Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ დავითაშვილი-სანოგო - სკოლის მოსწავლე


12 თებერვალი, კვირა
უცნაურია დღიურის წერა, როდესაც იცი, რომ მას ბევრი სხვაც წაიკითხავს. მე მაინც ვეცდები, გულახდილი ვიყო.

როგორც ყოველ კვირა დილით, დღესაც გაკვეთილზე ვიყავი. ამჯერად ქართულზე. მერე სახლში დავბრუნდი, ვიმეცადინე და, საღამოს, მეგობრებს შევხვდი. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ძალიან მრავალფეროვანი სამეგობრო მყავს. ერთმანეთისგან ყველა რადიკალურად განსხვავდება. ამის გამო, რთულია ყველასთან ერთნაირად ხშირი ურთიერთობა. ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა სასიხარულო მომენტი ჩემს მეგობრებს უკავშირდება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მათთვის დრო გამოვძებნო.

დღე დამთავრდა და კმაყოფილი ვარ. ყველაფერი მოვასწარი, რის გაკეთებაც მინდოდა.

13 თებერვალი, ორშაბათი
დილით სკოლაში წავედი. როგორც ყოველთვის, გაღვიძება გამიჭირდა. არც ისე სასიამოვნოა, დილის 8 საათზე ადგე თბილი ლოგინიდან და სიცივეში და ყინვაში გახვიდე.

სკოლის შემდეგ გაკვეთილზე ვიყავი და, საშინლად დაღლილმა, მუსიკა ჩავრთე. მუსიკა ერთადერთია, რაც დასვენებაში მეხმარება.

ვუსმენ ძალიან ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ მიმდინარეობას. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ყველაზე სასიამოვნოა ახლის აღმოჩენა.

დღეს მეგობრებთან ერთად ვალენტინობის underground-პარტიზე ვიყავი. მუსიკა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ხალხი - ცოტა, რაზეც გული დამწყდა. ძალიან ბევრი იმუშავეს ადამიანებმა, რომლებმაც ეს საღამო მოაწყვეს და, ფაქტობრივად, ჩაიშალა.
თავისუფლების დღიურები - მარიამ დავითაშვილი-სანოგო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:27 0:00
გადმოწერა

14 თებერვალი, სამშაბათი
დღეს, რა თქმა უნდა, სკოლაში ვერ წავედი... გუშინ ვალენტინობის დღესასწაულმა „გადამიყოლა“ და ძალიან გვიან დავბრუნდი სახლში. მოკლედ, დილით კარგად გამოვიძინე. სკოლაში ვერ წავედი, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც იქნა, მოვიცალე ჩემი ოთახისთვის და რამდენიმე ახალი ნახატი მივამატე. ოთახში თეთრი კედლები მაქვს და სულ მინდა რაღაც მივახატო, მივაწერო. პულვერიზატორითაც მინდოდა რაღაცების დახატვა, მაგრამ გადავიფიქრე. სამაგიეროდ, რამდენიმე მაისური გადავაკეთე და პულვერიზატორებით ისინი მოვხატე. ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებს იმას, რაც მე მინდა. საღამოს ისევ გაკვეთილზე წავედი.

15 თებერვალი, ოთხშაბათი
დილიდან სკოლაში ვარ... მერე - გაკვეთილი და ასე, ყოველდღე.

15 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ ხელმძღვანელს, თაკო ჩხეიძეს შევხვდი. ერთ-ერთი „მოდის კვირეული“ იყო. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია ამ საქმესთან, თუმცა ხშირად უთქვამთ, მოდელობაზე იფიქრეო. როცა თაკო ჩხეიძემ სერიოზულად შემომთავაზა მომზადება, არც დავფიქრებულვარ. ვსწავლობდი სიარულს, თავის დაჭერას... სულ არ მეგონა, რომ მზად ვიყავი და ძალიან გამიკვირდა, რომ მომდევნო Fashion Week-ზე თაკო ჩხეიძემ პოდიუმზე გამიყვანა. კიდევ უფრო მეტად გამიკვირდა, როცა რამდენიმე ქართველმა დიზაინერმა თავის ჩვენებაზე მიმიწვია.

ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გადაღებები, შემოთავაზებები... რა თქმა უნდა, უკვე ძალიან დიდი სიამოვნებით ვთანხმდები.

Fashion Week-ის პერიოდებში დიდი დატვირთვა მაქვს, მთელი დღე გრძელდება ხოლმე გადაღებები, გამოსვლები. დიდი შრომა უნდა ამ ყველაფერს, დიდი ენერგია მიაქვს!

16 თებერვალი, ხუთშაბათი
დღეს სკოლაში მარტო ერთ გაკვეთილზე ვიყავი, რადგან პასპორტის გაკეთება დამჭირდა სასწრაფოდ. პასპორტი იმიტომ დამჭირდა, რომ სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსმა“ რაღაც საინტერესო წინადადება შემომთავაზა და, შესაძლოა, საქართველოდან გასვლა დამჭირდეს. არ მინდა წინასწარ ვთქვა, რა შემოთავაზებაა; ჯერ გამოვიდეს ყველაფერი და მერე ვნახოთ.

მოკლედ, პასპორტის აღება მჭირდებოდა და დილიდან უნდა მეზრუნა ამაზე, რადგან, როგორც დედაჩემი ფიქრობდა, უამრავი პრობლემა იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა - ჯერ სამოქალაქო რეესტრში წავედი, მერე საფრანგეთის საელჩოში მომიწია მისვლა დაბადების მოწმობის დასამოწმებლად, მერე ისევ რეესტრში დავბრუნდით და მაინც ვერ მოვამთავრეთ ეს ამბავი.

საქმე ის არის, რომ მე საფრანგეთში დავიბადე, ნორმანდიის ქალაქ რუანში. ჩემი მშობლები რუანის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი. დედა ქართველია, თინა დავითაშვილი, მამა კი - ლამინ სანოგო. აფრიკიდან არის, ბურკინა-ფასოდან. ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მერე მამა სამშობლოში დაბრუნდა, მე და დედა კი თბილისში დავრჩით.

საღამოს ძალიან დაღლილი წავედი მორიგ გაკვეთილზე.

თუმცა, გაკვეთილის მერე ბავშვობის მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც თითქმის ყველა ჩემი ძველი კლასელი იყო. მეექვსე კლასამდე ერთად ვსწავლობდით ნოე ჟორდანიას სახელობის ქართულ-ფრანგულ ლიცეუმში, მერე მე 23-ე სკოლაში გადავედი. ძველი კლასელები ძალიან მენატრებოდნენ და გამიხარდა, რომ შევხვდით.

17 თებერვალი, პარასკევი
გამოვიდა, რომ დღესაც გავაცდინე სკოლა. ცუდ გუნებაზე დავდექი. ისევ პასპორტის გამო ვერ წავედი. ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა წავსულიყავით. საელჩოს დამოწმებული ბეჭედი კიდევ ერთხელ დავამოწმეთ და ისევ სამოქალაქო რეესტრში დავბრუნდით. კარგა ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი.

ამასობაში გაკვეთილზე წასვლის დროც მოვიდა. მერე ისევ საბუთებზე მომიწია სირბილი. და, როგორც იქნა, მომცეს პასპორტი. გამიხარდა!

სახლში დაღლილი დავბრუნდი და შაბათის დავალებები გავაკეთე. მაინც გამოვძებნე დრო და გვიან საღამოს მეგობართან წავედი.

18 თებერვალი, შაბათი
უნდა გამოვტყდე: დილით ადგომა მიჭირს. მიხაროდა, რომ შაბათია და სკოლაში არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ თვალი გავახილე თუ არა, გამახსენდა, რომ დღეს მაინც წასასვლელი ვარ. ყინვების გამო სკოლაში რამდენიმე დღე სწავლა გაუქმებული იყო და დღეს უნდა აღვადგინოთ.

ბებია დამადგა თავზე და დროზე ადექიო, მთხოვდა - სკოლაში რომ არ დამეგვიანა. საუზმე უკვე გამზადებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის. მე ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს! ფაქტობრივად, მათი გაზრდილი ვარ.

მერე ჩემს ნაწერებს ჩავუჯექი.

ერთ კვირაზე მეტია, ჩემი ძმა არ მინახავს. იმედი მქონდა, რომ დღეს მოიყვანდა დედა, მაგრამ ვეღარ მოახერხა მოსვლა. გული დამწყდა. გიორგი ორი წლის არის, დედასთან ცხოვრობს და სულ მენატრება. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ პატარა ძმა მყავს!

დღეს კინოს საღამო გვაქვს. ასეთ საღამოებს ხშირად ვაწყობთ მეგობრები: ვიკრიბებით და ერთად ვუყურებთ ხოლმე ახალ ფილმებს. ზოგჯერ მუსიკას ვუსმენთ, ზოგჯერ, უბრალოდ, ვიკრიბებით და ამბებს ვუყვებით ერთმანეთს. ერთი სული მაქვს, როდის წავალ...
XS
SM
MD
LG