ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები და ეროსი კიწმარიშვილი მოლაპარაკებას ცდილობენ. მასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება იოლად არ მიმდინარეობს, თუმცა, გაგრძელდება. ჩიკვაიძის თქმით, კიწმარიშვილთან შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარეს ჰქონდა გარკვეული ლაფსუსები და მოლაპარაკება უნდა გავიდეს ”მაესტროს” შენობის გარეთ. მან ასევე აღნიშნა, რომ განხილვის თემაა მართვაში მეთვალყურის სტატუსით მედიატორის ჩართვა. ”თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება შედგება, მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეწყდება და დამფუძნებლები სასამართლოში აღარ წავლენ” - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ. მანამდე, დღეს დილით ტელეკომპანია "მაესტრომ" პოლიციის მთავარ სამმართველოს და პროკურატურას მიმართა. პოლიციისთვის წარდგენილ განცხადებაში ეროსი კიწმარიშვილი და მისი თანმხლები პირები დადანაშაულებულნი არიან ტელეკომპანიაში უკანონოდ შეჭრასა და მაუწყებლობის შეფერხებაში, პროკურატურისგან კი, ”მაესტრო” გამოძიების დაწყებას ითხოვს. ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებთან ამჟამად საუბარია მოლაპარაკების პირობების დაახლოებაზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, ”დღის განმავლობაში აღადგენენ არხის სრულფასოვან მაუწყებლობას და მოხსნიან ბლოკირებას, რისთვისაც საჭირო ტექნიკურ საშუალებებს” გამოიყენებენ.
ყველაზე პოპულარული
1