Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 27 აგვისტო, 2011


უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში ამ დღეებში ლიბიის ამბები იყო, დაიწერა ასევე დომინიკ სტროს-კანისთვის ბრალდების მოხსნაზე. ჯერ გაგაცნობთ საქართველოსთან დაკავშირებულ ერთ წერილს „ნიუ იორკ ტაიმსიდან“. 25 აგვისტოს გაზეთმა დაბეჭდა სტატია, რომელიც აფხაზეთის თემას ეძღვნება და რომელიც ასეა დასათაურებული: „სახელმწიფო არცთუ მთლად ბედნიერია რუსეთის საფარქვეშ, მაგრამ მოქმედების მეტი სივრცე სურს“.

წერილის ავტორმა იცის, რომ აფხაზეთი არ უღიარებია რუსეთის გარდა არც ერთ სხვა წამყვან ქვეყანას და რომ, ამდენად, თითქმის სრულიად რუსეთზეა დამოკიდებული მისი გადარჩენა. „ნიუ იორკ ტაიმსი“ მკითხველს ამცნობს ამ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის ყოფნის, ასევე იმის შესახებ, რომ ფინანსურად არეალი მოსკოვის შემყურეა. იქვე ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთს დღეს აფხაზეთის სანაპიროს უძრავ ქონებაზე თვალი აქვს დადგმული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც კი იქ საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს. ამის შემყურე ზოგიერთი აფხაზი შეკითხვას სვამს, თუ კიდევ რამდენ ხანს იარსებებს მათი ავტონომიურობა. გაზეთს სერგეი შამბას - დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის - სიტყვები მოჰყავს და მკითხველს აცნობს მას, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ კანდიდატს. ოდნავ ქვემოთ „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ზოგიერთებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომელი პოლიტიკოსი მიაღწევს წარმატებას, არამედ ის, ხომ არ დამარცხდა უკვე აფხაზეთი. გაზეთს მოჰყავს, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ადგილობრივი დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორის, ინალ ხაშიგის სიტყვები, ყველას ესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ჩიხიაო.

„ეს ძალიან ჰგავს საბჭოთა პატრონაჟის სისტემას. ცოტა საბჭოეთი, დემოკრატიის გარკვეულ ელემენტებთან ერთად, უფრო მეტი სუვერენიტეტის მიღწევის შესაძლებლობას არ მოგვცემს“, - უთქვამს ხაშიგს „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“. შემდეგ გაზეთი მკითხველს აცნობს კონფლიქტის ისტორიას, ესაუბრება ეკონომიკისა და საკუთრების თემებზე და, ბოლოს, მოჰყავს 40 წლის ეკონომისტის, ირმა ლოგუას სიტყვები: რუსეთის არმიის გამო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს; სამი წლის წინანდელი პრობლემები არაა მოგვარებული, მაგრამ ადრე მთელი ყურადღება საზღვარზე იყო მიმართული, ახლა შეგვიძლია ვიფიქროთ შიდა აღდგენაზეო.

სტატიას „ნიუ იორკ ტაიმსი“ ასრულებს ანქვაბის წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში შეხვედრის შესახებ პასაჟით, რომ ორსაათიანი კითხვა-პასუხის განმავლობაში არავის უკითხავს უსაფრთხოების თაობაზე რაიმე, ადამიანებს უფრო სამუშაო ადგილებისა და პენსიების საკითხები აწუხებდათ და ასევე, ჩანს, მოხეტიალე ძროხებთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული პრობლემა.

უცხოეთის პრესაში გასული კვირის მანძილზე არაერთი წერილი დაიბეჭდა ლიბიის შესახებ. „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, ლიბიელებმა საკუთარი ბედი თვითონ უნდა განსაზღვრონო. ამის უნარი, გაზეთის თანახმად, სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული, მაგრამ ქვეყანას გვერდში უნდა ამოუდგეს - დასაწყისისთვის სულ მცირე - საერთაშორისო ჯარი. დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე წამყვანი როლის თამაში ყველაზე უკეთ აშშ-ს და ევროკავშირს შეუძლიათ, მიაჩნია „ვაშინგტონ პოსტს“.

არაბული სამყაროს სხვა ქვეყანაზე - სირიაზე - წერს ესპანეთის გაზეთი „პაისი“: „მოსალოდნელია, რომ სირიის ასადის რეჟიმს კადაფის დიქტატურის მსგავსი ბედი ეწიოს და რომ რევოლუციური ტალღა, რომელმაც რეგიონი შეარყია, ახალ იმპულსს შეიძენს“.

თეირანში გამომავალი „შარღი“ წერს ლიბიაზე, რომ ნავთობიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალი ერთი კაცის, კადაფის ჯიბეში მიდიოდა. მისი ანარქისტული მიდრეკილების იდეოლოგია, რომელიც იყო არაბული ნაციონალიზმისა და ფაშისტური რევოლუციის მონაპოვრის ნაზავი, ხალხს აბნევდა. დემოკრატიას ის ხალხის ღალატს უწოდებდა. ახლა ამ კაცის ჩაძირვა არავის ადარდებს. არაბულ სამყაროში ამგვარი დამპყრობლების და მისი ლოზუნგების ადგილი აღარ არის, წერს ირანის გაზეთი.

იტალიაში გამომავალი „სტამპა“ ნატოსა და მეამბოხეების მყიფე გამარჯვებაზე წერს: ლიბიისთვის ბრძოლა ახლა დაიწყო. ამ გამარჯვების სიმყიფის მიზეზი ისაა, თუ როგორ წარმართეს ბრძოლა. ის გარედან იქნა წარმართული და ძლიერად იყო დამოკიდებული ნატოზე. ამან შეუშალა ხელი შიგნით ოპოზიციის დამოუკიდებელი პოლიტიკური მმართველობის ჩამოყალიბებას, თვლის იტალიის გაზეთი.

არაბული გაზეთი „ალ-ჰაიათი“, რომელიც ლონდონში გამოდის, იხსენებს კადაფის მსგავსი მმართველების მიმართ უცხოეთის მხარდაჭერის შემთხვევებს. პასუხისმგებელი იმაზე, რომ რეპრესიულმა და დიქტატორულმა რეჟიმებმა არაბულ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში მოახერხეს პოზიციების შენარჩუნება,დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაა, ქვეყნებისა, რომლებსაც აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია უძღოდნენ წინ. ის, რომ ამ ქვეყნებმა ახლა პოზიცია შეიცვალეს, არაბ მოსახლეობას მხოლოდ უნდა ახარებდეს, თვლის „ალ ჰაიათი“.

ორიოდე სტატია უცხოეთის პრესაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დომინიკ სტროს-კანისთვის გაუპატიურების მცდელობის საქმეში ბრალდების მოხსნასაც შეეხება. საფრანგეთის „მონდი“ამ დღეებში წერდა: ყველაფერი შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ დომინიკ სტროს-კანი საქმიდან სუფთად გამოვიდა.მომავალში მას საზოგადოებრიობის უნდობელი მზერის ატანა მოუწევს. ამდენად, არაა სადავო, რომ მისი საფრანგეთის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნება არ იქნება მსჯელობის საგანი. ნიდერლანდის გაზეთი „სტროუ“ ამავე თემას ეხება და სისხლის სამართლის საქმის განხილვის შეწყვეტაზე წერს: სიმართლის ძიების პროცესი შეჩერდა და ეს არ არის კარგი იმ შემთხვევისათვის, რომელიც აქამდე ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ახლა დაიწყება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებმა ძვირად ღირებული ადვოკატების მეშვეობით შეძლეს თავი აერიდებინათ მართლმსაჯულებისთვის, ფიქრობს ნიდერლანდში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG