Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა კოსოვოში


კოსოვო: KFOR-ის ჯარისკაცები ამოწმებენ კოსოვოში სერბიიდან მიმავალ ავტომანქანას
კოსოვო: KFOR-ის ჯარისკაცები ამოწმებენ კოსოვოში სერბიიდან მიმავალ ავტომანქანას
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომაზე განიხილავს ვითარებას კოსოვოში, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და ადგილობრივ ეთნიკურ სერბებს შორის. სხდომა სერბიის თხოვნით იმართება.

გაეროს შტაბ-ბინაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა კოსოვოში შექმნილ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად. ამ საკითხზე კონსულტაციები საჭიროდ ჩაითვალა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრმა ეთნიკურმა სერბებმა ოთხშაბათს საღამოს იერიში მიიტანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სერბიის საზღვართან.

50-მდე შენიღბულმა სერბმა ბულდოზერი გამოიყენა იარინიეს საკონტროლო-გამშვები პუნქტის, „პირველ ჭიშკრად“ წოდებული ობიექტის დასანგრევად და „მოლოტოვის კოქტეილები“ - შენობებისთვის ცეცხლის წასაკიდებლად. ინციდენტის დროს სროლის ხმაც ისმოდა. როგორც კოსოვოში ნატოს სარდლობით მოქმედი სამშვიდობო ძალების, KFOR-ის წევრები ამბობენ ადგილზე მისვლის შემდეგ, სროლა მათ წინააღმდეგაც იყო მიმართული.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ ბელგრადს, სერბიის მთავრობას დააკისრა პასუხისმგებლობა. „ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, სერბიის პარალელური სტრუქტურების ლიდერთა ხელმძღვანელობითა და ბელგრადის ხელისუფლების წაქეზებით იერიში მიიტანა ჯერ სასაზღვრო პოსტ ნომერ ერთზე და შემდეგ სასაზღვრო პოსტ ნომერ 31-ზე. ეს ძალადობრივი აქტები განხორციელდა სერბიის უმაღლესი პოლიტიკური სტრუქტურების დავალებით, კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით“, განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა.

არადა, ბელგრადის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თვითონაც დაგმეს ძალადობა. სერბიის მთავრობის წევრმა, კოსოვოს საკითხთა მინისტრმა გორან ბოგდანოვიჩმა თავდასხმას უწოდა „ექსტრემისტებისა და კრიმინალური ჯგუფების“ მიერ მოწყობილი აქტი. აი, რა თქვა მან ოთხშაბათის თავდასხმის დროს დანგრეული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მონახულებისას: „ის, რაც აქ დღეს საღამოს მოხდა, დაგმობას იმსახურებს. ამაო გამოდგა მთელი ძალისხმევა, რომელსაც ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში მივმართავდით. ეს არის აქტი, რომელიც ექსტრემისტებმა და კრიმინალურმა ჯგუფებმა მოაწყეს. ეს არ მოუმოქმედებია ლეპოსავიჩის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხალხს, ან კოსოვოსა და მეტოჰიის მკვიდრთ. ეს არ უწყობს ხელს მშვიდობასა და სტაბილურობას კოსოვოსა და მეტოჰიაში. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი უფლებებისათვის ბრძოლას და ყველა ღონეს ვიხმართ აქ კანონიერებისა და წესრიგის აღსადგენად“.

ბოგდანოვიჩის გარდა, თავდასხმა გააკრიტიკა კოსოვოს შესახებ მოლაპარაკებებზე სერბიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბორკო სტეფანოვიჩმაც. „ეს ძალადობრივი აქტი - აქტი, რომელიც კრიმინალურმა ელემენტებმა და ექსტრემისტებმა ჩაიდინეს - წარმოადგენს აშკარა მცდელობას, რომ ძირი გამოეთხაროს პროცესს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და (ძირი გამოეთხაროს) ყველა ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვნად აუარესებს ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოჰიის მკვიდრი სერბების პოზიციას და არ უწყობს ხელს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა ბოლო დღეებში“, განაცხადა სერბიის მთავრობის წევრმა.

ბოლო დღეების დაძაბულობა გამოიწვია ეთნიკური ალბანელების პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთის მცდელობამ, კონტროლი დაემყარებინა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სერბიის საზღვართან.

კოსოვოს ეთნიკურ ალბანელთა მთავრობას, 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აქამდე არ გაუკონტროლებია ეს პოსტები. და აი, გაკონტროლების მცდელობას - ორშაბათს საგანგებო პოლიციის განთავსებას, რის მიზეზადაც სახელდება სერბიიდან იმპორტის აკრძალვის ამოქმედება - მოჰყვა ადგილობრივი ეთნიკური სერბების მწვავე რეაქცია. ჩრდილოეთ კოსოვოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ ეთნიკური სერბები შეადგენენ, მათი რიცხვი 60 000-ს აღწევს. პირველი დაპირისპირების დროს ეთნიკური ალბანელი პოლიციელი დაიღუპა. ხოლო ოთხშაბათს სასაზღვრო პოსტის დანგრევისა და გადაწვის შემდეგ, ნატოს სამშვიდობო ძალები დადგნენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ჩრდილოეთ კოსოვოსა და სერბიის საზღვარზე. ძალადობის ეპიცენტრი - იარინიეს პოსტი დახურულია.
XS
SM
MD
LG