შეერთებული შტატები განაგრძობს გაეროს უშიშროების საბჭოს კრიტიკას სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტის დაბლოკვის გამო. სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, უშიშროების საბჭომ „უარყო პასუხისმგებლობა“ და რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებმაც ვეტო გამოიყენეს რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ, ახსნა-განმარტება უნდა მისცენ სირიელ ხალხს. კლინტონის თქმით, „სირიელ ხალხს არ დაავიწყდება“, რომ უშიშროების საბჭოში არ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს დაემუქრებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ზომებით, თუ ის გააგრძელებდა ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს მიეკუთვნებიან, რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ ვეტო გამოიყენეს, მათი განმარტებით, იმის გამო, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ შესაძლო სანქციები სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. მარტის შუა რიცხვებში სირიაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, გაეროს მონაცემებით, მოკლულია 2700-ზე მეტი ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1