Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს ალასანიას მასალები არც კი გადაუმოწმებია


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეფასებით, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული დოკუმენტი არ შეიცავს ”ღირებულ ინფორმაციას” და მასში მხოლოდ გვარებია ჩამოთვლილი. საუბარია მასალებზე, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს ირაკლი ალასანიამ 20 მარტს გადაუგზავნა და რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ ბრალდებას სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე. როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დოკუმენტი არც კი გადამოწმებულა, რადგანაც მასალები ”სისულელეს” წარმოადგენს.

მაშინ, როცა ირაკლი ალასანიამ თავი შეიკავა ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის მიწოდებული მასალების სრულად გასაჯაროებისგან, დოკუმენტში დასახელებული პირების უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიჩნია, რომ ამ მასალებში არაფერია დასამალი და დოკუმენტი, თანდართულ განცხადებასთან ერთად, 23 მარტს სრული სახით გამოაქვეყნა საკუთარ ვებსაიტზე.

„სრულად ვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებას თავად ჰქონდეს შესაძლებლობა იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია წარმოდგენილი მონაცემები“, – ვკითხულობთ ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ”მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები.”

ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის მიწოდებულ მასალებში მართლაც არის დასახელებული გვარები და სახელები, თუმცა აქვეა დასახელებული დისლოკაციის ადგილები და დაჯგუფების წარმომადგენლების ანაზღაურების ოდენობაც. სულ ლაპარაკია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ 12 დაჯგუფებაზე და, მაგალითად, ასეთია ინფორმაცია პირველი დაჯგუფების შესახებ:

„350 კაციანი დაჯგუფება (სპეცდანიშნულების რაზმი); დისლოკაციის ადგილი: ქ.ზუგდიდი, კერძო სახლები. ხელმძღვანელი - კობა ახვლედიანი (როლანდ ახალაიას დაცვის ყოფილი უფროსი); მეთაური: ფრიდონ შენგელია; მეთაურის მოადგილე: თორნიკე მალაზონია; მეთაურის მოადგილე: ავთო ბელთაძე..... ხელფასები: მეთაურთა შემადგენლობა - 2000 ლარი + პრემიები, რიგითი შემადგენლობა - 700 ლარი + პრემიები“.

გავიხსენოთ, რომ პირველი განცხადება საქართველოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ჩამოყალიბების შესახებ ირაკლი ალასანიამ 15 მარტს გააკეთა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს. ამავე შეხვედრაზე ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეს უკანონო ჯგუფები საქართველოს მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების შესაზღუდად, მათ დასაშინებლად შექმნა და რომ ასეთი გადაწყვეტილება სამოქალაქო ომის პროვოცირების საფრთხეს წარმოადგენს.

20 მარტს, იმ დღეს, როცა მასალები ”პრევენციის მიზნით” გადაუგზავნა ეროვნული უშიშროების საბჭოს, ხელისუფლების მიმართ ბრალდებები ალასანიამ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზეც გაიმეორა. მან თქვა, რომ შეიარაღებული ჯგუფების შექმნა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა სამეგრელოში დიდი გავლენის მქონე ახალაიების ოჯახს, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ, მაგალითად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

თავად ბაჩო ახალაიამ ალასანიას ბრალდებებს 20 მარტს ”ბოდვა” უწოდა და განმარტა, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის მიერ ხსენებული უკანონო ფორმირებები სინამდვილეში პატრიოტული მიზნებით მოქმედი ”ნებაყოფლობითი რეზერვია”, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე დაახლოებით 40 ათას მოხალისეს აერთიანებს:

”ამ ხალხს ვუკეთებთ ორგანიზებას, ვასწავლით ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს, ვაძლევთ კონკრეტულ კოორდინაციის საშუალებებს და ყოველწლიურად შემდგომ შევძლებთ ამ ხალხის გადამზადებას.”

ბაჩო ახალიაიას განმარტებით, ეს ადამიანები, ისევე როგორც ზოგადად რეზერვისტები, არავითარ ანაზღაურებას არ იღებენ. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ალასანიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის მოწოდებულ მასალებში მითითებულია ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა.

მართალია, ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის მასალების მიწოდებიდან გამოქვეყნებამდე 3 დღეზე მეტი გავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დრო დეტალების გადამოწმებას არ წაუღია. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, გადამოწმებად არაფერი ღირდა და, მათ შორის, არც ანაზღაურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

”იქ არაფერი არ არის გადასამოწმებელი... რა უნდა გადავამოწმოთ?! უნდა გადაამოწმო ინფორმაცია, რომელიც ჭკუასთან ახლოს არის და რომელშიც რაღაც ლოგიკა დევს... თითონ დოკუმენტია სისულელე...”

ერთი დღით ადრე ალასანიას მიერ მიწოდებულ მასალებს ასევე ”სისულელე” და ”უპასუხისმგებლო სისულელე” უწოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მით უმეტეს აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში.“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარებისგან, თუმცა თვლის, რომ მასალების გადამოწმება ზოგადად აუცილებელია და, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იყო. ხოლო როგორც კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ალასანიას მიერ მიწოდებული მასალების იგნორირება ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებით არის მოტივირებული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არგუმენტებით დაუპირისპირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს სვლასა და შეფასებებს თავად ირაკლი ალასანია, რომელიც ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. თუმცა, როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეროვნული უშიშროების საბჭოს ქმედებები წარმოადგენს ”უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეცდომას”. ”თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომ, შესაძლო დაძაბულობის თვიდან აცილების მიზნით, მთელი სერიოზულობით გადაამოწმოს 20 მარტს მიწოდებული ინფორმაცია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG