Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბიზნესინტერესები კადაფის შემდგომ ლიბიაში


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
მოსკოვში შიშობენ, რომ ლიბიაში კონფლიქტის მიმართ რუსეთის მთავრობის ამბივალენტური დამოკიდებულება და თავშეკავება მოწოდებებისას, დაემხოთ კადაფის რეჟიმი, ქვეყანას მილიარდები დაუჯდება. რუსეთს ლიბიასთან არაერთი შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული და დაგეგმილი სამხედრო თუ ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც ან კადაფის მიერ იყო ხელმოწერილი ან მისი გზით იყო მიღწეული. ახლა, როცა ორი დღის წინ, რუსეთმა აღიარა გარდამავალი ეროვნული საბჭო ლიბიის მმართველად, კრემლი, ფიქრობენ ექსპერტები, ასე ვთქვათ, ზარალის გაკონტროლებას ცდილობს.

როგორც ითქვა, 1 სექტემბერს აღიარა რუსეთმა გარდამავალი ეროვნული საბჭო ლიბიის ხელისუფლებად. რამდენიმე თვის წინ მოსკოვი ამის წინააღმდეგი იყო, ყოყმანობდა პოლკოვნიკ მუამარ კადაფისგან თავი შორს დაეჭირა თუ არა და აკრიტიკებდა ლიბიაში ნატოს ავიაციის ქმედებას. კრემლი ლიბიაში ამბოხების დაწყებიდანვე არ იყო თანმიმდევრული. გაეროს რეზოლუციას, რომელმაც ნება დართო ნატოს ავიაციას საჰაერო ოპერაცია დაეწყო ლიბიაში სამოქალაქო პირების დასაცავად, მან არც მხარდაჭერა გამოუცხადა და არც წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს ოპერაციას მალევე „ჯვაროსნული ლაშქრობა“ უწოდა, რასაც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის იშვიათი უკმაყოფილება მოჰყვა. ეს რუსეთის მცდელობა იყო, დაეცვა თავისი ინტერესები ლიბიაში, როგორც უნდა წარმართულიყო კონფლიქტი. ოსლოში დაფუძნებული საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი პაველ ბაევი ამბობს, რომ რუსეთის შეთანხმებები ლიბიასთან უკვე მაშინ აღმოჩნდა საფრთხეში, როცა მეამბოხეებმა წარმატების მიღწევა დაიწყეს:

„რუსეთის საქმიანობა იქ უკვე თავიდანვე იყო განწირული. არა მგონია, ვინმეს ეჭვი შეეტანა იმაში, რომ ასე წარიმართებოდა ამ პროექტების ბედი. ზარალი, როგორც ეკონომიკური ინტერესების მარცხი, თავიდანვე იყო დაპროგრამებული, რადგან ყველა შეთანხმება ან კადაფისთან, ან მისი გზით იყო მიღწეული. ამდენად, როცა ამბოხება დაიწყო, ეს ინვესტიციები უკვე ჩამოსაწერი იყო. ვერავითარი დიპლომატია მათ ვეღარ ისხნიდა.“

როცა რუსეთმა ლიბიის გარდავალი საბჭო აღიარა, პარიზში უკვე იკრიბებოდნენ მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლები, რათა ლიბიის მომავალზე ემსჯელათ. პარიზში ჩავიდა რუსეთის წარმომადგენელი, მიხაილ მარგელოვი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავდა ლიბიაში. ექსპერტები მოელიან, რომ ლიბიაში მომავალში უფრო წარმატებული ბიზნესის სფეროში იქნებიან ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებმაც მთავარი როლი ითამაშეს ნატოს ინტერვენციაში. ხუთშაბათს, მოსკოვის უნივერსიტეტში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო ნატოს ქმედება ლიბიაში: „...ლიბიის შესახებ რეზოლუციის შესრულებისას ნატოს წევრები და სხვა ქვეყნები არღვევდნენ კანონის უზენაესობას, არ იცავდნენ გაეროს და აფრიკის კავშირის რეზოლუციებს, რამაც სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია.“

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც რუსეთის მიერ გარდამავალი საბჭოს აღიარებაზეა ლაპარაკი, წაიკითხავთ, რომ, მოსკოვის აზრით, კადაფის რეჟიმთან დადებული შეთანხმებები ძალაში უნდა დარჩეს. თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოთხი მილიარდი დოლარი იზარალა ლიბიისთვის იარაღის ემბარგოს დაწესების შემდეგ. „გაზპრომს“, ენერგოფირმას, 200 მილიონი აქვს ჩადებული ამ ქვეყანაში სამომავლო პროექტის განსახორციელებლად. რუსეთის რკინიგზამ სამმილიარდიანი შეთანხმება გააფორმა სწრაფსავალი გზის ასაშენებლად სურთსა და ბენღაზის შორის. რუსეთში დათვალეს, რომ რუსეთის ეკონომიკის ზარალი ათ მილიარდს უდრის.

რუსი ანალიტიკოსი ალექსანდრ კონოვალოვი, სტრატეგიული ანალიზის მოსკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასე ხედავს ვითარებას:

„რუსეთი ძალიან თავშეკავებით იქცეოდა. ერთი მხრივ, დაუშვა რეზოლუცია, რომელიც სამხედრო ქმედების უფლებას აძლევდა ნატოს, მეორე მხრივ კი, გმობდა, თუ როგორ ხორციელდებოდა ის. ამდენად, მას არაბები პატივს სცემდნენ და დასავლეთთან ნახევრად წავიდა დათმობაზე. შეუძლებელია ამ ორ ბანაკს შორის ასე დიდხანს ყოფნა, ეს მხოლოდ მცირე დროით გამოდის. და მარგელოვი პარიზში ჩავიდა. რუსეთი არ იყო წინააღმდეგი მონაწილეობისა. ჩვენი გათვლით, მატარებელს მივასწარით, თუმცა პირველ ვაგონში ვერ აღმოვჩნდით.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG