Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარანოია და იხვი


ავსტრიელი ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი, ალბათ, პირველი იქნება, ვისთანაც შეხვედრის სურვილს გამოვთქვამდი „იმქვეყნად“ წასვლის შემდეგ - მადლობას გადავუხდიდი და სიყვარულს ავუხსნიდი; ვეტყოდი, რომ მისი ავტოგენური მეთოდიკით, თვითშთაგონების და „თვითუარყოფის“ ტექნიკით, ცხოვრებაში არაერთი ფობიისგან გავთავისუფლდი: აღარც მაწანწალა ძაღლების მეშინია, აღარც ქვეწარმავლების, აღარც სიმაღლიდან ხტომის... ახლა მივხვდი, რომ დავვკაჟკაცდი - თვით მარტოობისაც არ მეშინია!

ფრანკლის მეთოდიკა არა მარტო სასარგებლოა, არამედ სასიამოვნოც; ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ფრიად სასიამოვნო საქმიანობას მოიცავს - ფიქრს, მედიტაციას. რელაქსაციის მდგომარეობაში წარმოიდგენ, რომ შენი შიში არაფერია იმ ხიფათის მასშტაბებთან შედარებით, რომელიც მილიონობით ადამიანმა გადაიტანა. თუ ამ სამუშაოს ხარისხიანად ჩაატარებ, შენი მდგომარეობა - მაგალითად, კალიის შიში - სასაცილო აღმოჩნდება...

მაგრამ ფრანკლის მეთოდიკა ყოველთვის ასე ადვილად არ ამართლებს. ყველას გვაქვს აკვიატებები, რომელთაც თვითშთაგონება არ ჰყოფნის; აი, დავბერდი კაცი და ვერაფერი მოვუხერხე ჩემს მთავარ ფობიას - სიყვითლის ზიზღს, ბულვარული პრესის შიშს და სიძულვილს. რა ვიცი, რა არ ვიღონე, სტატიებიც ვწერე, მაგრამ დამცირებას, აბუჩად აგდებას, უნიჭო ქირქილს, ნეხვით სავსე გუნდას, რომელიც ყვითელ პრესას უსროლია ჩემი მისამართით, ვერაფერი მოვუხერხე. ისიც კი არ მამშვიდებდა, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში. მახსოვს, მაია ასათიანმა ერთი რომელიღაც მრავალტირაჟიანი ყვითელი გაზეთის რედაქტორს პირდაპირ უთხრა, მაგრები ხართ, ხალხს ეშინია თქვენიო და იმანაც შეიფერა ეს „კომპლიმენტი“...

ყვითელი ტერორი საქართველოში განსაკუთრებით შემზარავია. სიყვითლე აქ, როგორც წესი, ემსახურება არა იმდენად ბიზნესს, რამდენადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, გარკვეულ იდეოლოგიას. ამიტომ, უფრო მეტად, დაკვეთილია და თავისი ფონი აქვს.

თუმცა ფრანკლის მეთოდმა, მგონი, ამჯერადაც გაჭრა! ჯერ იყო და ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის, ხადიჯა ისმაილოვას გმირობის ამბავი გავიგე:- ხადიჯამ აზერბაიჯანში, სადაც პატრიარქალური ტრადიციები ბევრად უფრო ღრმადაა დამკვიდრებული, ვიდრე ჩვენთან, შეძლო, შეენარჩუნებინა ღირსება; შეძლო, შეენარჩუნებინა თავისუფლება უბინძურეს სივრცეში, რომელიც ხელისუფლებამ შეუქმნა; შანტაჟზე მან კატეგორიულად, მაგრამ მშვიდად გასცა პასუხი: „ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმეა!“

და აი, ახლა - ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას დაშანტაჟება... უცნაურია, მაგრამ, საქართველოს მედიამ ეს ამბავი მაინცდამაინც არ აიტაცა, განსაკუთრებით არც სოციალურ ქსლებში განუხილავთ „ჩაჩუას საქმე“ - ეტყობა, პირადი ცხოვრებით, ჩანაწერებით ხალხის დაშანტაჟება, ისევე როგორც სატელეფონო საუბრები, რომელსაც კარგა ხანია, გვასმენინებენ საინფორმაციო პროგრამებში, საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა.

თუმცა, ვფიქრობ, ამ გულგრილობას სხვა მიზეზიც აქვს - ბევრად უფრო შემზარავი.

ადამიანს ქუჩაში მანქანას უჩერებენ, უჩვენებენ რაღაც საბუთს, მანქანაში სვამენ... იქვე, ლეპტოპი აქვთ მომზადებული; ურთავენ ფარული კამერით გადაღებულ სცენას; შესაძლოა, მისივე ბინაში, მის საწოლ ოთახში. და მორჩა! ეს ადამიანი ვეღარასდროს იქნება თავისუფალი!

ნოდარ ჩაჩუას ეყო ვაჟკაცობა, დაშანტაჟების ფაქტი საჯაროდ განეცხადებინა. მაგრამ იმ ხალხს რა ვუყოთ, ვისაც შანტაჟის შეეშინდა? ვისაც ოჯახის, მეგობრების, მეზობლების შეეშინდა? როგორც იგივე ვიქტორ ფრანკლი წერს, ადამიანს ინდივიდუალობას მისი დაუხვეწაობა და სისუსტეები ანიჭებსო. ჰოდა, რამდენჯერ გამოუყენებიათ ეს დაუხვეწავობა საბჭოთა სპეცსამსახურებს! და ვინ იცის, რამდენჯერ გამოიყენეს ის „უსაფრთხოების“ თუ „უშიშროების“ სამსახურში მყოფმა დღევანდელმა ქართველმა ვაჟკაცებმა, ამ პერვერსიულმა „ჯარისკაცებმა“, რომლებიც ადამიანის დაშინებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

ძალაუფლება რომ ტკბილია და ადამიანს რყვნის, ამაში, მგონი, ის ხალხიც გვეთანხმება უკვე, ვინც თავად ფლობს ძალაუფლებას. ამიტომ პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში საქართველოში საბოლოოდ მოეღება ბოლო ადამიანების დაშანტაჟებას. ეს რომ მოხდეს, ხელისუფლებამ თავად უნდა მოინდომოს ისეთი თავისუფალი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანებს სხვისი პირადი ცხოვრება აღარ დააინტერესებთ, სადაც ყოველ ასეთ კომპრომატზე იქნება ერთი პასუხი: „მე არ მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება!“

ასეთი საზოგადოებისგან ჩვენ ძალიან ბევრი გვაშორებს. ამიტომაც ხელისუფლება მშვენივრად სარგებლობს ჩვენსავე სივცეში დამკვიდრებული აგრესიით, ჩვენივე კულტურის უსაზღვრო პერვერსიით და აშანტაჟებს ადამიანებს.

ყვითელი პრესა, არა იხვი!

ამის გააზრება და იმის წარმოდგენა, თუ რამდენი დაშინებული ადამიანი მოძრაობს ჩვენს ირგვლივ თავისი პირადი ცხოვრების ამ „სურათების“ გამო, პირადად ჩემთვის ასევე გახდა საბაბი ვიქტორ ფრანკლის მეთოდიკის გამოსაყენებლად; როგორ უნდა შეგვეშინდეს ბეწვის ქურქებში გამოწყობილი ტუჩდაბერილი ჟურნალისტი გოგოების, როცა ხალხს მანქანებში აგდებენ და სცემენ კუნთმაგარი ჭაბუკები, ემუქრებიან ქართველისთვის ყველაზე საზარელი სასჯელით -საზოგადოებისგან გარიყვით... ამის გააზრებამ სულელური ფობიისგან კი გამათავისუფლა (იმედია, სამუდამოდ), მაგრამ „ჰორორის განცდა“ კიდევ უფრო გამიმძაფრა.

არა, ვიქტორ ფრანკლს კი გადავუხდი მადლობას და ავუხსნი სიყვარულს, მაგრამ იმასაც დავუმატებ, რომ არ არსებობს იდეალური თეორია; რომ ერთი ფობიისგან გათავისუფლებას მეორე შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, იმავე „ჩაჩუას საქმემ“ შეიძლება უფრო დაკვირვებული გაგხადოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მიმართ და უცნაურზე უცნაურ დასკვნამდე მიგიყვანოს; შესაძლებელია დააკვირდე პოლიტიკოსის გამოსვლას და გაიფიქრო: იქნებ ოდესღაც ესეც ისევე ჩაისვეს მანქანაში, უჩვენეს „კინო“, რომელზეც მისი შვილი, მამა, ან თავად ეს პირი „სამარცხვინო სახით“ იყო წარმოჩენილი. ახლა რომ ბევრს გაჰყვირის, იქნებ, უბრალოდ, იმ როლს თამაშობს, რაც დაუწესეს?

და იქნებ - მაპატიოს ვიქტორ ფრანკლის ნათელმა სულმა - მთელი ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება მარიონეტების თეატრია, სადაც იქაც და აქაც მოქმედებენ მართული, დაშინებული ადამიანები? უბრალოდ, ზოგი უფრო ხმამაღლა ყვირის, უფრო ოსტატურად იცავს პაუზებს და უფრო გემრიელ მწვადს გვაჭმევს...

ეჭვიან კაცს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ცას ახედოს და თქვას: „დემოკრატია, არა იხვი!“
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG