Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერიამ "ქართულ ოცნებას" აქციისთვის სასურველ სამივე ტერიტორიაზე უარი უთხრა


რუსთავის მერიამ კოალიცია "ქართულ ოცნებას" 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციისთვის სასურველ სამივე ტერიტორიაზე უარი უთხრა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გასულ ორშაბათს მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტს და აქციის გასამართად მოითხოვა მერიის, ან მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიები, რაზეც უარი იმ მოტივით მიიღო, რომ მერიასთან თავად აქვთ ღონისძიება, მეგობრობის გამზირზე კი მემორიალის მშენებლობა მიმდინარეობს. ზვიად ძიძიგურის ცნობით, მოგვიანებით კოალიციამ რუსთავის მერიისგან უარი მიიღო ჟიული შარტავას მოედანზეც იმ საბაბით, რომ მოსახლეობა შეწუხდება და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდება. ძიძიგურის თქმით, ”ქართულ ოცნებას” 19 აგვისტოს აქციის ჩატარება რაგბის მშენებარე სტადიონთან და ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შესთავაზა, რასაც კოალიცია არ ეთანხმება, რადგან ეს ტერიტორიები სავსეა სამშენებლო ნარჩენებითა და ქვეწარმავლებით. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით, აქციის ჩასატარებლად გაფრთხილებაც საკმარისია და ამიტომ, ”ქართული ოცნება” რუსთავის მერიას აცნობებს, რომ აქციას ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე გამართავს. შექმნილი ვითარების თაობაზე კოალიცია უწყებათაშორისი კომისიის, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG