Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა ითხოვს "ქართული ოცნების" ფინანსური საქმიანობის ანგარიშს


საქართველოს კონტროლის პალატაში შექმნილი, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ფინანსურ ანგარიშს ითხოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნებისგანაც." სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ დღეს განაცხადა, რომ შესაბამისი წერილი პოლიტიკური პარტიების გარდა, "ქართულ ოცნებასაც" გაეგზავნება. მოგელაძის თქმით, კონტროლის პალატის მონიტორინგი ვრცელდება არა მხოლოდ პარტიებზე, არამედ იმ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირებზეც, რომლებსაც საჯაროდ აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და პირდაპირ, ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. ”კანონის სულისკვეთების გათვალისწინებით, მათ გაეგზავნებათ წერილი, რომელშიც გონივრულ ვადას განვუსაზღვრავთ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად”, - განაცხადა ნათია მოგელაძემ. კონტროლის პალატა "ქართული ოცნების" მიერ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის ანგარიშს ითხოვს, ე.წ. გონივრული ვადის ამოწურვის კონკრეტული თარიღი კი, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ ფინანსური ანგარიშები პირველ თებერვლამდე უნდა წარადგინონ.
XS
SM
MD
LG