Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 დეკემბერი, 2011


7 დეკემბერს გამოსული გაზეთები ყურადღებას ამახვილებენ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის საკითხზე, რომელმაც კამათი და ხმაური გამოიწვია სამშაბათს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე. ხელისუფლება მზად არის გადახედოს დეპუტატთა რიცხვის 190-მდე გაზრდის გადაწყვეტილებას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებას წარმოადგენს და ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია საარჩევნო სისტემის გარშემო ოპოზიციის ნაწილთან ზაფხულში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. გაზეთი ”ახალი თაობა” წერს, რომ ამ საკითხის გამო ”ოპოზიცია ერთმანეთს დაერია”, ხოლო ”რეზონანსი” შენიშნავს, რომ საკითხმა საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში ლამის ”ხელჩართული ბრძოლა” გამოიწვია. ვიდრე დეპუტატები ლევან ვეფხვაძე და თამაზ დიასამიძე ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით დაუპირისპირდებოდნენ, მანდატურებმა დროულად მოახერხეს დეპუტატების დიმიტრი ლორთქიფანიძისა და ნუგზარ ერგემლიძის დამშვიდება.

თუმცა ურთიერთბრალდებები საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის რიგებიდანაც ისმოდა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ”უნამუსობა” უწოდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის საქციელს, რომ დეპუტატთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებულ ”არაპოპულარულ” გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება არც ერთ მხარეს არ სურს. თუმცა გაზეთ „რეზონანსს“ ასევე მოჰყავს უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის პასუხი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ახლა რცხვენია იმის აღიარება, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდა სწორედ მისი სურვილი იყო და ხელისუფლება მხოლოდ კომპრომისზე წავიდა. ასეა თუ ისე, 6 დეკემბრის საპარლამენტო სხომაზე გაკეთდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ეს საკითხი გადაიხედოს.

“დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ასე შევაფასებდი - ხელისუფლება მუშაობს, ოპოზიცია კი ისევ ელის”, - აცხადებს გაზეთ ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე. მისი შთაბეჭდილებით, ხელისუფლებამ, რომელიც ”საკმაოდ აგრესიულად და ორგანიზებულად” მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით მიღებული შოკი უკვე დაძლია და ახლა ოპოზიციისა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აქტიურობის დროა. ”თუ იანვრის ბოლომდე არ გადაწყდება სტრატეგიული საკითხები, მერე ძალიან გვიანი იქნება”, - ამბობს რესპონდენტი. გუბაზ სანიკიძე, რომლის პოლიტიკური ძალაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური ცენტრის პარტნიორად განიხილება, ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს ტემპებს ბიძინა ივანიშვილის გარშემო პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში; თუმცა, მისი აზრით, ბევრი რამ გამოჩნდება 11 დეკემბერს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” დაფუძნებისას, და ასევე ”ბევრი რამ დეკემბრის ბოლოს უნდა გაირკვეს.”

11 დეკემბერს დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით გაზეთ ”რეზონანსს” ესაუბრება ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, ”წვრილ-წვრილი შეფერხებების” მიუხედავად, ”ქართული ოცნების“ პრეზენტაციისთვის სამზადისი ”ჩვეულ რეჟიმში” მიმდინარეობს; ხოლო „მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი თბილისში მუშაობას პრეზენტაციის მეორე დღესვე, 12 დეკემბერს, დაიწყებს. რაც შეეხება სხვა ოფისებს, ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ „მოძრაობა“ თავდაპირველად შეეცდება მთლიანად მოიცვას დედაქალაქი და სწორედ ამის შემდეგ გავიდეს რეგიონებში, სადაც ასევე გაიხსნება ”ქართული ოცნების” არაერთი ოფისი. ”ზოგიერთ რაიონში ან ქალაქში შეიძლება გამოყენებულ იქნეს პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების ოფისები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ოფისების პოლიტიკური კუთხით გამოყენებას”, - ეუბნება გაზეთ ”რეზონანსს” ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ”მოძრაობას ექნება თავისი ადგილი, პოლიტიკურ პარტიებს კი - თავისი.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG