Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება


არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის პეტიციაზე ”ეს შენ გეხება” 16 თებერვალს 170-ზე მეტმა სუბიექტმა მოაწერა ხელი. პეტიცია, რომელიც პარლამენტში 17 თებერვალს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან ერთად შევა, ელექტრონული ხელმოწერები გრძელდება. პეტიციის ხელმომწერები საარჩევნო კანონმდებლობის ბუნდოვანი მუხლების შეცვლას მოითხოვენ.

პეტიციის ხელმომწერთა შორისაა სტუდია ”რეს” ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე, რომლის შეფასებითაც, კანონები, რომლებიც მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლების საკითხებს ეხება, კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი. მისი თქმით, ბუნდოვანებისა და ორაზროვნების აღმოსაფხვრელად დრო კიდევ არის:

” სამოქალაქო სექტორი მარტო ვერ მოერევა ამას. საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს და ამისათვის არის საჭირო პეტიციებიც, შეხვედრებიც, აქციებიც, რომელსაც, უნდა თუ არ უნდა, უნდა გაუწიოს ხელისუფლებამ ანგარიში. ამისთვის ვარ აქ, ამისთვის ვაწერ ხელს და მეც, შეძლებისდაგვარად, ჩემი უნარისა თუ ცოდნიდან გამომდინარე, ვიქნები აქტიური, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს.“
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაისაჯოს პარტია, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით აკეთებს ამას, და არა ამომრჩეველი, რომელიც ითხოვს ამ დახმარებას ...
ნინო ლომჯარია

ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელშიც გასული წლის დეკემბერში, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არაკონსტიტუციური და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი ცვლილებები შევიდა, თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას ეხება. შესაბამისად, საფრთხეც, რომელიც
”პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონში სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებების შედეგად გაჩნდა, კამპანიის ფარგლებში, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: კანონის არსებული ჩანაწერების უმთავრესი მიზანი არა მისი აღსრულება, არამედ ბუნდოვანი ფორმულირებებითა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობით საზოგადოების დაშინებაა. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს, პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისაგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა თავისუფლება 3 წლით აღეკვეთოს.

”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას თქმით, კანონი იმგვარად უნდა შესწორდეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს არა ამომრჩეველს, არამედ მას, ვინც მის მოსყიდვას ცდილობს:

”ამომრჩეველი, სამწუხაროდ, დღეს არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე და პრაქტიკიდანაც გამომდინარე (იგივე მმართველი პარტიის სახელზე დახმარების თხოვნით არაერთი წერილი იწერება), მიმართავს პოლიტიკურ გაერთიანებებს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაისაჯოს პარტია, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით აკეთებს ამას, და არა ამომრჩეველი, რომელიც ითხოვს ამ დახმარებას.“
მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ჩართული. როგორ, ამის უამრავი საშუალება არსებობს და ეს სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ...
შორენა შავერდაშვილი

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, ცვლილება უნდა შევიდეს ”პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონის 10 და სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 1 პუნქტში. მოქმედი რედაქციით, ეს რეგულაციები ზღუდავს გამოხატვის, საკუთრების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, მძიმე და გაუმართლებელ სანქციებს უწესებს თითოეულ ამომრჩეველს, ულიმიტო და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს კონტროლის პალატას და არათანასწორ საარჩევნო გარემოს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის. კანონმდებლობის ძალით, თითოეული ორგანიზაციისა თუ მოქალაქის შემზღუდავი ეს საფრთხეები სწორედ ასეთი ფორმულირებით აისახა პეტიციაში ”ეს შენ გეხება”.

კამპანიის ”ეს შენ გეხება” ინიციატორებისთვის საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება მთავარ ამოცანად რჩება. ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი ამბობს:

”მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ჩართული. როგორ, ამის უამრავი საშუალება არსებობს და ეს სწორედ ამ კამპანიის ნაწილია. ეს იქნება როგორც ინტერნეტაქტივობები, ისე რეალური აქტივობები და ასე შემდეგ. მიზანი არის ის, რომ მივიღოთ საკანონმდებლო ცვლილებები.“

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში, როგორც უკვე ითქვა, პეტიციასთან ერთად 17 თებერვალს შევა. პარლამენტის უმრავლესობის წევრის, გიორგი კანდელაკის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის შინაარსის გაცნობამდე იმის თქმა, გახდება თუ არა ეს პროექტი პარლამენტის მსჯელობის საგანი, შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG