Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხიდან წერილების გაგზავნის ტრადიციის ახალი იმპულსი


ცნობილმა პატიმრებმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ და იულია ტიმოშენკომ საპყრობილიდან წერილების წერის ტრადიცია ააღორძინეს. კომუნიკაციის ეს მეთოდი ძალიან დაიხვეწა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური პატიმრების წერილები მკაცრად მოწმდებოდა და იშვიათად პოულობდა დღის სინათლეს. მიუხედავად ფეისბუკის და ტვიტერის ხელმისაწვდომობისა, ტრადიციულ მედიაში გამოქვეყნებული წერილი დღესაც კი არ კარგავს თავის ძალას.

რუსეთში გისოსებს მიღმა 850 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი დიდი უმრავლესობა სასჯელს ჩუმად იხდის და მათი ისტორია დიდად არავის აინტერესებს, მაგრამ რუსეთის ყველაზე ცნობილი პატიმარი ცდილობს შეცვალოს ვითარება. მიხაილ ხოდორკოვსკიმ, „იუკოსის“ ენერგოკომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაიწყო გამოქვეყნება საკუთარი საავტორო სვეტისა, რომელიც არა საკუთრივ მის მძიმე ხვედრს, არამედ ჩვეულებრივი პატიმრების ყოფას ეხება. ხოდორკოვსკის დებიუტი გასულ კვირას ჰქონდა რუსულ „ნიუ ტაიმსში“. წერილში ხოდორკოვსკი ყოფილ თანამოსაკნეზე, კოლიაზე წერს, რომელმაც უდანაშაულოდ დაპატიმრებისათვის პროტესტის ნიშნად მუცელი გადაიჭრა.

„ციხეში გატარებული ბევრი წლის შემდეგ, მე თავს ვიკავებ იმ ადამიანების გაიდეალებისგან, რომლებსაც შევხვედრივარ. მაგრამ ბევრ ამ პატიმარს აქვს პრინციპები - პრინციპები, რომელთა გამოც ისინი მზად არიან იტანჯონ.“

მიხაილ ხოდორკოვსკის სვეტი, სახელწოდებით „ციხის ადამიანები“, აგრძელებს რუსეთში და შემდეგ საბჭოთა ციხეებში გავრცელებულ მრავალწლიან ტრადიციას. ისეთმა მწერლებმა, როგორებიც იყვნენ ფიოდორ დოსტოევსკი, ევგენია გინზბურგი და ალექსანდრ სოლჟენიცინი, ბრწყინვალედ აღწერეს პატიმრების ცხოვრება რუსეთის ციხეებსა და გულაგებში.
თუმცა ეს წერილები ხშირად მათი ავტორების საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ იბეჭდებოდა, ხოდორკოვსკის წერილები კი მოსკოვის, ჩიტის თუ კარელიის საპატიმროებიდან იგზავნება და რეგულარულად იბეჭდება.
რუსეთში გამომავალი „ნიუ ტაიმსის“ რედაქტორის მოადგილე ილია ბარაბანოვი უარს ამბობს გაამჟღავნოს, თუ რა გზით აღწევს ხოდორკოვსკის წერილები რედაქციამდე, თუმცა ამბობს, რომ ხოდორკოვსკის სვეტი ორ-სამ კვირაში ერთხელ დაიბეჭდება და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობას მისცემს თვალი გადაავლოს არამხოლოდ ხოდორკოვსკის ცხოვრებას საპატიმროში:

„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება რეგულარული ფორმატი, თუმცა ძალიან ძნელია განჭვრეტა, თუ რამდენად ხშირად გამოქვეყნდება ეს ტექსტები, გამომდინარე იქიდან, რომ მიხაილ ბორისოვიჩი იმყოფება კარელიაში და კომუნიკაციის საშუალება შეზღუდულია. იმედი გვაქვს, რომ, ამ ციხის ისტორიების გარდა, ჩვენი ახალი მესვეტე გაგვიზიარებს მოსაზრებებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმაზე, თუ რა ელოდება ქვეყანას წინასაარჩევნო კამპანიისას, რომელიც ამ დღეებში აიღებს სტარტს.“

თავდაპირველ პუბლიკაციებში კრემლის კრიტიკოსი, ყოფილი მაგნატი რუსეთში გამეფებულ კორუფციაზე წერდა, „ციხის ადამიანებში“ კი ყოფილი მილიარდერი გისოსებს მიღმა არსებულ ცხოვრებაზე წერს, რაც პირველი შემთხვევაა და დიდ დისკომფორტს უქმნის რუსეთის პოლიტიკურ ელიტას იმ დროს, როდესაც იზრდება საზოგადოებრივი უკმაყოფილება ციხეებში არსებული აუტანელი პირობების გამო.

თუმცა, როგორც ყოფილი მაგნატის ადვოკატი იური შმიდტი ამბობს, ზოგიერთი წინა პუბლიკაციის გამო ხოდორკოვსკიმ საყვედური მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აპირებს დაარღვიოს მიმოწერის განაწესი და ყველაფერს კანონიერად აკეთებს.

„ ყველაფერი ხდება ოფიციალურად, არაფერი არ იგზავნება საიდუმლოდ. ასე რომ, ეს ნორმალური ვარიანტია. ოპოზიციურ გამოცემაში იბეჭდება ეს თუ სადმე სხვაგან, ამას ამწუთას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან როცა სჯიან, სჯიან უკანონო მიმოწერის ფაქტის გამო. აქ კი არაფერია უკანონო.“


ზემოთ იულია ტიმოშენკო ვახსენეთ. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამას წინათ „ვოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ კომენტარებში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც ტიმოშენკო ყოველმხრივ ხელმოცარულ პოლიტიკოსს უწოდებს. „ჩვენს ერს ძნელად მიუწვდება ხელი ისეთ სატელევიზიო კადრებზე, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მსვლელობისას გავრცელდა, როდესაც პოლიციის სასტიკი სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზს ასხამდა სახეში მშვიდობიან დემონსტრანტებს“, - აღნიშნულია ტიმოშენკოს კომენტარში.

აზერბაიჯანში, სადაც ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში ყველაზე სასტიკად იდევნებიან რეჟიმის ოპონენტები, ცენზურამ ეფექტურად ჩაახშო საპატიმროში მყოფი ე.წ. ვირბლოგერები, ემინ მილი და ადნან ჰაჯიზადე, რომლებმაც ხულიგნობის ბრალდებით ორი წელი დაყვეს საპატიმროში, თუმცა გაზეთის გამომცემელმა აინულა ფატულაევმა ჯერ კიდევ ციხიდან დაიწყო ბლოგების გამოქვეყნება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის, რადიო აზადლიგის ვებსაიტზე. სხვაგან კი, პატიმრების უფლებების ხელყოფით ცნობილ ქვეყნებში, პატიმრები ციხიდან გამოგზავნილ წერილებში აბსტრაგირების მეთოდს მიმართავენ. ხაირულა ჰამიდოვი, უზბეკეთის ცნობილი რადიოჟურნალისტი, რომელიც ისლამისტურ ექსტრემისტულ ჯგუფთან თანამშრომლობის ბრალდებით იმყოფება საპატიმროში, ციხეში შექმნილ ვითარებაზე ლექსებს და სიმღერებს წერს, რომლებსაც უცხოეთის მედიაორგანიზაციები, მათ შორის რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური საკუთარ ეთერში გადასცემს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG