Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი მოითხოვს ლონდონში ირანის საელჩოს დახურვას


ბრიტანეთმა დღეს მოითხოვა ლონდონში ირანის საელჩოს დაუყოვნებლივ დახურვა და თვითონაც დახურა საელჩო თეირანში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ჰეიგმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 48 საათის განმავლობაში ყველა ირანელმა ოფიციალურმა პირმა უნდა დატოვოს ბრიტანეთი. „თუ რომელიმე ქვეყანა ჩვენთვის შეუძლებელს ხდის მის ტერიტორიაზე მუშაობას, არც იმას უნდა მოელოდეს, რომ აქ ექნება მოქმედი საელჩო“, განაცხადა ჰეიგმა პარლამენტში. ირანელი დემონსტრანტები სამშაბათს შეიჭრნენ ბრიტანეთის საელჩოში და დიპლომატიური მისიის კიდევ ერთ ობიექტზე თეირანში, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დაწვეს ბრიტანეთის დროშა. იერიშები მოეწყო მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ემსახურება ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ბრიტანეთმა სამშაბათს „აღშფოთება“ გამოთქვა მის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმების გამო. თავდასხმები დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომაც.
XS
SM
MD
LG