Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური “რვიანის” პასუხს ამჯერად ხელისუფლება ელოდება


ოპოზიციური "რვიანის" ერთ-ერთი შეხვედრა. 30 მაისი, 2011
ოპოზიციური "რვიანის" ერთ-ერთი შეხვედრა. 30 მაისი, 2011
საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომელსაც საზოგადოება ”რვიანის” სახელით იცნობს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” პასუხის გასაცემად ემზადება. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებები მმართველმა პარტიამ ”რვიანს” ”ახალი მემარჯვენეების” შუამავლობით შესთავაზა და მოსაფიქრებელი ვადა ორშაბათამდე მისცა. რა პოზიციები და განწყობებია ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიგებში?
ხელისუფლების პასუხი კონკრეტულ წინადადებებს შეიცავს, რომელიც შეიძლება, ოპოზიციური "რვიანის" საარჩევნო ინიციატივებზე დადებით პასუხად ჩაითვალოს...

”საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190, აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, ხოლო 107 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე”, - ასეთია მმართველი პარტიის 3-პუნქტიანი შეთავაზების პირველი პუნქტი. მეორე პუნქტში, რომელიც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზანს ეძღვნება, ნათქვამია, რომ ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლებით, პარიტეტულ საწყისებზე. კომისია იმუშავებს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე და ამ პროცესში მონაწილე მხარეების ”სამართლებრივად დასაბუთებულ წინადადებებს” ამომრჩეველთა სიებში ცენტრალური საარჩევნო კომისია ასახავს. რაც შეეხება ხელისუფლების წინადადებათა მე-3 პუნქტს, მასში საუბარია საარჩევნო კოდექსში გასათვალისწინებელ 7 საკითხზე, რომლებიც შეეხება, მაგალითად, პარტიების სხვადასხვა სახით დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცალკეულ დეტალებს. აქვეა ასევე, მაგალითად, მედიამონიტორინგის თემა, რომელისთვისაც ცესკომ ”კომპეტენტური უცხოური ან საერთაშორისო კომპანია” უნდა შეარჩიოს, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემა ”უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ” უნდა აკონტროლოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ოპოზიციური ”რვიანის” პასუხი ამ 3-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ოპოზიციურ ”რვიანში” შემავალი პარტიის - ”ახალი მემარჯვენეების” - წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს 24 ივნისს გამართულ შეხვედრაზე გადასცა. თუკი კაციტაძის პირველი შთაბეჭდილებებით ვიმსჯელებთ, "ხელისუფლების პასუხი კონკრეტულ წინადადებებს შეიცავს, რომელიც შეიძლება, ოპოზიციური "რვიანის" საარჩევნო ინიციატივებზე დადებით პასუხად ჩაითვალოს.” თუმცა, ამავე შთაბეჭდილებით, ”არის გარკვეული წინადადებები, რომლებიც სრულფასოვნად დადებით პასუხად ვერ ჩაითვლება".
ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებები ნამდვილად არ იძლევა პასუხს არც ერთ არსებით საკითხზე, რომლებიც იყო დასმული განხილვის პროცესში...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებში ვერ ვხვდებით, მაგალითად, ბიომეტრიული პასპორტების შემოღების პერსპექტივას, რაც ოპოზიციური „რვიანის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მოთხოვნას წარმოადგენდა.

ხელისუფლების შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციური ”რვიანის” წიაღში აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთი ასეთი შეხვედრა 25 ივნისს ”ახალი მემარჯვენეების” ოფისში შედგა. ამ შეხვედრის მონაწილე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან საუბრისას მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება, მაგრამ აშკარაა, რომ პირადად მას ხელისუფლების წინადადებები არ აკმაყოფილებს:
ვახტანგ ხმალაძე

”რვიანმა" თავის დროზე წარადგინა წინადადებები, რომლებიც უკავშირდება 8 უმთავრეს საკითხს, რომელთა გარეშეც სამართლიანი საარჩევნო გარემო ვერ შეიქმნება და მხოლოდ საკითხთა ნაწილის გადაწყვეტით ვერ დადგება მთლიანად სამართლიანი შედეგი. აი, ამ თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებები ნამდვილად არ იძლევა პასუხს არც ერთ არსებით საკითხზე, რომლებიც იყო დასმული განხილვის პროცესში.”

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ „რვიანის“ პოზიცია მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება და სწორედ მაშინ გამოჩნდება, შეძლებს თუ არა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ერთიანი პოზიციის შემუშავებას. ამ ეტაპზე ”რვიანში” უარყოფენ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას გაერთიანების შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით. ”ბოლო დღეების აჟიოტაჟის მიუხედავად, „რვიანი“ მოქმედებს შეთანხმებული სქემით და გრაფიკით ”, - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 24 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ.

გავიხსენოთ, რომ როცა 3-პუნქტიანი გეგმა ოპოზიციურ ”რვიანს” გაუგზავნა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ისიც მიანიშნა, რომ მმართველი პარტიის შეთავაზებები გადახედვას არ ექვემდებარება:
ეს ხომ არ არის სწორედ ულტიმატუმი, რომლის წაყენებასაც ჩვენ წამდაუწუმ გვაბრალებდნენ?..

”თუ შეთავაზებები მათთვის მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, როდესაც ვერ ვთანხმდებით პოლიტიკურ პარტიებთან, რაიმე სხვა გადაწყვეტილებებზე საუბარი ზედმეტია...”

მმართველი პარტიის ამგვარ დამოკიდებულების საპასუხოდ რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე სვამს შეკითხვას: ”ეს ხომ არ არის სწორედ ულტიმატუმი, რომლის წაყენებასაც ჩვენ წამდაუწუმ გვაბრალებდნენ?”

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ”რვიანის” კონკრეტულ პასუხებს ორშაბათისთვის, 27 ივნისისთვის, ელოდება. ახლებური ”ინდივიდუალური კონსულტაციების” ფარგლებში მმართველი პარტია ”ახალი მემარჯვენეების” გარდა, ოპოზიციური ”რვიანის” სხვა არც ერთ პარტიასთან არ აპირებს შეხვედრას. ბოლო პერიოდში გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, პრაქტიკულად აღარ არსებობს შანსი, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციური ”რვიანის” მოლაპარაკებები ძველი ფორმატით აღდგეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG