Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიოევამ ინაუგურაციის თარიღი დანიშნა


ალა ჯიოევა, ცხინვალი. 2012 წლის 28 იანვარი
ალა ჯიოევა, ცხინვალი. 2012 წლის 28 იანვარი
ოსური ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევთან კონსულტაციებს დღეს გააგრძელებს. მას ბროვცევის წარმომადგენელი მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ცხინვალში გამართულ მიტინგზე ალა ჯიოევას ინაუგურაციის თარიღი დასახელდა. შაბათს ჯიოევამ მხარდამჭერების მიტინგი გამართა. ამ მიტინგზე, ჯამბოლათ თედეევის მხარდასაჭერად და ოპოზიციის მომხრეების დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერებიც შეგროვდა. მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელმა მწარედ მოატყუა და იძულებული გახდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებიდან გასულიყო. მიტინგის ბოლოს ალა ჯიოევამ თავისი ინაუგურაციის თარიღად 10 თებერვალი გამოაცხადა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ცივილიზებული ფორმით ხელისუფლების გადაცემა და სათანადო ღონისძიებების გატარება მოსთხოვა. ჯიოევამ სამართალდამცავებსაც ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

ჩვენ მოწვევას გავუგზავნით აფხაზ ხალხს, მთიან ყარაბაღს და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს - ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გვერდით იდგა ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში...
„2012 წლის 10 თებერვალს, 12 საათზე, ვნიშნავ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას, პრეზიდენტისა, რომელსაც ამომრჩეველთა 56, 7 პროცენტმა ხმა მისცა. ჩვენ მოწვევას გავუგზავნით აფხაზ ხალხს, მთიან ყარაბაღს და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს - ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გვერდით იდგა ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – განუცხადა მიტინგზე შეკრებილებს ალა ჯიოევამ.

ინაუგურაციის თარიღის გამოცხადებას ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მათი აზრით, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო.

ინაუგურაციის ჩასატარებლად ალა ჯიოევა ხელისუფლებისგან ერთ–ერთი დარბაზის დათმობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პრეზიდენტის საზეიმო ფიცს ქუჩაში წარმოთქვამს. ექსპერტების აზრით, შესაძლოა ამ ყველაფერს სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს. ჯიოევამ ინაუგურაციის თარიღის დასახელება რამდენჯერმე გადადო და კონსულტაციებს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან განაგრძობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამ კონსულტაციებს მოაქვს ოპოზიციისთვის რაიმე სარგებელი. გარდა ამისა, უკვე ცხადი გახდა, რომ ჯიოევას 25 მარტის ეგრეთ წოდებულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ დაუშვებდნენ. ერთ–ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში ჯიოევამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომი ტრაგედიაა, მაგრამ თუ კანონს იცავ, გარკვეული მსხვერპლისთვისაც მზად უნდა იყო. ოსურმა მედიამ ეს განცხადება ჯიოევას სამოქალაქო ომისთვის მზადყოფნად აღიქვა და პუბლიკაციებიც ასეთივე სათაურით გამოაქვეყნა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ ჯიოევამ საკუთარი შანსი ხელიდან მაშინ გაუშვა, როცა ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმოწერაზე დათანხმდა, ახლა კი მისი ნაბიჯები ვა-ბანკზე წასვლას ჰგავს.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი
„მას შემდეგ, რაც კოკოითი გადადგა, იმ შეთანხმების შესაბამისად, საზოგადოებაში გარკვეულმა სიმშვიდემ და სიმსუბუქემ დაისადგურა, იმიტომ რომ ხალხმა პირდაპირ ჯიოევას კი არ მისცა ხმა, არამედ კოკოითის წინააღმდეგ მისცა. როცა კოკოითი გადამდგარია და დანიშნულია ახალი არჩევნები, ამ ფონზე, მე მგონია, რომ ოსურ საზოგადოებაში არ იქნება მოთხოვნა რევოლუციაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ჯიოევა მიდის ვა-ბანკზე, რათა გაამართლოს თავისი არმონაწილეობა არჩევნებში, როგორც 26 მაისს ნინო ბურჯანაძე წავიდა ასეთ ვა-ბანკზე, ანუ წავიდეს ისეთ გამომწვევ ნაბიჯზე, რომ შემდეგ თავი იმართლოს, თუ რატომ არ მონაწილეობს არჩევნებში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასობაში თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს. პრეზიდენტობის სურვილს კი ის ადამიანებიც გამოთქვამენ, რომლებმაც დეკემბრის აქციებზე მხარდაჭერა ალა ჯიოევას გამოუცხადეს. ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, ჯიოევას მომხრეების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება და მისი საინაუგურაციო ნაბიჯიც დაგვიანებულად მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG