თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დააყადაღა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენები. „მაესტროს“ ხელმძღვანელობა შიშობს, რომ პროკურატურის შემდეგი ნაბიჯი იქნება ტელეკომპანიის დაჯარიმება და მისი გათიშვა. „არ ვიცი შეიძლება დაგვადონ ისეთი ჯარიმა, რომლის გადახდის საშუალება არ გვქონდეს და ამის შემდეგ დაგვიყადაღონ ანგარიშები და ჩვენ ვეღარ შევძლოთ ფუნქციონირება. და ეს საფრთხე რეალურია“, - განაცხადა „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც მოსახლეობის მოსყიდვაზეა საუბარი. „გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ტელეკომპანია „მაესტრო“ პროკურატურის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ყველაზე პოპულარული
1