ ვართ სამიზნე - ეს იყო აქცია-პერფორმანსის მთავარი ლოზუნგი.

თეთრ კომბინეზონებში ჩაცმულ აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ზედ გამოსახული დახვრეტილი სამიზნით - როგორც სიმბოლო 20-21 ივნისის ღამით მომხდარი ამბის და სოლიდარობა იმ სამი ადამიანის მიმართ, ვინც აქციის ღამეს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისგან თვალი დაკარგა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლების სამიზნეები. მე დღეს აქ ვდგავარ როგორც დედა და ჩემი შვილების მაგივრად მე ვარ სამიზნე. მე მესროლონ. ჩვენი მესიჯი ის არის, რომ არ დავიშლებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატა ფერაძემ.

აქციის მონაწილეებმა შსს-ს ზურგი შეაქციეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, გახარიას საკუთარი პასუხისგებლობის საკითხი სხვაგვარად ესმის და ამ აქციით მას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ 20-21 ივნისის ღამით მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ მან უნდა აიღოს.

რუსთაველის გამზირზე კი უკვე 28-ე დღეა გრძელდება ანტისაოკუპაციო აქცია. დღეს აქციაზე წიგნის დღე დაანონსდა.

ივანიშვილი: რუსული ბაზრის ჩანაცვლება ძნელია საქართველოსთვის

უცოდინარი და უმეცარია ის, ვინც რუსეთის ბაზრის უკრაინული და ევროპული ბაზრებით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობს, - უთხრა ჟურნალისტებს ბათუმში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

„ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსეთის ბაზარი არ გვჭირდება და აგერ არის უკრაინისა და ევროპის ბაზარი, ისინი აბსოლუტურად უცოდინრები, უმეცრები არიან... რუსული ბაზრისთვის თვითონ ევროპელებიც, თუ მიაქცევთ ყურადღებას... როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, ყველაფერი ცხადია...

რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის, ევროპელებისთვის და მით უმეტეს არ არის იოლი ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო - პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები... ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ის „ქვეყნის მტერს“ უწოდებს ყველას, ვინც რუსეთის ბაზრის დაკეტვაზე და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ, მოხდა დივერსიფიკაცია წლების განმავლობაში და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რუსეთთან ვაჭრობასა და ტურიზმს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობად განიხილავს.

„ის, რომ საქართველოში ტურისტი შემოდის, სწორედაც რომ - რუსი... ის, რომ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს და უნდა გვქონდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ. სახალხო დიპლომატიაა, რასაც ტურიზმი აკეთებს... ვაჭრობა აუცილებელია. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობაც აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის და სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მიზანია, რომ რუსი ტურისტის ნაცვლად საქართველოში რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს.

„...იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ისევ ლომის წვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ... მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსის ჯარს... დღესაც ეს უნდათ - ტურისტი კი არ უნდა შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდა შემოვიდეს, ამას აკეთებენ... ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიც, რომ არა ამათი დაუდევრობა, ამათი ღალატი, ამათი ქცევა, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელს. არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსეთის ჯარის შემოსვლას საქართველოში. ამას არანაირი გამართლება არა აქვს. ჩვენ ყველანი „ქართული ოცნებიდან ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

17 ივლისს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

შეხვედრაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო, ასევე აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

ბიძინა ივანიშვილი მიესალმება მამუკა ხაზარაძის განზრახვას შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა

„კარგია, მივესალმები“ - ასე უპასუხა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ფიქრობს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა.

„რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება უფრო მეტი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს გამოაცხადა, რომ სექტემბერში აპირებს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება.

შსს: 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულია კიდევ სამი ადამიანი

შსს-ს ცნობით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ სამი პირია დაკავებული.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაიწლეობა - გამოძიება საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებული პირები ძალადობდნენ სამართალდამცველებზე და შტურმით ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას.

დღეს ამავე ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია 12 პირი. მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

გამოძიება გრძელდება.

გურამ ფალავანდიშვილი ჰომოსექსუალობის პროპაგანდის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველო"-ს ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი 17 ივლისიდან იწყებს თბილისსა და რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას.

ულტრანაციონალისტურ ჯგუფს ორი მოთხოვნა აქვს:

  • ამოიღონ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია;
  • სს კოდექსში დაემატოს მუხლი ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

გურამ ფალავანდიშვილი ხელმოწერების შეგროვებას ორი თვის განმავლობაში გეგმავს. სამოქმედო გეგმაში წერია, რომ ხელმოწერები ხელისუფლებას გადაეცემა და თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პირველ ნოემბერს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.

"გვინდა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. თავისთავად, ეს ცოდვა არსებობს და იარსებებს, მაგრამ მისი პროპაგანდა, ჩვენზე აგრესია, თავს მოხვევა და ძალადობა უნდა იყოს მიუღებელი. პროპაგანდაში ვგულისხმობთ ამ გარყვნილების ნორმად გამოცხადებას ანტიდისკრიმინაციული კანონით, მარშებით, დროშების ფრიალით", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა კი დაამატა, რომ მათ მოთხოვნებზე ხელის მოწერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველს შეუძლია.

„ჩვენ ღია ვართ პოლიტიკური ძალებისთვის. ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველი - იქნება ეს ოდიოზური "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება", თუ მას არ უნდა, რომ ბავშვს თავს მოახვიონ ჰომოსექსუალიზმი, ის ჩვენი თანამოაზრეა“, - ამბობს ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვასაძემ ჯერ კიდევ 8 ივლისს გამოაცხადა ორი მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება იწყება. ის მოითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონის სრულად გაუქმებას.

უცნობია, რას ფიქრობს ვასაძე მოთხოვნების ამ ფორმულირებაზე.

ბულგარეთში დააკავეს ფართომასშტაბიან ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი

2019 წლის 17 ივლისი: იავორ კოლევი, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელი

ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი. თავდასხმის შედეგად გაჟონა მილიონობით ბულგარელის ფინანსურმა მონაცემებმა.

სოფიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ კიბერდანაშაული, რომლის შესახებაც 16 ივლისს გამოაცხადეს, უკავშირდება ბოლოდროინდელ ინფორმაციას შეერთებული შტატებისაგან F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვის გეგმის შესახებ.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა, იავორ კოლევმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ დაკავებულია კიბერუსაფრთხოების კომპანიის 20 წლის თანამშრომელი.

კოლევს არ გაუმხელია დაკავებულის ვინაობა, მაგრამ უარყო მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა და ბულგარელი ცოლი ჰყავს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მლადენ მარინოვმა 16 ივლისს გამოაცხადა კიბერთავდასხმის შესახებ.

ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი კობახიძე უდანაშაულოა

ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, ის გუნდს გადაეფარა, - უთხრა ჟურნალისტებს ბათუმში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, კობახიძემ სიტუაციის მიხედვით იმოქმედა.

„ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია... იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება... რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, როდესაც (სერგეი გავრილოვი) ჩაჯდა სპიკერის სავარძელში. ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. ეს მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა... ამას მოჰყვა საზოგადოების აბსოლუტურად ობიექტური აღშფოთება. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

17 ივლისს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

შეხვედრაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო, ასევე აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG