Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რუსეთთან ერთად შეამციროს ბირთვული არსენალი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად იმუშავებს ბირთვული არსენალის კიდევ უფრო შემცირებაზე. მანვე ირანი და ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეურიგდება ბირთვული იარაღის გავრცელებას. ობამამ ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა სამხრეთ კორეის დედაქალაქში, რომელიც მასპინძლობს ორდღიან სამიტს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე. სამიტში მონაწილეობენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც 27 მარტს სიტყვით გამოვა სამიტზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი, რომლებმაც 2010 წელს გააფორმეს ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაკონტროლების შესახებ, შეძლებენ შეთანხმებას არსენალის კიდევ უფრო შეკვეცაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას რუსეთთან დისკუსიებისათვის ნაბიჯზე, რომელიც აქამდე არასოდეს გადაგვიდგამს - რათა შევამციროთ არა მარტო ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ქობინები, არამედ ტაქტიკური იარაღი და რეზერვში დაცული ქობინებიც. მოუთმენლად ველი ამ საკითხის განხილვას პრეზიდენტად არჩეულ ვლადიმირ პუტინთან, როცა მაისში შევხვდებით ერთმანეთს. დღის წესრიგში იდგება სარაკეტო თავდაცვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს თანამშრომლობის და არა დაძაბულობის გამომწვევი სფერო“, - განაცხადა ბარაკ ობამამ სეულში, სადაც მიმდინარეობს სამიტი ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე. ყურადღების ცენტრში დგას გლობალური ძალისხმევა ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში ჩავარდნის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG