სირიის მმართველ რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო. სირიის სამთავრობო ჯარებმა დღეს ზედიზედ მეორე დღეს დაუშინეს ჭურვები ქალაქ ჰამას, რის შედეგადაც დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი. გასული კვირის მიწურულს კი სირიის რამდენიმე ქალაქში, აქტივისტების ინფორმაციით, 140-მდე ადამიანი იქნა მოკლული. ამ სისხლისღვრასთან დაკავშირებით, გერმანია მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, ძალადობის დამგმობ რეზოლუციაზე მოსალაპარაკებლად. სირიიდან გავრცელებული ინფორმაციის გამო შეშფოთება გამოთქვა თურქეთის საგარეო უწყებამ. ანკარის განცხადებით, ის მთელს ისლამურ სამყაროსთან ერთად არის „იმედგაცრუებული“ მოვლენების ასეთი განვითარებით უშუალოდ რამადანის დაწყებამდე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, „ასეთი დასაწყისი რამადანისა, როცა დაპირებული რეფორმების განხორციელებას მოველით, მიუღებელია. ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას. ყველას გვსურს, ბოლო მოეღოს სამხედრო ოპერაციებს რამადანის წმინდა თვეში და ყველას გვსურს მშვიდობიანი მომავალი სირიელებისათვის“. სირიაში ძალადობის გამო მკაცრი კრიტიკა გამოთქვეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმაც.
ყველაზე პოპულარული
1