Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თავისუფლების აქტიდან” გამომდინარე კანონპროექტი პარლამენტში


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ” კანონპროექტი. კანონპროექტი ეკონომიკური პოლიტიკის ყველა იმ მიმართულებას უყრის თავს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ქვეყანაში.

”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ” კანონპროექტი ”ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან” გამომდინარე დოკუმენტია. აქტი საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე 2009 წლის 6 ოქტომბერს წარადგინა:

”იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი და ინსტიტუციური საფუძველი შევუქმნათ ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებას, მე გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის გაბედული ეკონომიკური ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში და რომელთა კურსიც გვინდა, რომ გავაგრძელოთ მომავალში.”

ეს გახლავთ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში - ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ უფლებას გამოიყენებენ უშუალოდ დემოკრატიის ისეთი ფორმით, როგორიცაა რეფერენდუმი...
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული და მთავრობის მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტის თანახმად, კონსტიტუციური კანონით უნდა განისაზღვროს მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ბიუჯეტის შეფარდების მაქსიმუმი, ასევე გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის მექანიზმები და სხვა.

”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ” კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” ინიცირებიდან თითქმის ორი წლის თავზე შეუდგა. 17 ივნისს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას პირველი განხილვისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის თავისუფლების იმ მნიშვნელოვანი წარმატებების ერთიან საკანონმდებლო აქტში ასახვა, რომელსაც ქვეყანამ უკანასკნელ ხანებში მიაღწია:

არსებითად იგივე პარამეტრები დარჩა, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ გაჩნდა დათქმა, რომ თუ ვერ ჩაჯდება, უნდა წარმოადგინოს ორწლიანი გეგმა, თუ როგორ აპირებს, რომ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რაც, ჩემი აზრით, უკარგავს აზრს მთელ ამ შეზღუდვებს...
”ეს გახლავთ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში - ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ უფლებას გამოიყენებენ უშუალოდ დემოკრატიის ისეთი ფორმით, როგორიცაა რეფერენდუმი. ასევე მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც სავალდებულო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტებისთვის; ასევე ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების განკარგვას უნივერსალურობის პრინციპით; ასევე კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება, რაც ერთიან რეჟიმში აყენებს როგორც ადგილობრივ რეზიდენტებს, ასევე უცხოელ რეზიდენტებს.”

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი შეუდგა, ”თავისუფლების აქტის” პრინციპების ნაწილობრივ სახეცვლილებას წარმოადგენს.როგორც ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, ”თავისუფლების აქტით” მთავრობას უწესდებოდა შეზღუდვები”, მაგალითად, ვალთან მიმართებაში, რომ სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, რაც ახალ კანონპროექტშიც დარჩა; არსებობდა შეზღუდვა ბიუჯეტის დეფიციტთან მიმართებაში, რომ დეფიციტი 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და ასე შემდეგ...

”ეს მოთხოვნები პირველ ვერსიაში - „თავისუფლების აქტში“ - იყო კატეგორიული, ანუ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ამას არ უნდა აღემატებოდეს. ეს გულისხმობს, რომ თუ ამ პარამეტრებს მთავრობა ვერ დააკმაყოფილებდა, ის მთავრობა, უბრალოდ, გადადგებოდა. დღევანდელ ვერსიაში, რაც მე ვნახე ახალ ამბებში, - სამწუხაროდ, თვითონ კანონპროექტი არ მინახავს, - არსებითად იგივე პარამეტრები დარჩა, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ გაჩნდა დათქმა, რომ თუ ვერ ჩაჯდება, უნდა წარმოადგინოს ორწლიანი გეგმა, თუ როგორ აპირებს, რომ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რაც, ჩემი აზრით, უკარგავს აზრს მთელ ამ შეზღუდვებს.”

ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ კანონპროექტი ”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ” ”თავისუფლების აქტის” ცუდი ვერსიაა. კანონპროექტის დათქმა, პირვანდელი ვარიანტისგან განსხვავებით, მაგალითად, ვრცელდება ასევე გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადის რეფერენდუმის გზით შემოღების საკითხშიც. კანონპრექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს გადასახადების დროებით გაზრდა მოითხოვოს. გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ღონისძიება მთავრობას სამ წელზე მეტი ვადით აქვს დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG