Accessibility links

ახალი ამბები

”ჰიუმან რაიტს უოჩი” აქვეყნებს ანგარიშს ბაქოში იძულებითი გამოსახლების ფაქტებზე

”ჰიუმან რაიტს უოჩი” აცხადებს, რომ ბაქოში, იმ არეალში, სადაც 2012 წლის ”ევროვიზიის” კონკურსისთვის არენა შენდება, აღნუსხა მაცხოვრებლების იძულებით გასახლების არაერთი შემთხვევა. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორმა ჯეინ ბიუქანანმა განაცხადა, რომ ”აზერბაიჯანის ხელისუფლება არა მხოლოდ შენობებს ანადგურებს, არამედ ანგრევს ადამიანების ცხოვრება”. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” თანახმად, გამოსახლება ხდება ”ევროვიზიასთან” დაკავშირებული სხვადასხვა პროექტის გამო. იძულებით გამოსახლებული ადამიანები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ არაადეკვატური კომპენსაცია შეთავაზა.

ყველა ახალი ამბავი

სოფო კილაძე: წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ

სოფიო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სხდომათა დარბაზში უცხო ნივთიერების დასხმის საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე:

„მე ვიყავი დარბაზში. სამწუხაროდ, ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი. სამართლებრივ შეფასებას სამართალდამცავები გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება შემიძლია ვთქვა, ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ნორმალური საქციელია, ადამიანური და პოლიტიკური საქციელია?! ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი სახე და მოახერხეს და დააშავეს ადამიანები,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანახმად, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი - ორი დეპუტატი და 2 აპარატის თანამშრომელი. დეპუტატის განმარტებით, აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენი სამს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ამის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა ინფორმაცია.

დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პარლამენტში ჯერჯერობით გაურკვეველი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა "ქვეყნის სამსახურში" აიღო.

რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატი გამოაცხადა არასასურველ პირად ბერლინის ნაბიჯის საპასუხოდ

რუსეთმა განაცხადა, რომ ორ გერმანელ დიპლომატს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება გასულ კვირაში გერმანიის ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 დეკემბერის განცხადებით, სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი რუსეთში5 გეზა ანდრეას ფონ გაირი და მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ორმა გერმანელმა დიპლომატმა შვიდ დღეში უნდა დატოვოს რუსეთი.

რუსეთის საგარეო უწყება იშველიებს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომლის თანახმად, რომელიმე ქვეყნის მიერ დიპლომატების გაძევებს შემთხვევაში, საპასუხოდ ეს ქვეყანა არასასურველ პირებად აცხადებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

გერმანიამ გასულ კვირაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის ორი დიპლომატი მას მერე, რაც გენერალურმა პროკურატურამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ „მოიპოვება საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის მთავრობის ორგანოებმა, ან ჩეჩნეთის რეგიონულმა ორგანოებმა შეუკვეთეს საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩნის - ქისტის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა".

ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში, „კლაინერ ტირგარტენში“. დაკავებულია 49 წლის პირი რუსეთის პასპორტით. ეჭვმიტანილი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, სავარაუდოდ, კავშირშია 2013 წელს რუსი ბიზნესმენის მკვლელობასთან.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამატებით ზომებს მიმართავს, თუ მოსკოვი არ ითანამშრომლებს მკვლელობის გამოძიებაში. გერმანული მხარე თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ აღმოუჩინა გამოძიებას შესატყვისი დახმარება.

ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში. მოგვიანებით, საქართველოში ცხოვრების პერიოდში ის დაკავშირებული იყო უშიშროების სამსახურებთან. 2015 წელს თბილისში მასზე განხორციელდა თავდასხმა. ხანგოშვილმა ამის შემდეგ საქართველო დატოვა და პოლონეთსა და უკრაინაში ყოფნის შემდეგ გერმანიაში ითხოვდა თავშესაფარს ოჯახთან ერთად.

ირმა ნადირაშვილი: მგონი ბატონმა ჩემმა კოლეგებმა საერთოდ გააფრინეს, როცა ხელს იშვერენ ჩემზე

"მე მგონი ბატონმა ჩემმა კოლეგებმა საერთოდ გააფრინეს, როცა ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. მე დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - დამოუკიდებელი დეპუტატები იღებდნენ თუ არა მონაწილეობას მონაწილეობას კენჭისყრაში. როცა შევედი დარბაზის იმ ნაწილში სკამები იყო ცარიელი, ქალბატონ ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ზუსტად ალბათ 30 წამი, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხულია და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება, არც კი მინდა სერიოზულად მივუდგე" - თქვა დეპუტატმა ირმა ინაშვილმა საკუთარი პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრალდებაზე, რომელიც ქართული ოცნების წევრებმა მის მიმართ გააჟღერეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა დარბაზში არსებული სუნის გამო, რომელიც იქ დაღვრილმა სითხემ გამოიწვია.

განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა ინფორმაცია:

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა უმკაცრესი რეაგირება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირმა ნადირაშვილის სახელი სითხეს მიმართებაში პირველად გია ვოლსკიმ ახსენა.

"ამას რა ჰქვია და აქცია-პერფორმანსი, ძალადობრივი, მე ვფიქრობ, რომ კრეატიულად ძალიან სუსტი, რომ მთავარი არხი, ნაცმოძრაობა, მოძრაობა კმარა თუ სირცხვილია, ნადირაშვილი და რამოდენიმე ადამიანი არიან გაერთიანებული ერთ სცენარში, რომელმაც ეს არეულობა გამოიწვია. ” - თქვა გია ვოლსკიმ.

“რაღაც დაასხეს, მე მგონი ორმა გოგომ ნაციონალები რომ არიან თუ მეორე ნაციონალები. ეს თავისი შინაარსით არის ტერორისტული აქტია, ალბათ გამოიძიებენ. მე არ დამინახია რომ გავიდნენ საშინელი სუნი დადგა”, – ეს განცხადება გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.

დეპუტატმა ნინო წილოსანმა კი თქვა, რომ დაინახა დარბაზში შესული დეპუტატები, რომლის გვარს და სახელსაც არ იტყვის გამოძიებამდე, თუმცა თვლის, რომ "ეს ადამიანები თითოეულ ჩვენგანს, მოქალაქეს, სრულიად ერს ჩაგვიყრიან მალე საწამლავს.”

ირმა ნადირაშვილი კოლეგებისგან, რომლების მას ბრალდებებს უყენებენ, ბოდიშის მოხდას ითხოვს.

პარლამენტში ჯერჯერობით გაურკვეველი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი "ქვეყნის სამსახურში" იღებს.

გია გაჩეჩილაძე პარლამენტში სითხის დასხმაზე: დიდი რისკია, რომ ეს არის ტერორისტული აქტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში უცხო ნივთიერების დაღვრა ტერორისტული აქტი იყოს:

„არ ვიცი ეხლა შეისწავლიან ხილული შემადგენლობა რა არის, ალბათ ანალიზებს აიღებენ და დიდი რისკია, რომ ეს არის ტერორისტული აქტი“, - განაცხადა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში.

პარლამენტში ჯერჯერობით გაურკვეველი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა "ქვეყნის სამსახურში" აიღო.

შესაბამისი პოსტი მათ ფეისბუკში გამოაქვეყნეს.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ამის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა ინფორმაცია:

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა უმკაცრესი რეაგირება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. აღნიშნულის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა, რომელიც მისივე განცხადებით, ალერგიულია. შეუძლოდ გახდა პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელიც.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პარლამენტში ექიმები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახეს

პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების შემცველი სითხის დაღვრის გამო.

შენობიდან გაიყვანეს პარლამენტის თანამშრომელი ქალი, რომელიც სუნის გამო შეუძლოდ გახდა. თავი შეუძლოდ იგრძნეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა და სვეტლანა კუდბამ.

პარლამენტის პლენარული სხდომა დაახლოებით 13:15 საათისთვის შეწყდა დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ: ​„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა, უმკაცრესი რეაგირება".

მოგვიანებით მოძრაობა "სირცხვილია"-მ განაცხადა, რომ "პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს".

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი კანდიდატების კენჭისყრა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.

ქარტიის განცხადება კომიტეტიდან ჟურნალისტის გამოძევებაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტში დღეს მომხდარ შემთხვევას.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს დარბაზიდან. მანდატურებმა განსაკუთრებული უხეშობით გაიყვანეს დარბაზიდან ტაბულას ჟურნალისტი თიკო ერაძე, რომელსაც ნაკაწრები აქვს ხელზე.

"ჟურნალისტების მონათხრობით (ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს) კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა., “გამოათრიეთ ეხლავე”, “გამოყარეთ” - ისმის კადრებში." - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში

ჟურნალისტები ქარტიასთან საუბარში ამბობენ, რომ მანდატურების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი უხეში მოპყრობა არ ახსოვთ.

ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს პარლამენტში დღეს მომხდარ ფაქტზე და მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.

რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ზვიოზდოჩკის ნავსადგურში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი, "ადმირალი კუზნეცოვი" მურმანსკის ნავსადგურში, 2018 წლის მაისი

ხანძარი გაჩნდა რუსეთის ერთადერთ ავიამზიდზე, „ადმირალ კუზნეცოვზე“, როცა ის შესაკეთებლად იდგა არხანგელსკის რეგინში, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში.

რუსეთის მედიას მოჰყავს სამაშველო სამსახურის და ქალაქ სევეროდვინსკის ზვიოზდოჩკის ნავსადგურის ოფიციალურ წარმომადგენელთა ნათქვამი, რომ ხანძარი 12 დეკემბერს გაჩნდა ხომალდის სატვირთო ნაწილში. ცნობით, ავიამზიდზე მყოფი ერთი პირი დაკარგულია. ხანძრის ჩაქრობას აძნელებს ის, რომ იწვის დაღვრილი დიზელის საწვავი.

უმრავლესობის 6 ყოფილი წევრი მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და ზაზა ხუციშვილი უარს ამბობენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაში.

„დღეს, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელი საქმიანობის განმავლობაში - უვადოდ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მთელი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული მართლმსაჯულება მრავალი სირთულის და გამოწვევის წინაშე დგას და აქვს საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია არ გააღრმავოს უნდობლობა და დასაბამი დაუდოს სწორ პროცესებს მართლმსაჯულების სისტემაში“, - ნათქვამია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.

მათი შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საკმაოდ მცირეა იმ კანდიდატთა რაოდენობა, ვინც თავისი კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერებით იმსახურებს საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტატუსს.

„რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, ეს იყო საშუალება სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატთა უმრავლესობის დანიშვნა მთელ ამ პროცესს აყენებს ჩრდილს. მთავარი, რა თქმა უნდა, არის არა მრავალთვიანი განხილვები, არამედ შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ. მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე“.

თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ნინო გოგუაძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინე ფრუიძემ და ზაზა ხუციშვილმა "ქართული ოცნების" უმრავლესობა მას შემდეგ დატოვეს, რაც 14 ნოემბერს, პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება. კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

"ქვეყნის სამსახურში" პარლამენტში სითხის დაღვრაზე პასუხისმგებლობას იღებს

პარლამენტში ჯერჯერობით გაურკვეველი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი "ქვეყნის სამსახურში" იღებს.

შესაბამისი პოსტი მათ ფეისბუკში გამოაქვეყნეს.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ამის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა ინფორმაცია:

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა უმკაცრესი რეაგირება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. აღნიშნულის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა, რომელიც მისივე განცხადებით, ალერგიულია.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ამის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა ინფორმაცია:

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა უმკაცრესი რეაგირება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. აღნიშნულის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა, რომელიც მისივე განცხადებით, ალერგიულია.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს

საქართველოს დროშა ბაგრამის ბაზაზე (საარქივო ფოტო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წარმატებით დასრულდა ტერორისტების წმენდისა და ლიკვიდაციის სამხედრო ოპერაცია და ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ, ლიკვიდირებულია ცხრა და დაკავებულია ერთი ტერორისტი.

ბაგრამის ბაზაზე მყოფი მე-12 ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება დროულად მოახდინა და მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის შესრულება ვერ შეძლო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან და დაკისრებული ამოცანების შესრულებას განაგრძობენ.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 11 დეკემბერს მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 70-მდე დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურეც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს. ქართველი სამხედროები ბაგრამის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში მსახურობენ.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

შალვა თადუმაძე

მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციის თანახმად, საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად არ დასტურდება, როგორც შალვა თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის, ასევე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა.

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აღნიშნავს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგზავნილი წერილით შეუძლებელია , რადგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შალვა თადუმაძეს დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. ამავე ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს შალვა თადუმაძეს ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება.

12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭში უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. იმ 14 კანდიდატს შორის, რომლებმაც კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა და კომიტეტის რეკომენდაცია დაიმსახურეს, არის მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეც.

ანრი ოხანაშვილი უარყოფს, რომ დარბაზიდან ჟურნალისტების გაყვანის დავალება გასცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „არანაირი დავალება არ იყო გაცემული ჟურნალისტების გაყვანასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგასთან, ქალბატონ ეკა ბესელიასთან გაგვევლო საკითხი, რა ფორმით სურდა მას საკითხის წარმოდგენა. რა თქმა უნდა, არანაირი დავალება, მითითება, რომ ვინმეს ჟურნალისტი უნდა გაეყვანა, არ ყოფილა... არანაირი პირობა არ მქონდა იმისი, რომ ვინმესთვის მიმეთითებინა“, - უთხრა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელზეც კენჭი უყარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

შეკითხვებს, მანდატურების ინიციატივა იყო თუ არა დარბაზიდან მედიის გაყვანა და რატომ სცემეს ჟურნალისტს, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა: „მე მოვუწოდე ყველას, რომ თქვენ ყოფილიყავით წარმოდგენილი კომიტეტზე, გაგეშუქებინათ ყველაფერი. დანარჩენი, რაც არ დამინახავს, ვერ გეტყვით. ძალიან სამწუხაროა, თუკი შეხლა-შემოხლა მოხდა. მაგრამ, როდესაც გთხოვენ რომ გადაიწიოთ, თქვენც უნდა გქონდეთ ამისი სურვილი".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტზე დაყრდნობით, დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას არ მისცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მოსაზრების გამოთქმის უფლება და ამას დაპირისპირება მოჰყვა. ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე ეკა ბესელიას გამოსვლის უფლება მისცეს.

ბესელიას სიტყვით გამოსვლამდე პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი: „გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები“.

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი მოსამამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა.

1. თამარ ალანია - 1 მომხრე, 1 წინააღმდეგი

2. მერაბ გაბინაშვილი-7 მომხრე, 1 წინააღმდეგი

3. შოთა გეწაძე- 1 მომხრე, 1 მოწინააღმდეგე

4. მირანდა ერემაძე- 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი

5. მამუკა ვასაძე- 7 მომხრე, 1 წინააღმდეგი

6. მაია ვაჩაძე- 7 მომხრე, 1 წინააღმდეგი

7. თამარ ზამბახიძე- 8 მომხრე, 1 წინააღმდეგი

8. შალვა თადუმაძე- 8 მომხრე, 1 წინააღმდეგი

9. ზაზა თავაძე - 0 ხმა, მან გაითხოვა თავუისი კანდიდატურა

10. ვკლადიმერ კაკაბაძე- 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი

11. ლევან მიქაბერიძე- 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი

12. გიორგი მიქაუტაძე- 8 მომხრე, 1 წინააღმდეგი

13. პაატა სილაგაძე- 2 მომხრე, 1 წინააღმდეგი

14. ნუგზარ სხირტლაძე- 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი

15. ლალი ფაფიაშვილი- 7 მომხრე, 1 წინააღმდეგი

16. ნინო ქადაგიძე- 7 მომხრე, 1 წინააღმდეგი

17. ლაშა ქოჩიაშვილი- 1 მომხრე, 1 წინააღმდეგი

18. ქეთევან ცინცაძე- 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი

19. ალექსანდრე წულაძე- 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი

20. გოჩა ჯეირანაშვილი- 1 მომხრე, 1 წინააღმდეგი

კენჭისყრის მონაცემებით, პარლამენტის იურუიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია 14 კანდიდატს. ესენი არიან მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს თამარ ალანიამ, შოთა გეწაძემ, ზაზა თავაძემ, პაატა სილაგაძემ, ლაშა ქოჩიაშვილმა და გოჩა ჯეირანაშვილმა. მათგან ზაზა თავაძემ კანდიდატურა თავად მოხსნა და კენჭისყრაში მის მონაწილეობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

კენჭისყრაში ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული 1 ხმა დეპუტატ ეკა ბესელიას ეკუთვნოდა.

მანდატურებმა ჟურნალისტების ნაწილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს კომიტეტის სხდომიდან

ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა იურიდიული კომიტეტის სხდომისას, სადაც უზენაესი სასამართლოდ კანდიდატების დამტკიცების საკითხი განიხილება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. მანდატურებმა განსაკუთრებული უხეშობით გაიყვანეს დარბაზიდან ტაბულას ჟურნალისტი თიკო ერაძე, რომელსაც ნაკაწრები აქვს ხელზე.


ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ სიტყვა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას არ ჩაატარებინებდა. მედია მათი საუბრის გადაღებას შეეცადა, მანდატურებმა კი ჟურნალისტების ადგილიდან გაყვანა ცადეს.

"ჟურნალისტებზე იძალადეს, გვცემეს, ხელები გვაქვს დალურჯებული და გადატყავებული, სხვებსაც ალბათ, მარტო ჩემზე არ არის, ყველას ასე ექცეოდნენ. ერთი გამორჩეულად მოძალადე მანდატური იყო, ალექსანდრე ყაველაშვილი ვარო და მითხრა - შენ გახვალ პირველიო, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა" -ასე ყვება თაკო ერაძე მომხდარს.

ჟურნალისტებისთვის მუშაობის ხელის შეშლაზე კომენტარებს აკეთებენ პარლამენტის წევრები. ეკა ბესელიას თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე.

"ის, რაც ახლა ხდება ამ დარბაზში, პირდაპირი ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თავიანთი საქმიანობის, მოვალეობის შესრულების პროცესში, რომლის აღსავეთად არანაირი ზომა არ მიიღეთ პირადად თქვენ, კომიტეტის თავმჯდომარემ და თქვენი დავალებით მოხდა ეს. არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთი მოქმედება ჟურნალისტის მიმართ, როცა ფიზიკურად თავზე გადაუარეს მას და მოხდა პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკური ძალადობა, არის არათუ დაუშვებელი, არამედ უდიდესი შეურაცხყოფა კომიტეტისთვის და პარლამენტისთვის, მაშინ, როცა აქ მოსამართლეების თემაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ყველას თანდასწრებით დანაშაული იყო ჩადენილი. ვითხოვ ამაზე რეაგირებას და მიმაჩნია, რომ უნდა დადგეს თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხი", - თქვა ბესელიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ კი თქვა, რომ ყველანაირ ზომას მიიღებენ, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

"ჟურნალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ამიტომ ვცდილობდით მე და ჩემი მოადგილე რატი იონათამიშვილი, რომ შემოგვეყვანა ისევ ჟურნალისტები, დაგვეცვა თავი აი ამ რაღაც გაუგებრობისგან. ყველანაირ ზომას მივიღებთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს”- თქვა მან.

რადიო თავისუფლების პირდაპირი ჩართვაში ჩანს დეპუტატი რატი იონათამიშვილი, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების დაცვას მანდატურებისგან.

"ახლა რომ მოგიწოდებთ დაბრძანდითო და არ აკეთებთ, არ შეიძლება ასე, გთხოვთ დაბრძანდით, გააშუქეთ ყველაფერი. მეტი როგორ გავაკეთო, ხომ გთხოვთ“ - ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

ბოკუჩავა ოხანაშვილს: თქვენი უკანონო დავალების შესრულებისას ჟურნალისტების დაზიანდნენ

პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი: „გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები“.

ბოკუჩავამ ოხანაშვილს „ძალადობაზე დავალების გამცემი“ უწოდა.

„ძალადობაზე ნაცმოძრაობა ნუ გველაპარაკება. თქვენი ადგილი იცოდეთ. მოძალადები ხართ თავიდან ფეხებამდე. ნიკა მელიას გაესაუბრეთ, ძალადობა რას ნიშნავს და გეტყვის“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკუჩავას.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. „რას გევხარ, შეხედე შენ თავს“, - ამ სიტყვებით მიმართა თინა ბოკუჩავას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა. შეურაცხყოფის გამო ბოკუჩავამ ზომების მიღება საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან მოითხოვა.

ამ დაპირისპირებას წინ უძღოდა ტექნიკური შესვენება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას დაპირისპირებას მოჰყვა. შესვენების დროს მანდატურებმა ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზის დატოვება მოთხოვეს და ერთ-ერთი მათგანი, "ტაბულა"-ს ჟურნალისტი თაკო ერაძე დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მედიის წარმომადგენლები დარბაზში დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზის კარი დაუხურეს.

პარლამენტთან „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის დაძაბულობისას ირაკლი კუპრაძე დააკავეს

პარლამენტის შესასვლელთან, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს რამდენიმე წევრი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე დასწრებისთვის შესვლას ცდილობდა წინასწარ დაშვებული საშვების გამოყენებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

საშვის მეშვეობით პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე. კახა კოჟორიძის თქმით, მათთვის საშვები გუშინ დეპუტატმა ლევან კობერიძემ დაუშვა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ გარდა მანამდე დაკავებული 12 ადამიანისა, პარლამენტის შესასვლელთან შეხლა-შემოხლისას დააკავეს "ლელოს" მოძრაობის წევრი ირაკლი კუპრაძე. ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის ის ვითარებას გაარიდეს თუ დააკავეს აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად.

ლელოს წევრები და პარლამენტთან შეკრებილი სხვა მოქალაქეები სკანდირებენ: „სირცხვილია“, „სირცხვილია“.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს არც ერთი კანდიდატი არ უნდა გამწესდეს, რადგან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენცის კრიტერიუმებს.

„გვინდა, რომ პარლამენტში შევიდეთ კანონის ყველა ნორმის დაცვით, დაშვებულია საშვები. ჩვენს გარდა აქ არის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. კომიტეტის სხდომა ღიაა, თუმცა აქ დგანან პოლიციელები, რომლებიც არ გვაძლევენ შესვლის საშუალებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კახა კოჟორიძემ კი აღნიშნა, რომ ის წუხს პოლიციელების გამო, რომლებსაც უწევთ ასეთი დავალებების შესრულება.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიას უნდა უყარონ კენჭი. მოსამართლეების კენჭისყრასთან დაკავშირებით დილის 7 საათიდან მოქალაქეები და ოპოზიციური ძალები პარლამენტთან შეიკრიბნენ და აქციას მართავენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტზე დაყრდნობით, დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას არ მისცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მოსაზრების გამოთქმის უფლება და ამას დაპირისპირება მოჰყვა.

ბესელიამ ოხანაშვილს მიმართა, რომ სხდომას „ბასტი-ბუბუს" ნუ დაამსგავსებს, ოხანაშვილმა კი, ბესელიას მოუწოდა, დაასახელოს რეგლამენტის მუხლი, რომელიც ამგვარი გამოსვლის უფლებას ანიჭებს.

ეკა ბესელიამ თქვა, რომ ამის უფლება დეპუტატის მანდატით აქვს. უარის შემდეგ ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე, ოხანაშვილის გვერდით დაჯდა და განაცხადა, რომ კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემს. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მანდატურებს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა.

მანამდე, კომიტეტის სხდომის დაწყებისთანავე, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის რეგლამენტის დარღვევაა, რადგან პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს კომიტეტის სხდომა არ უნდა დაინიშნოს. შესაბამისად, ბესელიამ კომისიის სხდომის შეწყვეტა მოითხოვა.

საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტი შეეხება მხოლოდ კანონპროექტების განხილვის აკრძალვას პლენარული სხდომის კვირში: "ჩვენ არ ვიხილავთ კანონპრქტეს ჩვენ ვატარებთ კენჭისყრას".

ირაკლი კობახიძე - 200 „ნაცის“ შეძახილი მე დისკომფორტს ვერ შემიქმნის

200 „ნაცის“ შეძახილი მე ვერანაირ დისკომფორტს ვერ შემიქმნის, მათ აქვთ თვითონ დისკომფორტი იმიტომ, რომ „ნაცები“ არიან“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ექმნება თუ არა მას დისკომფორტი, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები „ქართული ოცნების“ წევრებს მონებს უწოდებენ.

კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციის ბაქიბუქს არანაირი ძალა არ აქვს და მათ ხალხი ზურგს არ უმაგრებს" და ისინი 800 კაცის შეკრებასაც ვერ ახერხებენ.

„არანაირი რესურსი არ აქვთ მათ, რომ თუნდაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში. დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის შენობასთან დილის 7 საათიდან შეიკრიბებნენ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები, რომლებიც მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი არცერთი კანდიდატი.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 12 ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის.

შსს: პარლამენტთან 12 ადამიანი დააკავეს

12 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთანმიმდინარე აქციაზე.უწყების ცნობით, პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.

„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, - აცხადებენ შსს-ში.

პარტია "ახალი საქართველოს" გენერალური მდივნის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქციას მართავს "შევინარჩუნოთ სიცოცხლე"

პარლამენტთან აქციას მართავს ახლადშექმნილი სამოქალაქო მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლე." აქციის მონაწილეებმა გამოფინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფოტოები „სისხლიანი წითელი ხელებით“.

პოლიციის მიერ 2004 წელს, თბილისში მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ: „ქართული ოცნების ბრალია ფსიქოლოგიურად რომ ჩემნაირი ხალხი აჭერით, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, ნაციონალური მოძრაობა უნდა გაქრეს პოლიტიკიდან, თუ არა და, მთელი ხალხი დავდგებით ფეხზე“.

„შევინარჩუნოთ სიცოცხლე"-ს წარმომადგენლებსა და ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტთან დილიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია. ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ნიკა მელია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც კომიტეტმა შეისწავლა და დადასტურდა, რომ არის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული. მისივე თქმით, საკითხს კომიტეტი ფორმალურად განიხილავს და შინაარსში არ შედის.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 საათზე უნდა დაიწყოს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ოპოზიცია აპირებს დიპლომატებს გადასცეს "კანონდამრღვევი სამართალდამცავების" სია

პარლამენტთან პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცავთა მოთხოვნას, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების შესახებ.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კანონს არა აქციის მონაწილეები, არამედ პოლიციელები არღვევენ.

„ჩვენ უწყვეტ ჯაჭვს ვაკეთებთ და დავდივართ ფეხით გადასასვლელზე. ასე, რომ პოლიციას არ აქვს ჩვენი გაწევის უფლება. მანქანამ, რომელიც შემოდის უნდა დაგვითმოს, ჩვენ თვითონ როცა ვხედავთ მანქანებს, შეგვიძლია დავუთმოთ გზა“, - უთხრა ჟურნალისტებს ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია შაბათს ხვდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გადასცემენ კანონდამრღვევი სამართალდამცავების სიას და მოითხოვენ, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება აეკრძალოთ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტს მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნან „იმ თაღლითი მოსამართლეების“ გამო, რომლებსაც დღეს ამტკიცებენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტთან პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის სულ მცირე ორი მონაწილე. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, როცა აქციის მონაწილეები იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, მათ შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, მაგრამ შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები. სირაძის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის და შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდა: „გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნენ დაკავებულნი“. საპატრულო პოლიციის უფროსს არ უთქვამს რამდენი პირია დაკავებული.

ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში და ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს: „აქ გახლავთ საპარლამენტო ორგანო, სადაც უნდა შევიდეს დეპუტატები და შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, რომ ნუ მოახდენენ შესასვლელების ბლოკირებას და მისცენ საშუალება დეპუტატებს, რომ შევიდნენ პარლამენტის შენობაში“. სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ კორიდორი ტროტუარზე გააკეთონ და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება მისცენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიმავალ დეპუტატებს ხვდებიან შეძახილით: "მონა, მონა!"

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს, 12 დეკემბერს განიხილავს „საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს“. სხდომა 9:30 საათზეა დანიშნული.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 საათზე უნდა დაიწყოს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG