Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე ევროპელებისგან დაკვირვების შეწყვეტას მოითხოვს


მერაბ ჩიგოევი
მერაბ ჩიგოევი
ოსური მხარე ევროპელ მონიტორებს დაკვირვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დვანის შეხვედრიდან ცხინვალში დაბრუნებულმა დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ოსურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი განცხადებით, ევროპელი მონიტორები სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებით დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამართალდამცავ და სასაზღვრო ობიექტებს აკვირდებიან. ჩიგოევის თქმით, 34 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს. მან ეს მოთხოვნა დვანის შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან ანდჟეი ტიშკევიჩთან დააყენა. გარდა ამისა, ჩიგოევმა აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დე ფაქტო რესპუბლიკის საჰაერო სივრცე მუდმივად ირღვევა და მათი ჩამოგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს.

ოსური მხარე ბოლო შეხვედრებზე ევროპელი მეთვალყურეებისგან დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის დაკვირვების შეწყვეტას მოითხოვს. წინა შეხვედრების დროს ოსურ დელეგაციას ევროპელებმა განუმარტეს, რომ მათ მანდატში სწორედ დაკვირვება შედის და ამაში საგანგაშო არაფერია. მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმა კი განაცხადა, რომ იგი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გასაფართოებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს კონფლიქტის მხარეებთან, რათა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება შესრულდეს და მონიტორებს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის უფლებაც მიეცეთ.

მხარეებს შორის გადაუჭრელ პრობლემად რჩება დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი. ოსურმა მხარემ დვანის ბოლო შეხვედრაზე ისევ მოითხოვა ორივე მხარეს ყველა დაკავებულის გათავისუფლება. არადა, წინასწარ მიღწეული შეთანხმებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საზღვრის უნებლიეთ დამრღვევთა გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს. ოსური მხარე გარკვეული დროის განმავლობაში ამ შეთანხმებას ასრულებდა, მაგრამ ახლა 12 დაკავებული ქართველის სანაცვლოდ საქართველოს ციხეებში მყოფი 25 ოსი ეროვნების მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს. ეს მოქალაქეები აგვისტოს ომამდე დააპატიმრეს და ზოგიერთი მათგანი ტერორიზმის მუხლითაა გასამართლებული. გაცვლის პრინციპს „ყველა-ყველაზე“ ქართული მხარე არ ეთანხმება, მოლაპარაკება კი ჩიხში შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ მიმართულებით პროგრესი ვერ იქნება.

დაკავებულთა გათავისუფლება პოლიტიკურ საკითხად იქცა. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერორისტებში მშვიდობიან მოქალაქეებს არ გაცვლის, ოსური მხარე კი კვლავ დაჟინებით ითხოვს ყველა დაკავებულის გათავისუფლებას. დვანის შეხვედრის ბოლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ მწყემსის და დანაშაულის ჩამდენი პირის ერთმანეთთან გათანაბრება არ შეიძლება და მან დაკავებულთა ერთგვარი კლასიფიკაციის იდეა წამოაყენა. მისი აზრით, დაკავებულების საკითხი ფართო პრობლემაა და ამ მიმართულებით მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თაობაზე ბოლო შეხვედრა დვანში 28 ივლისს გაიმართა.
XS
SM
MD
LG