Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებაში და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის მიღება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში 5 იანავრს შევიდა. ეხება თუ არა ეს ცვლილება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით? შეგახსენებთ, რომ საგამონაკლისო წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუწყდა და მას შემდეგ ის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილს განცხადება რომ შეეტანა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, მაშინ მასზე გავრცელდებოდა სწორედ ბრძანებულება #80 ...

ადვოკატი სანდრო ბარამიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ ცვლილება პრეზიდენტის მეოთხმოცე ბრძანებულებაში არანაირად არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მიცემის გაჭიანურებას. მისი სიტყვებით, არსებობს პრეზიდენტის ორი ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მოქალაქედ გახდომის ორ პრინციპულად სხვადასხვა წესს გულისხმობს.პირველი, ანუ პრეზიდენტის # 80 ბრძანებულება, მოქალაქეობის მინიჭების, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩუქების წესს ეხება, მეორე ბრძანებულება კი, ნომრით 34, - საქართველოს მოქალაქედ მიღებას ნატურალიზაციის წესით. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ნატურალიზაციის წესით მოითხოვა მოქალაქეობის მიღება და ამის თაობაზე განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამოქალაქო რეესტრში 5 იანვარს შეიტანა:

”ბიძინა ივანიშვილს განცხადება რომ შეეტანა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, მაშინ მასზე გავრცელდებოდა სწორედ ბრძანებულება #80 და, შესაბამისად, ვადების ამოღების ფაქტს მასზე ექნებოდა გარკვეული იურიდიული შედეგიც. მაგრამ მან განცხადება შეიტანა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე ნატურალიზაციის წესით”, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ბესელია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული ცვლილება, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცედურას უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული:

”ბოლო თვეები, საკანონმდებლო ორგანო მთლიანად გადაეწყო ივანიშვილის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე და აბსოლუტურად ყველა კანონი, რომელიც იყო მიღებული ან ყველა ცვლილება, რომელიც მოქმედ კანონში იყო შეტანილი, პირდაპირ და ღიად უკავშირდებოდა პრობლემების შესაძლო შექმნის მექანიზმების შემუშავებას ივანიშვილის წინააღმდეგ.”

როგორც უკვე ვთქვით, ბიძინა ივანიშვილმა, მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე განცხადება სამოქალაქო რეესტრში 5 იანვარს შეიტანა. სწორედ 5 იანვარს შევიდა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულაბაში ნომრით 80, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესს არეგულირებს. ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება. ანუ თუკი აქამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა, ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს ეს ვალდებულება ეხსნება.

აქვე უნდა ითქვას იმ ანკეტის შესახებაც, რომელსაც მოქალაქეობის მოსურნე პიროვნება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს. თუკი 5 იანვრის ცვლილებამდე ანკეტა მხოლოდ 14 კითვისაგან შედგებოდა, ცვლილების შემდეგ, ანკეტა მოიცავს 27 კითხვას და მას დაემატა ისეთი კითხვები, როგორიცაა, მაგალითად, ”უწევთ თუ არა რაიმე სახის მატერიალურ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს ან სხვა პირებს?” ”რა საკუთრება გაქვთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?”...
საერთოდ არ არის კავშირში ბიძინა ივანიშვილთან ეს ცვლილება, რადგან ის არ ითხოვს ორმაგ მოქალაქეობას ...

აღნიშნული ცვლილების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა კითხვა, ხომ არ უკავშირდება ის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასე ემთხვევა ერთმანეთს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის მიღების თაობაზე განცხადების დაწერის თარიღები. ამ საკითხში გარკვევას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ შეეცადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილ ცვლილებაში და ამბობს, რომ, ამ ბრძანებულების მიხედვით, საქმე ეხება ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურას და არა უბრალოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რაც, მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არანაირ კავშირში არ არის ბიძინა ივანიშვილის საქმესთან, რადგან ის აღარ არის რუსეთის მოქალაქე და მან უკვე მიმართა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით. შესაბამისად, ის თხულობს არა ორმაგ მოქალაქეობას, არამედ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას:

”საერთოდ არ არის კავშირში ბიძინა ივანიშვილთან ეს ცვლილება, რადგან ის არ ითხოვს ორმაგ მოქალაქეობას. საბოლოო რეაგირების ვადა ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მიღების განაცხადების მოთხოვნის შეტანიდან იყო სამი თვე და ეს სამი თვე კვლავ ძალაშია. უბრალოდ, შიგნით არსებობდა კიდევ ერთკვირიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უნდა დაედგინა კონსტიტუციის მოთხოვნასთან მოდიოდა თუ არა შესაბამისობაში პირის განცხადება და სწორედ ეს ერთკვირიანი ვადა არის ამოღებული, რაც რეალურად არაფერს ცვლის, რადგან ერთ კვირაში დაადგენს თუ ორ კვირაში დაადგენს, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიღებული უნდა იყოს სამი თვის ვადაში”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის სანდრო ბარამიძის თქმით, მათ უკვე გადაიხადეს დადგენილი თანხა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის დადგენის საკითხი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული. მისივე განმარტებით, არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.

როგორც სამოქალაქო რეესტრი რადიო თავისუფლებას წერილობით განუმარტავს, ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებაში არის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიგნით საქმის განხილვის პროცედურის უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც გავლენას არ ახდენს სააგენტოს ვალდებულებაზე მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნოს დასკვნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, რომელიც მოიცავს 30-დან 80-მდე კალენდარულ დღეს.
XS
SM
MD
LG