Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები პოლიტიკაში... და ყველგან


ლეილა ალიევა
ლეილა ალიევა
როგორია საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა ამიერკავკასიის ქვეყნებში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალები უფრო გააქტიურდნენ? რა არის ის მთავარი დაბრკოლებები, რაც გენდერული პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებას დღემდე ხელს უშლის საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება აზერბაიჯანის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორს ლეილა ალიევას ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებლად ყურადსაღები რეკომენდაცია, რომელიც გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისათვის ამიერკავკასიის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ?

ლეილა ალიევა: ზოგადად, მთავარი მესიჯი, რომელიც დაკავშირებულია გენდერის საკითხებთან და ქალთა მიმართ პოლიტიკასთან, არის ის, რომ ქალები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, თანაბრად უნდა იყვნენ პროცესებში ჩართულნი. დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა მონაწილეობა საკმაოდ მცირეა. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთის რამდენიმე ქვეყანაა, სადაც დაცულია გენდერული ბალანსი მთავრობასა და პარლამენტში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით საკმაოდ არადამაკმაყოფილებელი სურათია კავკასიის ქვეყნებშიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარი გზავნილიც ამ პროცესში ამ ტენდენციის შეცვლაა.

რადიო თავისუფლება: არაერთი პროგრამა განხორციელდა გენდერული ბალანსის და ქალთა მონაწილეობის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ძალიან ხშირად ქალს სამსახურში აყვანაზე მხოლოდ მისი სქესის გამო ეუბნებიან უარს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

ლეილა ალიევა: მე ვფიქრობ, რომ სამი ძირითადი პრობლემა არსებობს, რომელსაც ჩვენს რეგიონში გენდერული პოლიტიკის განხორციელებისას ვაწყდებით. პირველი - ეს ჩვეული ტრადიციული სტერეოტიპებია. ჩვენს საზოგადოებაში დომინანტი როლი კვლავაც მამაკაცებს უჭირავთ. ხელმძღვანელ თანამდებობებზე, უმეტეს შემთხვევაში, კაცები არიან. თუ გადავხედავთ, ქალები მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამსახურებში არიან დასაქმებული. რაც უფრო მაღალ დონეზე ეძებ, ქალთა რიცხვი სულ უფრო მცირდება. უთანასწორობის ნიშანიც ესაა - როცა რამდენიმე კაცს უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ქალთა ასეთ დიდ რაოდენობას. ეს ტრადიციული სტერეოტიპი იმასაც გულისხმობს, რომ ქალი ჩვენს რეგიონში ოჯახთანაა მიჯაჭვული, ჯერ კიდევ მიიჩნევა, რომ ქალმა მხოლოდ შვილები უნდა გააჩინოს და მათ მოუაროს, და, სხვათა შორის, ბევრი ქალი ამას ემორჩილება კიდეც. ამას, ცხადია, ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ უმრავლესობა ასეა. მეორე მიზეზი არის ქალის ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებთან. ქალი რომ პოლიტიკაში ჩაერთოს, ამისათვის მას ამ რესურსზე ხელმისაწვდომობა სჭირდება. არადა, როგორც ვიცით, ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელიც ფინანსურ რესურსებს აკონტროლებს, ვთქვათ, დიდ ბიზნესში მოღვაწეობს. ესეც - მეორე დიდი დაბრკოლება. მესამე ეს არის სამსახურისა და საოჯახო ცხოვრების შეთავსების პრობლემა. ამისათვის გარკვეული საკანონმდებლო გარანტიებიცაა საჭირო, რომ ქალი ბოლომდე იყოს მამაკაცის თანასწორი... და კიდევ ერთ დაბრკოლებასაც დავამატებდი. ეს არის პოლიტიკოს ქალთა საქმიანობის არასაკმარისი გაშუქება მედიის მიერ, რადგან მთელ მსოფლიოში მედიას, როგორც წესი, კაცები აკონტროლებენ. ფაქტია, რომ მედიაც სამაუწყებლო სივრცეს უმეტესად სწორედ პოლიტიკოს კაცებს უთმობს და არა ქალებს.

რადიო თავისუფლება: საქართველოს პარლამენტში პარლამენტარების მხოლოდ 6%-ია ქალი. მათ პრაქტიკულად არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია? და აზერბაიჯანსა და სომხეთში რა ვითარებაა ამ მხრივ?

ლეილა ალიევა: სომხეთის პარლამენტში 9% ქალია წარმოდგენილი, აზერბაიჯანში -დაახლოებით 16%... აი, შვედეთში კი - 45%. ასე რომ, განსხვავება თავად შეგიძლიათ დაინახოთ. არ ვიცი, რატომ არის საქართველოს პარლამენტში ასე ცოტა ქალი, თუმცა თქვენს მთავრობაში ქალებს წამყვანი თანამდებობები უჭირავთ და ეს, გარკვეულწილად, აბალანსებს პარლამენტში არსებულ ვითარებას.

რადიო თავისუფლება: დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ფინანსურად წახალისდება ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარტიულ სიაში ქალთა რაოდენობას გაზრდიან, ანუ თუ ყოველი მეათე ამ სიაში ქალი იქნება, 20%-იან დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თქვენი აზრით, ეს რამდენად გონივრული ნაბიჯია?

ლეილა ალიევა: ყველა ის ზომა, რომელიც იმისკენ იქნება მიმართული, რომ პარტიებს ქალების მონაწილეობის გაზრდის მეტი სტიმული ჰქონდეთ, ვფიქრობ, უკვე საქმის ნახევარია. ეს მაგალითი ბევრმა სხვა ქვეყანამაც უნდა გაიზიაროს, ვისაც სურს, რომ გენდერული სიტუაცია მათთანაც რეალურად გამოსწორდეს. ეს კარგია, თუმცა მხოლოდ დასაწყისია. მაგალითად, შვედეთის კანონმდებლობით, სიაში ქალი ყოველი მეათე კი არ უნდა იყოს, არამედ, ყოველი მეორე. და ეს შემდგომი ნაბიჯია ქალთა მიმართ დამოკიდებულების გამოსწორების გზაზე.

რადიო თავისუფლება: ცოტა რიტორიკული შეკითხვა უნდა დაგისვათ. მაინც რატომ გვინდა მეტი ქალი პოლიტიკაში, რა შეუძლიათ მათ ისეთი, რისი გაკეთებაც კაცებს არ ძალუძთ?

ლეილა ალიევა: პრაქტიკა აჩვენებს, რომ როდესაც ქალი თავისუფალია, როცა მას აქვს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და თავის პოტენციალს თავისუფლად წარმოაჩენს, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხანდახან ისინი გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე კაცები. მე ვფიქრობ, თუ საზოგადოების 50-51% ქალებისგან შედგება და თუ საზოგადოების ამ ნაწილის პოლიტიკური თუ შემოქმედებითი პოტენციალი სათანადოდ რეალიზებული არ არის, მაშინ ასეთი ქვეყანა სუსტი ქვეყანაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG