ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობა 31 იანვრამდე გაგრძელდა. ამის შესახებ განკარგულებას დღეს ხელი მოაწერა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა. დეკემბრის შუა რიცხვებში ჟანაოზენსა და მის მეზობელ დასახლებაში მასობრივი არეულობა იყო, რასაც 16 ადამიანი შეეწირა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. მასობრივ გამოსვლებში მონაწილეობდნენ ნავთობ-კომპანიის გაფიცული თანამშრომლებიც. ისინი მანამდე ნახევარი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ხელისუფლებამ არეულობაში ”ხულიგნები” დაადანაშაულა და ამით გაამართლა ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. მიმდინარეობს გამოძიება. 17 დეკემბერს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქალაქ ჟანაოზენში 20 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დადგენილია რამდენიმე ათეული პირი, რომლებიც არეულობის აქტიური მონაწილეები იყვნენ. გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც მღელვარების ჩასახშობად ხალხს დამიზნებით ესროდა.
ყველაზე პოპულარული
1