Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოსა და ხელისუფლების კომპრომისი


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა რელიგიური ორგანიზციების სტატუსტან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელა. სხდომის დასრულების შემდეგ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ მიღებულია კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება როგორც მთლიანად ქვეყანას, ასევე ეკლესიას. სინოდი მიმართავს ხელისუფლებას: ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან. ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. წმინდა სინოდის სხდომის პარალელურად საპატრიარქოს წინ შეკრებილი იყო რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებასა და ბიომეტრიული პასპორტების შემოღებას აპროტესტებდნენ.
უშუალოდ კანონს არ ვიცნობთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარი პატრიარქის სიტყვაა...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს საპატრიარქოს გულისწყრომა და მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები გამოიწვია. სინოდის სხდომის დასრულებასაც საპატრიარქოს შენობის წინ შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა.

ქალი: „უშუალოდ კანონს არ ვიცნობთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარი პატრიარქის სიტყვაა. ჩვენ მორჩილებაში ვართ და ამის გამო ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით.“

დათმობა არ ყოფილა, არც გარანტიები მოუციათ, მაგრამ კანონი განმარტეს... რა თქმა უნდა, ყველას თავისი უფლებები უნდა ჰქონდეს - როგორც სამოციქულო ეკლესიას, ასევე სხვა კონფესიებს...
კაცი: „ეს კანონი გამოიწვევს ეკლესიის უფლებების დაკნინებას, რაც ჩემში დიდ პროტესტსა და აგრესიას იწვევს.“

ქალი: „ჩემს ერს უყვარს ზედმეტი სტუმართმოყვარეობა, ყველას კარს ვუღებთ. ასე გავუღეთ კარი რუსებს, სომხებს და ახლა ეკლესიის კარს ვტოვებთ ღიად და ვისაც უნდა, შემოვა. როგორც სინოდი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით.“

სინოდის გადაწყვეტილება შეკრებილებს საპატრიარქოდან გამოსულმა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა გააცნო:

„ორმხრივად კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ, შეთანხმებულად... ეს გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს ქვეყანას მომავალში და წაადგება ეკლესიასაც. დათმობა არ ყოფილა, არც გარანტიები მოუციათ, მაგრამ კანონი განმარტეს... რა თქმა უნდა, ყველას თავისი უფლებები უნდა ჰქონდეს - როგორც სამოციქულო ეკლესიას, ასევე სხვა კონფესიებს.“

სინოდის სხდომაში ასევე მონაწილეობდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე, რომელმაც საპატრიარქოს შენობის დატოვებისას განაცხადა: წმინდა სინოდს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევა. მთავარეპისკოპოს სერაფიმეს თქმითვე, საპატრიარქოში მისული იყო კანონის ერთ-ერთი ავტორი, ლაშა თორდია, რომელსაც განუმარტავს სინოდის წევრებისათვის, რომ ცვლილებების შედეგად სხვა რელიგიური გაერთიანებები ვერ გაუთანაბრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას. სინოდის წევრთა კომენტარებიდან ირკვევა, რომ საპატრიარქო აღარ ითხოვს დაჟინებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების გაუქმებას, რისთვისაც, სამართლის დოქტორ ვახტანგ ხმალაძის თქმით, ხანგრძლივი პროცედურა იქნებოდა გასავლელი. კერძოდ, ერთადერთი შესაძლებლობაა კანონის გაუქმება. ანუ უნდა იქნეს მიღებული კანონი სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც მიიღებენ სამი მოსმენით და, ბოლოს, პრეზიდენტი დაამტკიცებს.

ინტეგრაცია რომ გვინდა ევროკავშირში, ყველა რელიგიურ ორგანიზაციასა და დენომინაციას უნდა ჰქონდეს სტატუსი...
თუმცა, როგორც ჩანს, ამგვარი პროცედურის გავლის აუცილებლობა აღარ არსებობს. ფილოსოფოსი გია ნოდია კი ამბობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებით ხელისუფლება უმძიმეს შეცდომას დაუშვებდა:

„გაუქმება იქნებოდა გაცილებით უარესი, ვიდრე თავიდან არმიღება, რადგანაც ეს იქნებოდა, ფაქტობრივად, აღიარება იმის, რომ ეკლესია არის რელიგიის სამინისტრო და ეკლესია რასაც იტყვის რელიგიის საკითხებზე (არამხოლოდ საკუთარ პროლემაზე), ისე უნდა იყოს.“

გია ნოდიას თქმით, რელიგიური ორგანიზაციებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობის მიცემა რეალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არაფერს ცვლის. კონკორდატის - სახელმწიფოსთან გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების - გამო, ის კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნება. სტატუსის ამაღლებით მიღებულ სარგებელს ეჭვის თვალით უყურებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აკპეროვიც:

„ინტეგრაცია რომ გვინდა ევროკავშირში, ყველა რელიგიურ ორგანიზაციასა და დენომინაციას უნდა ჰქონდეს სტატუსი. ეს გვაქვს და აწი იქადაგეთ მეჩეთში, ეკლესიაში... ძალიან ნამეტანი პოლიტიკანობაც არ ვარგა.“

პარლამენტმა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის 5 ივლისს შეიტანა. კათალიკოს-პატრიარქის მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო არ დაადო, რითაც საპატრიარქოს წარმომადგენლების გულისწყრომა დაიმსახურა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG