Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში მომხდარ თავდასხმებს 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში პარასკევს მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა, იტყობინება ნორვეგიის პოლიცია. უკანასკნელი მონაცემებით, 85 ადამიანი ცეცხლასროლი იარაღით მოკლა თავდამსხმელმა, რომელმაც იერიში მიიტანა მმართველი მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე შვიდი ადამიანი იქნა მოკლული ოსლოს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. პოლიცია ვარაუდობს, რომ ორივე თავდასხმა ერთმა პირმა ბოროტმოქმედმა განახორციელა. ნორვეგიის მედიის თანახმად, ეჭვმიტანილია ვინმე ანდერს ბერინგ ბრეივიკი, მაგრამ პოლიციამ უარი განაცხადა, დაედასტურებინა მისი ვინაობა. პოლიციის თანახმად, დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელიც, როგორც ჩანს, მემარჯვენე ექსტრემისტული მიმართულების ქრისტიანი ფუნდამენტალისტია. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის თქმით, „ეს ნორვეგიაში ძალადობის ყველაზე დიდი აქტი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.“ ნორვეგიის მუშათა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ესკილ პედერსენმა განაცხადა, რომ საზაფხულო ბანაკი განაგრძობს მუშაობას: „ჩვენ დავკარგეთ ბევრი უახლოესი მეგობარი, ჩვენი ორგანიზაციის ბევრი შესანიშნავი აქტივისტი. მართალია, მკვლელმა მათ სიცოცხლე წაართვა, მაგრამ ის ვერ წაგვართმევს იმას, რისიც მათ სწამდათ, რისკენაც ისწრაფვოდნენ. მათ სწამდათ შემწყნარებლობა, ისინი რასიზმს ეწინააღმდგებოდნენ.“
XS
SM
MD
LG