Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგაუზიის ავტონომია კიშინიოვთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს


მიმდინარე წელს მოლდავეთის გაგაუზიის ავტონომიის ბოლოკურსელი სტუდენტების 10-მა პროცენტმა ვერ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები რუმინულ ენასა და ლიტერატურაში. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რაც მშობლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს და კიდევ ერთხელ ააშკარავებს დაძაბულობას თურქულ - მეტწილად, რუსულენოვან - უმცირესობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
სახელმწიფო ენა ყველა ქვეყანაში არსებობს. მისი ცოდნის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის წარმოჩენა ანდა რაიმეს მიღწევა ამ ქვეყანაში...

რუმინულ ენაში ჩაჭრილი სტუდენტების მშობლებმა მრისხანე ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც „ნაციონალისტები“ დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ შვილებს მომავალი წაერთვათ და იძულებულნი გახდნენ „რეზერვაციაში“ იცხოვრონ. გაგაუზიის რეგიონის ხელმძღვანელმა, მიხაილ ფორმუზალმა, მშობლების დელეგაცია დედაქალაქში წაიყვანა და განათლების მინისტრთან უშუამდგომლა, რომ კოლეჯის ჩაჭრილ სტუდენტებს საგნის გადაბარების შესაძლებლობა მიეცეთ.

განათლების მინისტრი მიხაილ შლეახტიცკი აცხადებს, რომ რუმინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ერთიანობისათვის:

„სახელმწიფო ენა ყველა ქვეყანაში არსებობს. მისი ცოდნის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის წარმოჩენა ანდა რაიმეს მიღწევა ამ ქვეყანაში, რადგან იმისათვის, რომ სხვა ქვეყანაში მიაღწიო რამეს, საჭიროა ჯერ საკუთარ ქვეყანაში წარმოადგენდე რამეს.“

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაგაუზიაში რუმინული ენისა და ლიტერატურის შესწავლის გასაუმჯობესებლად „კომპლექსურ პროგრამას“ შეიმუშავებს. თუმცა პრობლემის კომპლექსური მოგვარება არცთუ იოლი საქმე ჩანს, გაგაუზიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

გაგაუზია მოლდავეთის სამხრეთში მდებარე ღარიბი, მეტწილად აგრარული რეგიონია, სადაც დაახლოებით 160 000 კაცი ცხოვრობს. გაგაუზები, რომლებიც ეთნიკურად თურქებს განეკუთვნებიან, რეგიონში 10 საუკუნეა ცხოვრობენ. ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენებია გაგაუზური, რუსული და რუმინული, თუმცა უმრავლესობას რუსულ ენაზე მოლაპარაკე მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ. ადგილობრივ სკოლებში სწავლება რუსულ ენაზეა და რეგიონში ყოველთვის წინააღმდეგობა ხვდებოდა რუმინულ ენას, რომელსაც გაგაუზები „მოლდავურს“ უწოდებენ.
მე აქ ვმუშაობ და რომ არ მემუშავა, მაშინ რუმინული არც მე მეცოდინებოდა...

30 წლის ვიქტორ ფურმანი გაგაუზია. იგი კიშინიოვში ცხოვრობს და მუშაობს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, რუმინული ენა მან დედაქალაქში შეისწავლა:

„იქ ძირითადად რუსული სკოლებია. არ ვიცი, რატომ არ იციან რუმინული. უბრალოდ, მე აქ ვმუშაობ და რომ არ მემუშავა, მაშინ რუმინული არც მე მეცოდინებოდა.“

გაგაუზიის ისტორია მკვეთრად განსხვავდება მოლდავეთის კიდევ ერთი ავტონომიის - დნესტრისპირეთისაგან, რომელმაც ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი სეპარატისტული ომის შედეგად ფორმალურად მოიპოვა დამოუკიდებლობა კიშინიოვისაგან. დნესტრისპირეთის საპირისპიროდ, გაგაუზიამ მოიპოვა ავტონომია, რომელიც რეგიონს ექსკლუზიურ უფლებას აძლევს თავად განსაზღვროს განათლების, კულტურის, ბიუჯეტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები. გარდა იმისა, რომ გაგაუზიას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, რომელიც მის რეგიონში წარმოებული ღვინის ძირითადი მომხმარებელია, ავტონომიას კავშირები თურქეთთანაც აქვს. 1991 წლიდან მოყოლებული, თურქეთის საელჩო და თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო ავტონომიურ რეგიონს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევენ.
პრობლემა ისაა, რომ ენისა და ლიტერატურის ძალიან ბევრ სპეციალისტს არ სურს მუშაობა კონკრეტული პრობლემების გამო. ეს უფრო რთულია, ვიდრე რუმინული ენისა და ლიტერატურის სწავლება....

მიუხედავად ცენტრისა და გაგაუზიის რეგიონის მშვიდი ურთიერთობისა, ავტონომია ერთ-ერთი დაბალგანვითარებული მხარეა. გარდა ამისა, არსებობს რუმინულ ენასა და ლიტერატურასთან შეუთავსებლობის პრობლემა, რამაც კიდევ ერთხელ იჩინა თავი ამასწინანდელ სახელმწიფო გამოცდებზე, როდესაც კოლეჯის კურსდამთავრებულთა ათმა პროცენტმა ვერ ჩააბარა გამოცდები სახელმწიფო ენასა და ლიტერატურაში. აი, რას ამბობს მოლდავეთის განათლების მინისტრი მიხაილ შლეახტიცკი:

„პრობლემა ისაა, რომ ენისა და ლიტერატურის ძალიან ბევრ სპეციალისტს არ სურს მუშაობა კონკრეტული პრობლემების გამო. ეს უფრო რთულია, ვიდრე რუმინული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ეს არის სულ სხვა სოციალური სფერო, სხვა კულტურულ-ლინგვისტური სფერო და წინააღმდეგობა ამ სფეროში რუმინულ ენასა და ლიტერატურასთან ძალიან დიდია. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გაგაუზიაში ენა უნდა შეასწავლო, საჭიროა ასევე ყოველდღიურად შეამცირო ეს წინააღმდეგობა, რაც დამატებითი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ხელფასი კი იგივე რჩება.“

გაგაუზიის ავტონომიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიხაილ შლეახტიცკიმ უარი თქვა ნება მიეცა სტუდენტებისათვის ხელმეორედ გადაებარებინათ გამოცდა, თუმცა დათანხმდა, მიეცა სასწავლებლის დამთავრების სპეციალური დიპლომები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ დიპლომის მფლობელმა ვერ ჩააბარა რუმინული ენისა და ლიტერატურის სახელმწიფო გამოცდა.

გაგაუზიის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია 92 სტუდენტზე, რომელთა უმრავლესობაც დათანხმდა სწავლა ისეთ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს, სადაც გაძლიერებულად ისწავლება რუსული და თურქული. თუ შემდგომშიც ასე გაგრძელდა, სპეციალისტების ვარაუდით, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს დანარჩენი მოლდავეთისაგან გაგაუზიის გამოყოფის პროცესი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG