Accessibility links

ახალი ამბები

მოლდავეთში უშიშროების სამსახურის უფროსი გადააყენეს

მოლდავეთის პარლამენტმა ხუთშაბათს თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის საინფორმაციო და უშიშროების სამსახურის დირექტორი გეორგი მიხაი. მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირაში დეპუტატები ქვეყნის გენერალურ პროკურორსა და საფინანსო ბაზრის ეროვნული კომისიის თავმჯდომარესაც დაითხოვენ. ეს საკადრო ცვლილებები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის კატეგორიულ მოთხოვნას მოჰყვა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებების უკან იდგეს შესაძლოა ოპოზიციაში მყოფი კომუნისტებიც იდგნენ, რომლებთანაც მმართველმა კოალიციამ „ალიანსმა ევროპული ინტეგრაციისათვის“ დაიწყო მოლაპარაკებები მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავის ასაცილებლად. თუკი დეპუტატების ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, მოლდავეთს ახალი, ბოლო ორი წელის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

ყველა ახალი ამბავი

ექსტრემისტებმა შვიდი ადამიანი მოკლეს კენიაში სასტუმრო და საოფისე კომპლექსზე თავდასხმისას

ნაირობი, ექსტრემისტების თავდასხმის ადგილი 2019 წლის 15 იანვარს

კენიის დედაქალაქ ნაირობიში ექსტრემისტები თავს დაესხნენ ფეშენებელურ სასტუმრო და საოფისე კომპლექსს, მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

ძალადობაზე პასუხისმგებლობა აიღო ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრედ მატიანგიმ თავდასხმიდან შვიდი საათის შემდეგ გამოაცხადა, რომ კონტროლი ყველა შენობაზე იქნა აღდგენილი და განხორციელდა ათობით ადამიანის ევაკუაცია. მას არაფერი უთქვამს თავდამსხმელების ადგილსამყოფელზე.

ბრიტანეთის პარლამენტი იმსჯელებს ტერეზა მეის მიმართ ნდობის საკითხზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი

ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა პარლამენტს მიმართა წინადადებით გაერთიანებული სამეფოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამ საკითხზე კენჭისყრა ოთხშაბათ საღამოს გაიმართება. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაყენება ემუქრება.

გასული წლის დეკემბერში კონსერვატიულ პარტიაში გაიმართა კენჭისყრა მეის მიმართ ნდობის საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა გაიმარჯვა, თუმცა ხმების მხოლოდ მცირე უპირატესობით.

სამშაბათს თემთა პალატაში დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ, უარყვეს ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კანონმდებლებმა ასევე უარყვეს შესწორება, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთს შეუძლია ცალმხრივი წესით უარყოს ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის შესახებ. „ბრექსიტის“ შემთხვევაში, ჩრდილოეთი ირლანდია, როგორც გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილი, ევროკავშირს ტოვებს, ხოლო ირლანდია ევროკავშირში რჩება.

თემთა პალატაში კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება.

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს განმარტოს შემდეგი ნაბიჯები

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პრესმდივანი სინანულით გამოეხმაურა ბრიტანელი კანონმდებლების მიერ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის "ბრექსიტის" გეგმის უარყოფას:

"სინანულით ვხვდებით კენჭისყრის შედეგს და ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ რაც შეიძლება სწრაფად განმარტოს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ახლა. ევროკავშირი-27 დარჩება ერთიანი და პასუხისმგებლობის განცდით, ისე, როგორც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვიყავით და ვეცდებით შევამციროთ ბრექსიტით გამოწვეული ზიანი. გავაგრძელებთ მზადებას ყველა შედეგისთვის, მათ შორის [ევროკავშირიდან ბრიტანეთის] შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარისთვის. ამ კენჭისყრით გაიზარდა უწესრიგო გასვლის საფრთხე, ჩვენ, ცხადია არ გვსურს ეს მოხდეს, მაგრამ ამისათვისაც მზად ვიქნებით" - ამბობს ტუსკის პრესმდივანი და დასძენს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ბრიტანეთის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას, რადგან "ეს შეთანხმება არის და რჩება ერთადერთ გზად, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წესრიგიანობას უზრუნველყოფს".

ბრიტანელმა კანონმდებლებმა დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება.

ბრიტანელმა კანონმდებლებმა უარყვეს პრემიერ-მინისტრის "ბრექსიტის" გეგმა

ბრიტანელმა კანონმდებლებმა დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება. მეის გეგმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორის მისივე პარტიიდან - რომლებიც თვლიან, რომ გეგმა ბრიტანეთს კვლავ დააკავშირებდა ევროკავშირის წესებთან და მას საშუალებას არ მისცემდა ეწარმოებინა დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები კი ამბობენ, რომ ეს შეთანხმება უარესია, ვიდრე ამჟამინდელი ვითარება, რომელშიც ბრიტანეთს წევრის სტატუსით აქვს ევროკავშირში ეკონომიკური კავშირები. ევროკავშირში დარჩენის მომხრეები რეფერენდუმის ხელახლა გამართვას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო „ბრექსიტს“.

შსს: ვერაზე მომხდარი ინცინდენტისას ორი პირია დაჭრილი

შსს რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას დაჭრილია ორი პირი. თუ რა სახის დაზიანებები აქვთ მათ მიყენებული და ვინ არიან ისინი, ამ ინფორმაციას შსს ამ ეტაპზე არ ავრცელებს. როგორც უწყების პრესსამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ოფიციალურ განცხადებას უწყება მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც მეტი დეტალი გახდება მათთვის ცნობილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

15 იანვარს, 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ვერაზე მომხდარი ინცინდენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

აშშ: რუსეთი „არსებითად არღვევს“ ბირთვულ იარაღზე ხელშეკრულებას

აშშ-ის განცხადებით, რუსეთი კვლავინდებურად „არსებითად არღვევს“ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. აშშ-ის ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისევ ვერ მიაღწიეს პროგრესს ორმხრივ მოლაპარაკებაზე, რომლის მორიგი რაუნდი 15 იანვარს ჟენევაში გაიმართა.

შარშან ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გავა, თუ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონი თავის განცხადებაში საუბრობს შეხვედრით „იმედგაცრუებაზე“. როგორც ტომპსონი აღნიშნავს, მისი დელეგაციის გზავნილი მკაფიო იყო: რუსეთმა უნდა გაანადგუროს სარაკეტო სისტემები, რომლებითაც არღვევს ხელშეკრულებას:

ჟენევის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მისი თქმით, პასუხისმგებლობა „მთლიანად ეკისრება ამერიკის მხარეს“.

ბოლნისში მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

ბოლნისში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება, მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

კენიაში მსხვერპლი მოჰყვა სასტუმროზე თავდასხმას

ნაირობი, 2018 წლის 15 იანვარი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, სულ ცოტა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სასტუმროზე მოწყობილმა შეიარაღებულმა თავდასხმამ. აფეთქებისა და სროლის შედეგად დაიჭრა სასტუმროში მყოფი რამდნიმე ადამიანი.

ადგილობრივი სამართალდამცველები მომხდარს ტერაქტად მიიჩნევენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდა რამდენიმე ადამიანი, მათ მიმალვა შეძლეს.

ბოლო წლებში კენიაში მოეწყო რამდენიმე თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც ისლამისტებმა იკისრეს. 2015 წელს ნაირობის უნივერსიტეტზე თავდასხმისას მოკლეს 150-მდე სტუდენტი. ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც კენიელი სამხედროები ჩაერთნენ საბრძოლო მოქმედებებში სომალიში „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ.

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში მოათავსეს

ზაზა სარალიძე დიღმის ქირურგიულ ცენტრში გადაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, სარალიძემ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჯერად ზაზა სარალიძეს გამოკვლევები უტარდება.

„სავარაუდოდ, შაქრის დონე აქვს მაღალი. გუშინ დათოს საქმის დეტალებს განვიხილავდით და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ რომ მოუწია ამ ყველაფრის გახსენება, ინერვიულა“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს სატრანსპორტო სამსახურის პრესცენტრში, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა 10 წუთით შეფერხდა. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ხარვეზზეა ლაპარაკი: „მას შემდეგ, რაც მეტროს სადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტზე“ მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან, ის გადავიყვანეთ სპეციალურ ჩიხში“.

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სადგურიდან ამოსული მგზავრები კი ამბობდნენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ. ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.

საპატრიარქოსთვის მიუღებელია ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა არსებული სახით

ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლებას საპატრიარქოში უთხრეს, რომ საპატრიარქოში ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობდა, რადგან 20 იანვრამდე საპატრიარქო ისვენებს: „20 იანვრამდე ვისვენებთ. ჯერჯერობით ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოში არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს. განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ“.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით ტურისტებისა და მომლოცველებისათვის მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. დაკეტვის მიზეზად დასახელდა მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობა. ამ დროისათვის უცნობია, როდის გაიხსნება მონასტერი. მიუხედავად ამისა, ტურისტები მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს აკრიტიკებს სასიკვდილო განაჩენის „თვითნებურად“ გამოტანისთვის

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჩინეთი დაადანაშაულა სასიკვდილო განაჩენების „თვითნებურად“ გამოტანაში. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ჩინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენი შეუცვალეს ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის გასამართლებულ კანადელს, 36 წლის რობერტ შელენბერგს: ადრე მისჯილი პატიმრობის ნაცვლად მას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს.

კანადელის ოჯახმა „არაადამიანური“ უწოდა განაჩენს. „უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა თვითნებურად გამოიტანოს სასიკვდილო განაჩენები“, განაცხადა ტრუდომ 14 იანვარს ოტავაში.

გასული წლის ნოემბერში ქალაქ დალიანის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა კანადის მოქალაქეს. 14 იანვარს კი სასამართლომ გამოაცხადა, რომ „მეტისტმეტად ლმობიერად“ მიაჩნია წინა გადაწყვეტილება და სასიკვდილო განაჩენით ცვლის. შელენბერგს 10 დღე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

პეკინსა და ოტავას შორის დაძაბულობაა გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან, როცა კანადაში დააკავეს კომპანია „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორი მეგ უანჟუ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს "ათონელის სასახლეში" ესტუმრა

დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.” პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები და ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და მომავალ საერთაშორისო ვიზიტებზე.

2018 წელს რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღემატებოდა შობადობისას

2018 წლის 11 თვეში რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 193 ათასი ადამიანით მეტი იყო, ვიდრე შობადობისა. საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ 15 იანვარს გამოაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.

მისი მონაცემებით, მოკვდაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღირიცხა ფსკოვის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერისა და ტულის ოლქებში, ხოლო მოსახლეობის ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ჩრდილოეთ კავკასიაში, იაკუტიაში, ტუვისა და ტიუმენის ოლქებში.

მთავრობა მოელის, რომ ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება 2023-2024 წლებიდან.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად რუსეთის მოსახლეობა შემცირდა პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცეტებით, 2018 წელს რუსეთის მოსახლეობა 146,9 მლნ ადამიანის შეადგენდა.

შსს-მ ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ვერაზე მომხდარ გაურკვეველ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტომობილის სალონში ზედაპირული დათვალიერებით სისხლის კვალი არ ჩანდა. თვითმხილველებმა ინცინდენტამდე რამდენიმე წამით ადრე სროლის ხმა გაიგეს.

რუსეთში პატიმრობა გაუგრძელეს ქერჩის სრუტესთან დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს

მოსკოვი, 2019 წლის 15 იანვარი: უკრაინელი მეზღვაურები ლეფორტოვოს რაიონულ სასამართლოში

მოსკოვში სასამართლომ 24 აპრილამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა 12 კაცს ქერჩის სრუტესთან ნოემბერში დაკავებული სულ 24 უკრაინელი მეზღვაურიდან. ამის შესახებ იუწყება რუსეთის სამართლებრივი და სასამართლო ინფორმაციის სააგენტო.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შუამავლობით, სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში ტარდება. უკრაინელ მეზღვაურებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. დაკავებულები ექვს „ოთხეულად“ არიან განაწილებული, სხდომები იმართება ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს სამ დარბაზში.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ხომალდებმა ყირიმის ნახევარკუნძულთან ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს და დააკავეს ისინი, ისევე როგორც მათზე მყოფი მეზღვაურები. უკრაინა მომხდარს აგრესიის აქტად მიიჩნევს.

ტაილანდში პირობითი სასჯელი შეუფარდეს "რიბკაგეიტის" სკანდალით ცნობილ ნასტია რიბკას

ტაილანდში სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა ბელორუს მოდელ ანასტასია ვაშუკევიჩს, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, და პიროვნული განვითარების მწვრთნელს, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ კირილოვს (ფსევდონიმით ალექს ლესლი).

ისინი გაასამართლეს სექსუალური ხასიათის მომსახურების უკანონოდ ორგანიზების ბრალდებით.

ორივემ თავი დამნაშავედ სცნო. სექს-მომსახურების საქმეზე მათთან ერთად გაასამართლეს კიდევ ექვსი ადამიანი - ისინიც ბელორუსიისა და რუსეთის მოქალაქეები. ცნობების თანახმად, მალე მოხდება ტაილანდიდან ყველა ამ პირის დეპორტაცია. გამოცემა The Bell-ის თანახმად, ნასტია რიბკა და ალექს ლესლი შეეცდებიან, არ მოხვდნენ ბელორუსიასა და რუსეთში. ამის შესახებ გამოცემას უთხრა მათმა მეგობარმა, გრიგორი კოგანმა.

რიბკა და ლესლი 2018 წელს დააკავეს ტურისტებისათვის სექსში ტრენინგების ჩატარებისათვის. მათ ჯერ უკანონო მეწარმეობის ბრალდება წაუყენეს, რასაც მათი გამართლება მოჰყვა. ამის მერე წაუყენეს მათ სექს-მომსახურების ბრალდება.

ტაილანდში დაკავებამდე ნასტია რიბკა გახვეული იყო „რიბკაგეიტის“ სკანდალში, რომელიც შევიდა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთ ანგარიშში. ანგარიში, კერძოდ, ასახავს 2016 წლის აგვისტოში ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასა და ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოს შეხვედრას. „ნასტია რიბკად“ წოდებულმა ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შეხვედრის ამსახველი ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის ალექსეი ნავალნის ანგარიშს.

ვერაზე ნატყვიარი, უმძღოლო ავტომობილი დაგორდა

მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულზე და ასევე საქარე მინაზე აღენიშნება სავარაუდოდ სამ-სამი ნატყვიარი და ჩამსხვრეულია უკანა შუშა.

წინასწარი ინფორმაციით, მას სხვა ავტომობილიდან ესროლეს. ავტომობილის მფლობელი არ ჩანს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. თვითმხილველების თქმით, მათ ამ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა.

გერმანიაში დააკავეს ირანისათვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი

გერმანიაში დააკავეს 50 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ოფიციალური განცხადებით, ავღანეთისა და გერმანიის მოქალაქე აბდულ ჰამიდ ს. ინფორმაციას აწვდიდა ირანის დაზვერვის სააგენტოს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 15 იანვარს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, აბდულ ჰამიდ ს. გერმანიის სამხედრო ძალებში მუშაობდა „ენის ექსპერტად და მრჩევლად კულტურის საკითხებში“. ხოლო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, სამინისტროსთვის ცნობილია „ბუნდესვერის“ თანამშრომელთან დაკავშირებული ჯაშუშობის საქმეზე. პრესმდივანს დეტალებზე არ უსაუბრია.

გერმანიის ავტორიტეტიან გამოცემა „შპიგელის“ ინტერნეტ-ვერსიის ცნობით, ბრალდებული, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ჯაშუშობდა და ჰქონდა წვდომა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე, მაგალითად, ავღანეთში გერმანელი სამხედროების მისიაზე.

ირანელი ოფიციალური პირები ჯერ არ გამოხმაურებიან ამ ცნობას.

გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ 15 იანვარს დაზარალებულად ცნო. 2018 წლის ოქტომბერში, გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. გიგა მაქარაშვილმა თემურ მანველიშვილს პროკურატურაში უჩივლა: „არის!!! დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს! ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული ინცინდენტი მოჰყვა გიგა მაქარაშვილის აქციას, სადაც ის აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. აქციის დასრულების შემდეგ გიგა მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა. სწორედ ამ დროს დაამხო თავზე მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს ნაგვით სავსე ურნა. სამართალდამცავებმა მაშინ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს, თუმცა, უფლებადამცველები მოითხოვდნენ საქმის წარმოებას არაადამიანური მოპყრობის მუხლით. გორის მერიაში დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად, მერმა თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა.

ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა „ბრექსიტის" შესახებ მთავრობის გეგმაზე

ბრიტანელი კანონმდებლები ემზადებიან გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრისათვის, რომელზეც მთავრობას გააქვს თავისი წინადადება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებზე.

თემთა პალატაში 15 იანვრის კენჭისყრა არის მორიგი ეტაპი „ბრექსიტის“ პროცესში და ბევრი პოლიტოლოგი მოელის მთავრობის გეგმის უარყოფას.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ კენჭისყრაზე გეგმის უარყოფა ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას.

კენჭისყრის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, „ბრექსიტის“ ბედი გაურკვეველი ხდება. ექსპერტების ვარაუდით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთის ეკონომიკისათვის ქაოსს მოასწავებს.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები რეფერენდუმის ხელახლა გამართვას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო „ბრექსიტს“.

საპატრიარქო: 20 იანვრამდე ვისვენებთ. არ ვგეგმავთ ჯვრის მონასტერზე განცხადების გაკეთებას

საქართველოს საპატრიარქო ამ ეტაპზე არ აპირებს ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით რაიმე განცხადების გავრცელებას. ამის შესახებ როგორც რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს წარმომადგენელმა, სოსო ტყებუჩავამ განუცხადა: „20 იანვრამდე ვისვენებთ. ჯერჯერობით ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოში არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს. განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ“.

ჯვრის მონასტრის საძმოს განცხადების თანახმად, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა: „მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა“, - წერია განცხადებაში.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით ტურისტებისა და მომლოცველებისათვის მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. ამ დროისათვის უცნობია, როდის გაიხსნება მონასტერი. მიუხედავად ამისა, ტურისტები მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ.

ვინ დაკეტა მონასტერი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გათვლებით, გასულ წელს, მცხეთის ღირსშესანიშნაობები 500 ათასზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა. ცენტრის მომსახურებით ისარგებლა 73 ათასამდე უცხოელმა ტურისტმა.

მოგვიანებით საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სერგეენკო: საქართველოში გრიპით დაავადების პიკური მდგომარეობა გავლილია

საქართველოში გრიპით დაავადების შემთხვევების შემცირების მიუხედავად საოჯახო მედიცინის ცენტრები განაგრძობენ 24 საათიანი რეჟიმით მუშაობას - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, რომელიც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა. სერგეენკოს ინფორმაციით, პიკური მდგომარეობა, როცა ყოველ 100 000 მოსახლეზე გრიპით დაავადებული იყო 277, უკვე გავლილია და წინა კვირის მონაცემით, რაოდენობა 273-ია. „რა თქმა უნდა, სასურველია უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ კლების ტენდენცია ცალსახად გამოხატულია. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგან რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ დაავადების მიმდინარეობა გამარტივდა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი ინფორმაციით, შედარებით შემცირებულია გრიპის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის მიმართვის შემთხვევებიც.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლივობით ხასიათდება. საქართველოში დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გრიპით ავადობა იზრდება ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც საქართველო გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით სამი კვირით უსწრებს, ამიტომ როცა საქართველოში გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შესაძლოა, ვირუსი ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს. „თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

15 იანვრის მდგომარეობით, გრიპის ამ სეზონზე დადასტურებულია H1N1 ვირუსით 17 ადამიანის გარდაცვალება.

ხადიჯა ისმაილოვა შეუერთდა მოშიმშილეებს, რომლებიც მოითხოვენ ბლოგერის ციხიდან გამოშვებას

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა შეუერთდა აქტივისტებს, რომლებიც შიმშილობენ ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ჰუსეინოვმა სახელი გაითქვა კორუფციის თემაზე მომზადებული მასალებით.

ისმაილოვამ 15 იანვარს ფეისბუკში დაწერა, რომ ის და ნამიყ აბდულაევი შეუერთდნენ კოლექტიურ შიმშილობას ოპოზიციურ პარტია „მუსავათის“ ოფისის ტერიტორიაზე.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო შიმშილობა ოთხმა ადამიანმა, რომელიც მოითხოვს მეჰმან ჰუსეინოვისა და აზერბაიჯანის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მოშიშმილეებს შორის არის „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე ტოფიკ იაყუბლუ.

ჰუსეინოვის გათავისუფლებას სულ უფრო აქტიურად მოითხოვენ აზერბაიჯანშიც და უცხოეთშიც მას შემდეგ, რაც მას ახალი ბრალდება წაუყენეს გასულ თვეში, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. ჰუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პოლიტპატიმარმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ბლოგერს მისჯილი აქვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ცილისწამების ბრალდებით, რომელიც მას და მის მომხრეებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად მიაჩნიათ.

ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს

ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზების განსამარტად ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა. განცხადებაში არ არის მითითებული როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას.

„მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი UNESCO-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.

მრავალი წელია ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.

გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით, მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG