Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ საყევარიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა Forbes-ის ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორის პოსტი


ცნობილი ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა რევაზ საყევარიშვილმა. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და ცენზურის მცდელობები ქართულენოვანი გამოცემის დამფუძნებელი კომპანიის, Media Partners-ის პრეზიდენტის, გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან. რევაზ საყევარიშვილის გაცხადებით, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში გამოაქვეყნა სტატია ბიძინა ივანიშვილზე და ჟურნალის ყდაზეც მისი ფოტო განათავსა, მან, როგორც მთავარმა რედაქტორმა, მიიჩნია, რომ Forbes-ის მილიარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში Forbes Georgia-ს ყურადღების ფოკუსშიც უნდა მოქცეულიყო და ამიტომ, ორიგინალურ მასალაზე მუშაობა დაიწყეს და ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს. ყოფილი მთავარი რედაქტორის განცხადებით, სწორედ ამ მასალას უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის და ცენზურის მცდელობის ყველაზე მკაცრი ფორმები, რადგან დამფუძნებელი ჯერ საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ჟურნალში ივანიშვილის გამოჩენას, შემდეგ კი შეეცადა აქტიურად ჩართულიყო ინტერვიუსთვის შეკითხვების მომზადებაში. რევაზ საყევარიშვილმა მთავარი რედაქტორის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილებისთვის ”ბოლო წვეთი” უწოდა უკვე მომზადებული პუბლიკაციის ცენზურის მცდელობას. რევაზ საყევარიშვილი ცენზურის მიზეზად მიიჩნევს დამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზარიანის საკმაოდ ახლო ურთიერთობას საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, გელა ბეჟუაშვილთან.
XS
SM
MD
LG