Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრუზია“ თუ „ჯორჯია“


საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მთელ რიგ ქვეყნებს საქართველოს აღმნიშვნელ სახელად „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯია“ გამოიყენონ. პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს საგარეო უწყების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, სამხრეთ კორეაა. რას ეფუძნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნა და რატომ არ ჩქარობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები „გრუზიას“ „ჯორჯიათი“ ჩანაცვლებას?

საქართველოს აღმნიშვნელი სიტყვა რუსულად „გრუზიაა“, ქართველისა კი - „გრუზინ“, თუმცა, რუსეთის გარდა, საქართველო ასევე „გრუზიაა“ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამის ძირითადი მიზეზი რუსეთის გავლენაა. ასე ფიქრობს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაურიც:
ნუგზარ წიკლაური

„დასავლურ სამყაროში საქართველო დამკვიდრებულია „ჯორჯიას“ სახელით, ხოლო „გრუზია“ გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში და რაღაცნაირად ასოცირებულია საქართველოს ყოფნასთან რუსეთის იმპერიაში მთელი 200 წლის განმავლობაში. სწორედ რუსეთის მხრიდან გავრცელდა საქართველოს სახელი „გრუზია“ ამ ქვეყნებში.“

გრუზია, ჯორჯია, გეორგია, გურჯისტან და ასე შემდეგ - საქართველოს აღმნიშვნელი ეს სიტყვები ბოლო დრომდე, ვიდრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა, ერთმანეთისგან არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა ვითარება შეიცვალა დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იაპონიაში სტუმრობისას უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს „გრუზიათი“ მოხსენიების გამო. იაპონიამ არა, მაგრამ ქართველი მინისტრის გულისტკივილი გულთან ახლოს მიიტანა სამხრეთ კორეის მთავრობამ, რომლის გადაწყვეტილების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ კორეა ჯერ მხოლოდ პირველი მერცხალია:
თვითონ ტერმინი „გრუზია“ წარმოშობილია სირიულიდან. „გურზანი“ ერქვა ქართლის სამეფოს, აქედან არის „გურზია“ და შემდგომში „გრუზია“...

„უნდა გავაგრძელოთ განსაკუთრებული ძალისხმევა და ყველა სახელმწიფო, საბოლოო ჯამში, მივიყვანოთ იქამდე, რომ საქართველოს ძველი სახელწოდება ამოღებულ და ჩანაცვლებულ იქნეს თანამედროვე სახელწოდება ”ჯორჯიათი.“

მაინც როგორ წარმოიშვა საქართველოს აღმნიშვნელი სიტყვა „გრუზია“ და რატომ დამკვიდრდა ეს სიტყვა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში? აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი განმარტავს:

„თვითონ ტერმინი „გრუზია“ წარმოშობილია სირიულიდან. „გურზანი“ ერქვა ქართლის სამეფოს, აქედან არის „გურზია“ და შემდგომში „გრუზია“. ეს ძველისძველი ტერმინია. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ცხადია, რუსეთის გავლენას განიცდიდა. პოლონეთი საერთოდ რუსეთის შემადგენლობაში იყო და, ცხადია, მისთვის „გრუზია“ იქნებოდა. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთამდე დამოუკიდებლად იცნობდნენ საქართველოს, გაჩნდა ინგლისურად „ჯორჯია“, გერმანულად „გეორგია“ და ასე შემდეგ.“

დავით მუსხელიშვილს რადიო თავისუფლებამ საქართველოს აღმნიშვნელი სიტყვის „გრუზიას“ „ჯორჯიათი“ ჩანაცვლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ჰკითხა.

დავით მუსხელიშვილი: „ვერ გეტყვით რა აზრი აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ისე სასაცილო რაღაცაა: რა მნიშვნელობა აქვს პოლონელი „ჯორჯიას“ დაგიძახებს თუ „გრუზიას...”
პოლონურ ენაში დამკვიდრებული „გრუზია“ და მასთან დაკავშირებული სიტყვები - ეს იქნება ზედსართავი სახელები თუ სხვა ლინგვისტური მასალა...

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს დასახელების შეცვლას ართულებს, მართლაც ამერიკის შტატ ჯორჯიას უკავშირდება, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია. საქართველოში პოლონეთის საელჩოს თანამშრომელი მაგდა ნოვაკოვსკა ამბობს, რომ პოლონეთის მთავრობას ჯერჯერობით არა აქვს ჩამოყალიბებული აზრი საქართველოს საგარეო უწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მაინც რა ართულებს გადაწყვეტილების მიღებას?

„პოლონურ ენაში ძალიანაა დამკვიდრებული „გრუზია“ და მასთან დაკავშირებული სიტყვები - ეს იქნება ზედსართავი სახელები თუ სხვა ლინგვისტური მასალა. ეს მოხდა იმის გამო, რომ უკანასკნელი სამი საუკუნის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტები გვქონდა საქართველოსთან და აქედან გაჩნდა მხატვრული, ისტორიული, დოკუმენტური ტექსტები, სახელმძღვანელოები, რომლებშიც ტერმინი „გრუზიაა“ გამოყენებული. ამიტომ, ვფიქრობ, მისი ჩანაცვლება რთული იქნება“, - უთხრა მაგდა ნოვაკოვსკამ რადიო თავისუფლებას.
დავით ზურაბიშვილი

ის, რომ „გრუზიას“ „ჯორჯიათი“ შეცვლა რთულია, კარგად იციან საქართველოს ხელისუფლებაშიც, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია და, როგორც ნინო კალანდაძე ამბობს, საგარეო უწყება მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევას, თუმცა ამ ძალისხმევის პროდუქტიულობაში ეჭვი ეპარება ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლიტერატორ დავით ზურაბიშვილს, რომლის თქმითაც, ქვეყნის საგარეო უწყება სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული:

„ჩვეულებრივი ამბავია: ყველა ქვეყანას სხვადასხვა სახელს უძახიან სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც ტრადიციების გამო. ამაზე ყურადღების გამახვილება და ამის გასაღება საბჭოთა მემკვიდრეობის მავნე გადმონაშთად ძალიან სასაცილოა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პირადი ახირებაა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG