Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის, აშშ-ისა და ევროსაბჭოს კვირა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სესია ჟენევაში
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სესია ჟენევაში
მიმდინარე კვირაში საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს კიდევ რამდენჯერმე შეახსენა საქართველოს წინაშე აღებული, მაგრამ ჯერაც შეუსრულებელი ვალდებულებები. მაგალითად, 14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს ”პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” და, ასევე, შეუშვას ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოს ”ოკუპირებულ” რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, როგორც ამას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.

ეს რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის 4 დეკემბრის არჩევნების თაობაზე სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული, ევროპარლამენტმა საგანგებოდ მიიღო რუსეთ-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მონაწილეობდა. საქართველოს საკითხზე ლაპარაკი მას ამ სამიტის ფარგლებშიც მოუწია.
ევროკავშირი მიესალმება კომპრომისის სულისკვეთებას, რამაც გაუხსნა გზა ორმხრივ შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე...

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა 15 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საკითხი საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებს შორის იქნა განხილული. ამავე პრესკონფერენციაზე ჰერმან ვან რუმპემ საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ”ევროკავშირი მიესალმება კომპრომისის სულისკვეთებას, რამაც გაუხსნა გზა ორმხრივ შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე”. აქვე ვთქვათ, რომ 16 დეკემბერს ორგანიზაციის მინისტერიალზე, ჟენევაში, საბოლოოდ დასრულდა 18-წლიანი პრობლემური პროცესი და რუსეთმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრის მოსაწვევი მიიღო. აშკარაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დიდად აფასებს ამ საკითხისადმი საქართველოს კომპრომისულ მიდგომას და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა 15 დეკემბერს ჰერმან ვან რუმპეც. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს კომპრომისული მიდგომის საპასუხოდ ახლა რუსეთის მოქმედების დროა:

”ამ კონტექტსში უნდა შესრულდეს ვალდებულებები, რომლებსაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.”

რუსეთს სამშვიდობო პერსპექტივებზე კონსტრუქციული ფიქრისკენ 14 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-18 რაუნდზეც მოუწოდეს. პროცესის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან აუცილებლად მიიჩნევენ, რომ ძალის გამოუყენებლობის პირობა ყველა მხარემ დადოს, ისევე როგორც ეს საქართველომ 2010 წლის მაისში გააკეთა.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ დაუდიათ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა, რომ ეს მათ მალე გააკეთონ...

მოწოდება 14 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაახმიანა ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაჭიანურებულ კონფლიქტთა საკითხებში გედრიუს ჩეკუოლისმა. აქვე ვთქვათ, რომ მისთვის ჟენევის მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდი ბოლო იყო თანათავმჯდომარის რანგში. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია გახდება.

”მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ დაუდიათ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა, რომ ეს მათ მალე გააკეთონ. ეს იმისთვის, რომ ადგილზე გაუმჯობესდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და აღდგეს ნდობა.”

მართალია, ამ კონტექსტში პირდაპირ არ სახელდება რუსეთი, მაგრამ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მოწოდების ადრესატი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია.

მართალია, რუსეთს მიაჩნია, რომ ის არ არის კონფლიქტის მხარე და ამიტომ საქართველოს მიმართ სამშვიდობო ვალდებულების აღება მას სულაც არ ევალება, მაგრამ, სერგი კაპანაძის შთაბეჭდილებით, თუკი წინა რაუნდებსაც გადავხედავთ, მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდზე რუსეთის პოზიცია ”შედარებით შესუსტებული” იყო:
სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

”საუბარია არგუმენტების ნაკლებობასა და ინტენსიფიცირებულ რიტორიკაზე თანათავმჯდომარეების, შეერთებული შტატებისა და ჩვენი მხრიდან. ანუ პრაქტიკულად სხვა გამოსავალი აღარ რჩება რუსეთის ფედერაციას გარდა იმისა, რომ ეს ვალდებულება აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეს იქნება გზავნილი, რომ აპირებს სამხედრო ესკალაციას ამ რეგიონში.”

უსაფრთხოების გარანტიებთან მიმართებით საქართველოს უცვლელ ამოცანად რჩება ნატოში გაწევრიანება და ქვეყანა იმედოვნებს, რომ ამ გზაზე გარკვეული წინსვლა იქნება ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელსაც 2012 წლის მაისში, შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო უმასპინძლებს. მართალია, ჯერ თარიღი არ დაკონკრეტებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ, როდესაც ახლო მომავალში საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა, ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ ჩიკაგოს სამიტისთვის მზადება იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია 16 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ერიკ რუბინმა მიაწოდა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ აღნიშნეს, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მთელ რიგ საკითხებში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია:
ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო თავისუფლად და ღიად ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მტკიცე იქნება საქართველოს დემოკრატიის საფუძვლები...

”ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მომდევნო წელს შეიკრიბებიან ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, იქ ეს პროგრესი ღირსეულად იქნება შეფასებული და იქნება სერიოზული საუბარი იმაზე, წინსვლისათვის რა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. რა ფორმით, რა ფორმატში, რა სიტყვებით იქნება ეს გამოხატული - ეს არის ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საგანი და ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ალიანსის წევრებთან, რომ მიღებული იქნეს ერთობლივი მიდგომები.”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ერიკ რუბინს ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბარი 16 დეკემბერს თბილისში გამართული არაერთი შეხვედრის ფარგლებში მოუწია - იქნებოდა ეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

თუმცა ამ შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა კიდევ ერთი და არანაკლებ მთავარი თემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება. ამ კონტექსტში ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება 2012-2013 წლებში დაგეგმილ არჩევნებზე.

”ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი”, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელი და ამ კონტექსტში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც ახსენებს:
ერიკ რუბინი
ერიკ რუბინი

”მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წარმოადგენს ღირებულ რჩევებს და ჩვენ გვჯერა, რომ მათი რაც შეიძლება მეტად გამოყენება საქართველოს საკანონმდებლო პრაქტიკაში სასარგებლო იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო თავისუფლად და ღიად ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მტკიცე იქნება საქართველოს დემოკრატიის საფუძვლები და ეს უფრო პრინციპული საკითხია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პირის ან კანდიდატურის მხარდაჭერა.”

ვენეციის კომისიის ”სასარგებლო” რეკომენდაციებიდან, რომლებიც ასახულია საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ, 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ პირველად დასკვნაში, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 შენიშვნა გაითვალისწინა. თუმცა, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ხელისუფლება შენიშვნებს ”შერჩევითობის პინციპით” მიუდგა და პროექტში კვლავაც იგნორირებულია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რომელთა გადაუჭრელადაც ვერ გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო.

16-17 დეკემბერს, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 89-ე პლენარული სესიის ფარგლებში, საარჩევნო კოდექსის პროექტთან ერთად, მსჯელობა მიმდინარეობდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

დაბოლოს, კვირის კიდევ რამდენიმე მოვლენის შესახებ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ცხოვრებიდან:

12 დეკემბერს ევროკავშირმა გახსნილად გამოაცხადა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საქართველოსა და მოლდავეთთან.

კვლავაც დაიძაბა ვითარება სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც 12 დეკემბერს შეწყვეტილი საპროტესტო აქციების ტალღა ისევ განაახლეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას მომხრეებმა.

14 დეკემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილება ახალი, სამსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიციის შექმნის თაობაზე, რომელშიც შევლენ: ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის, ჯერ დაუარსებელი პარტია, ირაკლი ალასანიას ”თავისუფალი დემოკრატები” და დავით უსუფაშვილის ”რესპუბლიკური პარტია”. სამომავლოდ კოალიცია, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, აპირებს საარჩევნო ბლოკის შექმნას და სათანამშრომლოდ იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG