Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენითი სამუშაოებით უკმაყოფილოა


დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუსი მშენებლების საქმიანობით უკმაყოფილოა. მან პრეტენზიებით მიმართა რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილეს სერგეი ვერეშაგინს, რომელიც ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

თვე ისე არ გავა, რომ ცხინვალს კრემლიდან რომელიმე მოხელე არ ესტუმროს და დე ფაქტო რესპუბლიკაში აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობით არ დაინტერესდეს, მაგრამ ეს ვიზიტები ვერც სამუშაოების ტემპს აჩქარებს და ვერც ხარისხს ზრდის. ცოტა ხნის წინ ცხინვალში რეგიონალური განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინიც იმყოფებოდა. მისი შენიშვნების მიუხედავად, საქმე წინ არ წასულა. ცხინვალი ისევ გადათხრილია, დაუსრულებელია სოციალური ობიექტების მშენებლობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები.

სამშენებლო კომპანიებს ობიექტები 1 აგვისტოს უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ზოგან სამუშაოებიც კი არ დაწყებულა. გადათხრილ ცხინვალში არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა უსაფრთხოების ტექნიკის არარსებობის გამო. ცხინვალში ჩასული რუსული სამშენებლო კომპანიები კი საკუთარ საქმეში კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ახედებენ, რაც დე ფაქტო ლიდერის გულისწყრომას იწვევს.

კოკოითიმ და ვერეშაგინმა ობიექტები დაათვალიერეს და რუსი მოხელე თავად დარწმუნდა, რომ, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან მილიარდობით რუბლის გამოყოფის მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკაში საქმე წინ ვერ მიდის. სამშენებლო კომპანიების მიმართ უკმაყოფილება არც მან დამალა და მოითხოვა ხარვეზები უახლოეს ხანებში გამოსწორდეს.

როგორც ცნობილია, ცხინვალში აღდგენით სამუშაოებს რუსული სამშენებლო კომპანიები ეგრეთ წოდებული სამხრეთის დირექციის გავლით აწარმოებენ. დაფინანსება სწორედ ამ ორგანიზაციიდან გადის. ამიტომ კოკოითი მუდმივად დაპირისპირებულია სამხრეთის დირექციასთან, რომელიც მის ხელისუფლებას არაფრად აგდებს და საკუთარ საქმიანობას არ უთანხმებს.

დე ფაქტო ლიდერმა რუს მოხელეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა, რომ სამშენებლო კომპანიები დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ იყვნენ ანგარიშვალდებულნი. აღდგენითი სამუშაოების დაწყებისას, 2008 წლის მეორე ნახევარში, დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენის სქემა სწორედ ასე იყო აწყობილი, მაგრამ კრემლმა დაინახა, რომ ცხინვალში - კოკოითის ხელისუფლებაში - მილიარდობით რუბლი იკარგებოდა. ამიტომ იქ თავის მიერ კონტროლირებული პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი გაგზავნა და სქემაც შეცვალა, რომლის მიხედვითაც ფინანსები დე ფაქტო რესპუბლიკაში შუამავალი ორგანიზაციის - სამხრეთის დირექციის - გავლით მივიდოდა. დღეს უკვე ნათელია, რომ არც ამ ნაბიჯმა გაამართლა.

რუსულ-ოსური კორუფციის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ საქმის საკეთებლად ფული აღარ რჩება და ობიექტების მშენებლობა ხშირად ჩერდება ხოლმე. კოკოითი კი ამ ვითარებით სარგებლობს, ისევ წარსულში დაბრუნებას და ფინანსების პირდაპირ მისი ხელისუფლებისთვის მიწოდებას მოითხოვს. ამ წინადადებაზე ვერეშაგინს კოკოითისთვის პასუხი არ გაუცია.
XS
SM
MD
LG