Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნებაყოფლობითი რეზერვი - აქტიურობა დაკანონებამდე?


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე თვეს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ძირითადად სამეგრელოს რეგიონში გაატარებს და ეს მიზანი დიდწილად უკავშირდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თემას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე ”სისულელე” და ”ბოდვა” უწოდა, თავად ალასანია მიიჩნევს, რომ მის მიერ გადადგმულმა პრევენციული ხასიათის ნაბიჯმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და ხელისუფლებამ უკანონო პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა დაიწყო. საუბარია ”ნებაყოფლობითი რეზერვის” ამჟამად მოქმედ ახლებურ სისტემაზე, რომლის მისამართითაც არაერთი შეკითხვა აქვს არასამთავრობო სექტორსაც.

ალასანია მიიჩნევს, რომ მისი ყოფნა სამეგრელოში აუცილებელია და რომ, მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტის მიზნის გარდა, კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” უკვე შეთანხმებული მისი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობასთან. გავიხსენოთ, რომ ამგვარი ინფორმაცია 20 მარტს პირველად სწორედ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა გაახმაურა და კონკრეტული სახელების, გვარების თუ დისლოკაციის ადგილების შემცველი მასალები ეროვნული უშიშროების საბჭოსაც გადასცა, თუმცა - ისე, რომ მასალები არც კი გადამოწმებულა - ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებამ სრული სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ საქმე გვაქვს არა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან, არამედ ნებაყოფლობით რეზერვთან.

”ამ ხალხს ვუკეთებთ ორგანიზებას, ვასწავლით ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს, ვაძლევთ კონკრეტულ კოორდინაციის საშუალებებს და ყოველწლიურად შემდგომ შევძლებთ ამ ხალხის გადამზადებას... ძირითადი სამუშაოები ჩატარებული გვაქვს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ არის 40 ათას მოხალისემდე, რეზერვისტამდე, რაც, ჩვენი გეგმით, ოპტიმისტური გეგმით, როგორც ახლა მიმდინარეობს, ალბათ, საბოლოო ჯამში, მიაღწევს 100 ათას რეზერვისტს”, - განუმარტა ჟურნალისტებს 20 მარტს, ალასანიას განცხადებების კვალდაკვალ, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ნებაყოფლობით რეზერვში ადამიანები პატრიოტული სულისკვეთებით, საკუთარი ნებით ერთიანდებიან.
დღეს მოქმედ კანონში წერია, რომ რეზერვისტები გაიწვევიან 27-დან 45-წლამდე ასაკში... მაშინ მითხრას ხელისუფლებამ - რატომ არღვევს კანონს...
თეონა აქუბარდია

ამ ლოგიკით, მომავალი მოხალისეები, ალბათ, ზუსტად უნდა ერკვეოდნენ ნებაყოფლობითი რეზერვის მიზნებში, თუმცა, როგორც, მაგალითად, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 10 აპრილს გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, პოტენციური მოხალისე რეზერვისტები სამომავლო მიზნებში მაინცდამაინც კარგად ვერც თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან საგანგებოდ გამართული დახურული შეხვედრების შემდეგ ერკვევიან:

”მე მგონია, ჩვენს რაიონში თუ რაღაცა ის არის, ან საზღვრის გადმოკვეთა იყო, ან რაღაცა იყო, ან რაღაცა... რაიონის გარეთ არ გახვალთო...”

”რა ხდება და უნდა შექმნან ნებაყოფლობითი რეზერვი საქართველოში, ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც მიიღებს სამხედრო ფორმას და გარკვეულ შემთხვევებში - იარაღს... / გარკვეულ შემთხვევაში რა იგულისხმება?/ არეულობა, რა ვიცი... ანუ თუ შემოიჭრა ქვეყანაში მტერი.”


თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ მასალაში ნებაყოფლობითი რეზერვის მიზნებთან დაკავშირებით ერთ-ერთ რესპონდენტს ასეთი სახიფათო პასუხიც აქვს:

„ეხლა ისეთი დაძაბული სიტუაციაა, ეს ივანიშვილი და სააკაშვილი ვერა რიგდებიან. ის ამბობს, მე მინდა პრეზიდენტობა, ეს ამბობს, მე მინდა პრეზიდენტობაო. დაპირისპირება იქნება, შვილო, აუცილებლად იქნება და მეც მივიღებ მონაწილეობას...“
ახლა, რახან ამ ყველაფრის ღიად გაკეთებაზე გადავიდნენ, მე და, ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოებასაც გვექნება ძალიან მკაცრი კონტროლი იმაზე, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩნდნენ სააკაშვილის ხელში იარაღად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ...
ირაკლი ალასანია

ამჟამად მოქმედი ნებაყოფლობითი რეზერვის მიზნებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს თეონა აქუბარდიასაც, ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრს, რომელიც ნაჩქარევად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებამდე დაწყებულ აბსოლუტურად გაუთვლელ პროცესზე საუბრობს. მისთვის გაუგებარია, რა მოსაზრებებით დაისახა მიზნად სახელმწიფომ მაინცდამაინც 100 ათასი მოხალისე რეზერვისტის მომზადება, რატომ არის საუბარი ხან 5-დღიან, ხან 6-დღიან და ხანაც 7-დღიან რეზერვზე და როგორ ფინანსდება ეს პროცესი.

მართალია, პროცესი უკვე 6 თვეზე მეტია მიმდინარეობს და ამასობაში ნებაყოფლობითი სარეზერვო სამსახური რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე გაიარა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მუშაობა სამხედრო რეზერვის კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც იარსებებს საარმიო, ანუ აქტიური, რეზერვი და რეზერვის მხარდამჭერი კომპონენტი, ანუ ნებაყოფლობითი რეზერვი.

როგორც ხსენებული კონცეფციის ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ განმარტა რადიო თავისუფლებისთვის 25 მარტს მიცემულ ინტერვიუში, ნებაყოფლობით-ტერიტორიულ რეზერვს ”სამხერდო ფუნქცია” არა აქვს და ის კოორდინირებულად უნდა ”დაეხმაროს შეიარაღებულ ძალებს და მის აქტიურ კომპონენტს ქვეყნის თავდაცვაში.”

არასამთავრობო ორგანიზაციის ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, კონცეფციის დამტკიცების შემდეგ დამტკიცებული უნდა იქნეს ასევე შესაბამისი კანონი, რომელშიც აისახება ნებაყოფლობითი რეზერვის საქმიანობის კონკრეტული დეტალები.

მართალია, ნებაყოფლობითი რეზერვის კომპონენტი დევს მოქმედ კანონში ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, მაგრამ, თეონა აქუბარდიას თქმით, ამჟამად მიმდინარე პროცესები კანონთან შესაბამისობაში არ არის და ამაზე თუნდაც მხოლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამჟამად არ იზღუდება პოტენციურ რეზერვისტთა ასაკი და მოხალისე შესაძლოა 80 წელსაც იყოს მიტანებული:
თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

”დღეს მოქმედ კანონში წერია, რომ რეზერვისტები გაიწვევიან 27-დან 45-წლამდე ასაკში... მაშინ მითხრას ხელისუფლებამ - რატომ არღვევს კანონს.”

თეონა აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებამ ნებაყოფლობით რეზერვზე მეტი ინფორმაციის გახმაურება და ამ პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა სწორედ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ცნობილი განცხადებების შემდეგ დაიწყო. მიდევნებულ ლამპარზე რადიო თავისუფლებასთან თავად ირაკლი ალასანიაც ლაპარაკობს:

”სწორედ ჩემი განცხადებების შემდეგ დაიწყეს ნაუცბათევად სამართლებრივი სივრცის მოგვარება... ახლა, რახან ამ ყველაფრის ღიად გაკეთებაზე გადავიდნენ, მე და, ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოებასაც გვექნება ძალიან მკაცრი კონტროლი იმაზე, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩნდნენ სააკაშვილის ხელში იარაღად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ... ვეღარ დამალავენ ამ ადამიანებს და დამალული, დაურეგისტრირებელი ადამიანი, მით უმეტეს, იარაღიანი, ბუნებრივია, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ღიად დარეგისტრირებული ადამიანები.”

მართალია, ბოლო დღეებში გამართულ ახსნა-განმარტებით შეხვედრებზე სამხედრო პირები კახეთის მოსახლეობას განუმარტავდნენ, რომ ნებაყოფლობითი რეზერვისთვის მოხალისეთა პოლიტიკურ სიმპათიებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, ბუნდოვანი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაინც ჩნდება ეჭვი და ამ ეჭვზე რადიო თავისუფლებასთან თეონა აქუბარდიაც ლაპარაკობდა, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი შესაძლოა გამოყენებული იქნეს ხელისუფლების საარჩევნო მიზნებისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG