Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზილფიმიანი ”პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლუსის" წინააღმდეგ ჩადენილ უკანონო ქმედებაზე საუბრობს


ტელეარხების ”პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლუსის" დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი პარლამენტის წევრს დავით ბეჟუაშვილს და იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წინააღმდეგ უკანონო მოქმედებაში. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ კანონის დაცვით მის შვილს, რომელიც იტალიის მოქალაქეა, "სტერეო პლუსი" მფლობელობაში გადასცა და ტელეკომპანია მე-9 არხთან გააფორმა ტექნიკური მომსახურების კონტრაქტი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პარტნიორმა დავით ბეჟუაშვილმა სასამართლოში უჩივლა და მთელი ქონების დაყადაღება მოითხოვა. ზილფიმიანის თქმით, ბეჟუაშვილი მხოლოდ ფინანსურად დაზარალების ვარაუდს გამოთქვამდა, რაც საკმარისი გახდა მოსამართლის მიერ სხდომის მაშინვე დანიშვნისა და გადაწყვეტილების რამდენიმე წუთში მიღებისთვის. დავით ზილფიმიანის განცხადებითვე, სასამართლოს განჩინებით, შაბათ დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ მისი ქონება 10 წუთში დააყადაღა. "ეს არის კრიმინალური, კორუმპირებული მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი, დღეს მე ხელს ვადებ დავით ბეჟუაშვილს, ზუსტად 4 დღეში კი ვიტყვი ყველა სახელს და გვარს”, - განაცხადა ზილფიმიანმა. მისივე თქმით, ”საქართველოში კორუფციის განადგურება ვანო მერაბიშვილის უწყების მიერ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ უზარმაზარი კორუფციაა იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებისგანაც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო და პრეზიდენტი." ზილფიმიანმა დასძინა, რომ ბრძოლას აუცილებლად განაგრძობს და საკუთარ ქონებას არავის დაუთმობს.
XS
SM
MD
LG