Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილი უხუცესების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი


სოხუმი
სოხუმი
”ნდობის აღდგენის და შერიგების კავშირი” და მასთან არსებული აფხაზეთიდან დევნილ ქართველ უხუცესთა საბჭო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს და აფხაზებთან შერიგების, ნდობის აღდგენის კონკრეტულ გზებს სთავაზობს. უხუცესთა საბჭოში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ ხელისუფლებას რამდენიმე პროექტის იდეა მიაწოდეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

”ბატონო პრეზიდენტო, თქვენი განცხადებით, რამდენი ხნის წინ უნდა გამთლიანებულიყო საქართველო, მაგრამ, საუბედუროდ, ტერიტორიების დაბრუნება კი არა, ნდობის აღდგენაზეც თითს თითზე არ ვაკარებთ...
როგორ მოვიქცეთ, ვიყოთ ისე, როგორც ვართ, თუ ვიმოქმედოთ, რათა ნდობის ფაქტორი მაინც აღვადგინოთ და ვიაროთ შერიგებისკენ?
ჩვენი ერთ-ერთი წინადადება ენგურის კალაპოტის გაფართოებას შეეხებოდა. სამუშაოებზე დასაქმდებოდნენ აფხაზები და ქართველები ...
მამანტი ჯოლია

სხვა გზა რომ არ არსებობს, თქვენც კარგად იცით. ომით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და რომც დავიბრუნოთ, ვის უნდა ტერიტორია აფხაზების გარეშე? მაშ, რაშია საქმე, რატომ ვდუმვართ, რატომ ყურად არ ვიღებთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებს?“

ამ კითხვით მიმართავენ მიხეილ სააკაშვილს აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უხუცესები. მათ შორის ერთ-ერთი, უხუცესთა საბჭოს დამფუძნებელი მამანტი ჯოლია, უკვე 89 წლისაა. ის ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას მიმართეს სხვადასხვა წინადადებით და ყველა ეს წინადადება ერთადერთ მიზანს - აფხაზებთან შერიგებას უკავშირდებოდა... მაგრამ - უშედეგოდ.

”მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი წინადადება ენგურის კალაპოტის გაფართოებას შეეხებოდა. სამუშაოებზე დასაქმდებოდნენ აფხაზები და ქართველები და მათ უშუალო ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან. ან სოფელ რუხში რომ გაგვეკეთებინა ლილოს ბაზრობის მსგავსი ბაზრობა - ხალხი ერთმანეთს შეხვდებოდა, დაინახავდა. კონცერტებსა და გასართობ ღონისძიებებში მილიონებს რომ ვიხდით, ეს ვის სჭირდება? ჯერჯერობით ადრეაო, ხელისუფლება ამბობს. რაღა ადრეა, ლამის ოცი წელი გავიდა, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ კიდევ, მთელი საუკუნე?”

მამანტი ჯოლია ამბობს, რომ ქართველ უხუცესთა საბჭოს მოწოდებებს შერიგებისაკენ, მათ ინიციატივებს - მაგალითად, ენგურის ხიდთან ომში დაღუპულ ქართველთა და აფხაზთა და სხვა ეროვნების მებრძოლთა პატივსაცემი მონუმენტის დადგმის შესახებ - აფხაზთა უხუცესთა საბჭოს წევრები ყურადღებით განიხილავენ. ისინი მზად არიან დიალოგისთვის, - აღნიშნავს მამანტი ჯოლია. მისი თქმით, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ნდობის აღდგენის გზაზე საქართველოს ხელისუფლება გადადგამს, აფხაზებისათვის მეტად მნიშვნელოვანია:

”ჩერქეზთა გენოციდი ვცანით, კარგია, კი ბატონო, თურქეთში უვიზოდ დავდივართ, - ესეც. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ აფხაზებთან გვინდა დაახლოება. ჩვენს სახელმწიფოში დავამყაროთ ეს უვიზო რეჟიმი, მივცეთ აფხაზებს საშუალება, მოვიდნენ, ლილოში ივაჭრონ...”

შარშან და შარშანწინ, მაგალითად, 3000-ზე მეტი ადამიანი გადმოვიდა და აქ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ჩვენი ექიმებიც იყვნენ იქ ჩასულები ...
გია გვაზავა
ქართველ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე კოტე მარშავა კი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე ვერაფერს გახდება. სანამ კავშირები ჯერ კიდევ არსებობს, სანამ უხუცესები ცოცხლები არიან და საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ, ეს რესურსი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს:

”როგორ დაიბრუნებ აფხაზეთს, თუ ადამიანებს არ დაელაპარაკე?.. ჩვენ მხოლოდ იმას გავიძახით, რომ უნდა დავიბრუნოთ. როგორ მოხდება ეს, ნდობა თუ არ აღდგა? აბა, ეს რა ურთიერთობაა, ვინმეს დაკრძალვაზე რომ გადახვალ საზღვარზე ცოტა ხნით. ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, ჯერ კიდევ გვაქვს ერთმანეთისათვის სათქმელი, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენი თაობა, რადგან ჩემი შვილიშვილების თაობას უფრო გაუჭირდება ამ ურთიერთობების აღდგენა.”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა საპასუხოდ ამბობს, რომ ნდობის აღდგენის პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიით არის განსაზღვრული. ყველა სფეროში ერთნაირი წარმატება არ გვაქვს, თუმცა ის, რაც კეთდება, გვაზავას თქმით, ამას აფხაზები მშვენივრად ხედავენ:

”სამედიცინო სფეროში გვაქვს კონკრეტული შედეგი. შარშან და შარშანწინ, მაგალითად, 3000-ზე მეტი ადამიანი გადმოვიდა და აქ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ჩვენი ექიმებიც იყვნენ იქ ჩასულები. არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც პატარ ჯგუფები ჩამოჰყავს აქ - მაგალითად, ლილოს ბაზრობაზე საკმაოდ ხშირად გაიგონებთ აფხაზურ ენას. ეს, ცხადია, არ არის მასშტაბური ხასიათის, რადგან უამრავი დაბრკოლება არსებობს რუსეთის მხრიდან, ეს რისკია აფხაზებისათვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხალხი გადმოდის... ისიც ცნობილია, რომ ჩვენ მათ ნეიტრალური პასპორტებიც შევთავაზეთ, რომლითაც საზღვარგარეთ გასვლას შეძლებენ, მაგრამ ამ იდეას იქ მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგენიც. კიდევ სხვა ბევრი შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან, მაგრამ ამას ყველაფერს მოსკოვი აფერხებს.”

თუმცა გია გვაზავა იმასაც ამბობს, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი აფხაზი გრძნობს აფხაზური ეთნოსის გაქრობის საფრთხეს. დრო და ეს ფაქტორი უნდა გახდეს ამ კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ბიძგი. თუმცა ქართველ უხუცესთა საბჭოში მაინც ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები საკმარისი არ არის და დროის გასვლასთან ერთად აფხაზებთან შერიგების რესურსიც შეიძლება ამოიწუროს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG