Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე უნდა ილაპარაკონ რუსეთმა და საქართველომ


რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავზე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი (International Crisis Group) აქვეყნებს ახალ ანგარიშს, სათაურით ”ვისწავლოთ თანამეზობლური ცხოვრება” და ორ ქვეყანას საერთო ინტერესებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო არასამთავრობო ანალიტიკური ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მეზობლებს შორის დიალოგი შესაძლებელია იმ რთული ვითარების მიუხედავადაც, რაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არის შექმნილი. რა მდგომარეობაა ამჟამად და რამდენად სასურველი და შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური დიალოგის აღდგენა სინამდვილეში?

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ, როდესაც რუსეთსა და საქართველოს დიალოგის დაწყების რეკომენდაციით მიმართავს, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი პარალელურად მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მან გააგრძელოს ზეწოლა მოსკოვზე. ამ ზეწოლის შედეგად: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი არმია 2008 წლის კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, ხელი უნდა შეუწყოს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს და უნდა შეუშვას ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაციის გაცვლა უსაფრთხოების ძალების მასშტაბისა და მათი გადაადგილების შესახებ ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციების მიხედვით, იმისათვის, რომ დიალოგის დასაწყებად აუცილებელი ნდობა აღდგეს, რუსეთმა და საქართველომ თავი უნდა დაანებონ ერთმანეთის დადანაშაულებას ტერორიზმსა და ტერორისტებთან კავშირში და უნდა ჩაერთონ ამ მიმართულებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესებში.

მთავარი პრობლემა, რატომაც კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი წერს მოხსენებას, არის ის, რომ კრიზისია უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში...
რაც შეეხება უშუალოდ დიალოგს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის სამეზობლო ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციით, ეს დიალოგი უნდა იყოს უპირობო და პირდაპირი, თუმცა ზოგ შემთხვევაში დიალოგის წარმართვა შესაძლებელია ორივე მხარისთვის მისაღები შუამავლის დახმარებით.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ევროპული პროგრამის ხელმძღვანელი საბინ ფრეიზერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ დიალოგის პროცესს სხვა გასაღები უნდა მოერგოს, რადგანაც ისეთი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის, მაგალითად, დევნილების დაბრუნება თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა, ძალიან ძნელი იქნება ახლო მომავალში:

”ამიტომ ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ, ამგვარი თემების ნაცვლად, დიალოგის კონცენტრირება მოხდეს უფრო ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, ტექნიკური ხასიათის იქნებოდა ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების თავისუფლების საკითხი, რათა ეთნიკურ ქართველებს გაუადვილდეთ, მაგალითად, გალში ან ახალგორში ჩასვლა. ეს არის დევნილების დაბრუნების საკითხის მხოლოდ ერთი ელემენტი, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელზეც მათ შეუძლიათ ილაპარაკონ.”

რუსულ-ქართული მოლაპარაკებების რესურსს კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი ისეთ სექტორებში ხედავს, როგორიც არის, მაგალითად, იგივე ტრანსპორტი, ვაჭრობა თუ უსაფრთხოება.

თუმცა, სწორედ უსაფრთხოების საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, რუსეთისა და საქართველოს მთავრობათა წარმომადგენლებს შორის საუბარს უპერსპექტივოდ მიიჩნევს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია:

”არ მგონია, რომ, მაგალითად, ეკონომიკური თემებით გარღვევა მოხდეს პოლიტიკურ ჭრილში. მთავარი პრობლემა, რატომაც კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი წერს მოხსენებას, არის ის, რომ კრიზისია უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში. ანუ, ფაქტობრივად, არის ახალი ომის საფრთხე. შეიძლება ეს ყოველდღიური საფრთხე არ იყოს, მაგრამ ეს აჩრდილი რაღაცნაირად არსებობს და ვიწრო ეკონომიკურ თემებზე საუბრით ეს აჩრდილი ვერ მოიხსნება.”

მაშინ, როცა საქართველომ და, მათ შორის, უშუალოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს უპირობო დიალოგის დაწყება არაერთხელ შესთავაზა, კრემლის ლიდერები უარს ამბობენ დიალოგზე საქართველოს პრეზიდენტთან და ეს რუსეთისა და საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში 4 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. თუმცა მან თქვა, რომ თანახმაა დიალოგის დაწყებაზე საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და 8 აგვისტოს იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მხარეებმა დიალოგის დასაწყებად უნდა გამოიყენონ ყველა შანსი და, მათ შორის, ამგვარი შემოთავაზებებიც.

მართალია, ძალიან ეეჭვება, რომ ან რუსეთის, ან საქართველოს უმაღლეს პირებს დიალოგის დაწყების რეალური სურვილი ამოძრავებდეთ, მაგრამ, გია ნოდიასგან განსხვავებით, ორი ქვეყნის მთავრობათა სხვადასხვა დონეზე არაპოლიტიკური ხასიათის დიალოგის დაწყებას მაინც პერსპექტიულად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი. მეტიც, ის თვლის, რომ ამგვარი პროცესი უკვე მიმდინარეობს:

”სხვათა შორის, ამის პრეცედენტი გვაქვს - მაგალითად, რუსული კომპანიები, რომლებიც აქ დღეს სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ, სხვანაირად ვერ შემოვიდოდნენ საქართველოში. რაღაცა დონეზე მოლაპარაკება მაინც მიდის.”

რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე გარკვეული მოლაპარაკებების კვალს ეკონომიკის სფეროს ექსპერტებიც შენიშნავენ და მიიჩნევენ, რომ სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა რუსული სახელმწიფო კაპიტალის მასშტაბური შემოდინება საქართველოში - განსაკუთრებით ენერგეტიკისა თუ საბანკო სექტორებში.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ინფორმაციით, პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, რუსულ-ქართულ მხარეებს შორის ბოლო პერიოდში ხელი მოეწერა არაერთ კონტრაქტს, რომლებმაც რუსული კომპანიებისთვის, მაგალითად, ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე აღდგა პირდაპირი ავიაფრენა რუსეთსა და საქართველოს შორის.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, შუამავალთა დახმარებით, რუსეთი და საქართველო ამ ეტაპზე ორ სხვადასხვა პროცესში არიან ჩართული. საუბარია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გარშემო. თუმცა ამ ეტაპისთვის პირველი პროცესი 16, ხოლო მეორე 4 უშედეგო რაუნდს ითვლის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG