Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დასრულებულად გამოაცხადა სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესი


საქართველოს პროკურატურამ დღეს დასრულებულად გამოაცხადა ქვეყნის მასშტაბით კომპანია „ელიტა ბურჯის" საწყობებში არსებული სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესი. პროკურატურის განმარტებით, 20 ივნისს დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, რადგან მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის კონტროლის პალატისგან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან გრძელდება პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით ამომრჩევლებისათვის სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემა. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელთა შესწავლა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ”აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.” ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაყადაღებულია გლობალ TV-ის კუთვნილი 300 ათასზე მეტი სატელიტური ანტენა. პროკურატურის ეს ქმედება, რომელსაც საფუძვლად უდევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, კომპანიის ადვოკატებმა გაასაჩივრეს.
XS
SM
MD
LG