Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”: აშშ-ში საქართველოს საელჩო ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობს


”ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, პოლიტიკური შინაარსის „იმეილებს“ უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 27 ივლისს გამოაქვეყნა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ”მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას” და რომ დიპლომატიური სამსახურის გამოყენება დაუშვებელია ”ერთი პარტიის ლობისტური მიზნებისთვის და შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სახელის გასატეხად”. ”პოლიტიკური შინაარსის გზავნილების შესახებ ორმა ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა გვაცნობა. ერთ-ერთმა მათგანმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მეორე მდივნის ხათუნა ოყროშიძის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილები მოგვაწოდა. პირველი წერილით ოყროშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიის თარგმანს აგზავნის, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ბასი უარყოფითად არის მოხსენიებული. საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ასევე წერს, რომ „ასავალ-დასავალი“ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გამოცემაა და ეს გაზეთი ქსენოფობიური შინაარსის სტატიებით გამოირჩევა. მეორე წერილით ამერიკელ ექსპერტს ოყროშიძე უგზავნის ამონარიდებს სხვადასხვა ქართული გაზეთიდან, რომლებშიც პოლიტიკური პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლების პოზიციებია დაფიქსირებული. საელჩოს თანამშრომელი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და იგი გამოირჩევა ანტიდასავლური და საქართველოს ნატოში გაწევრების საწინააღმდეგო პოზიციით, ასევე სურს ქვეყანაში ბელორუსის მსგავსი ჩაკეტილი ეკონომიკის შექმნა, რომლის მთავარი პარტნიორიც რუსეთი იქნება. კიდევ ერთმა ამერიკელმა მკვლევარმა ასევე მოგვწერა, რომ მსგავსი ტიპის ელექტრონულ წერილებს საქართველოს საელჩოსგან ისიც ხშირად იღებს”, - ვკითხულობთ 27 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ”გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი, მიიღოს შესაბამისი ზომები და არ დაუშვას დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება.” მიმართვის მეორე ადრესატია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისია, რათა მან ”მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გასცეს რეკომენდაციები, რათა მსგავსი ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს.”
XS
SM
MD
LG