Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პიკის” მომავალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


ტელეკომპანია "პიკის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
ტელეკომპანია "პიკის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
" რა ბედი ეწევა ტელეკომპანია ”პიკს", გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და ტელეარხს შორის, ვინ დაიცავს ტელევიზიის 400 თანამშრომლის უფლებას? - პასუხები ამ კითხვებზე კვლავაც ბუნდოვანია. 25 ოქტომბერს ”პიკის” თანამშრომლებმა ამ კითხვებზე პასუხის მოთხოვნით ორი აქცია გამართეს - ერთი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ამ დროს ახალ მთავრობას ამტკიცებდნენ, და მეორე თბილისში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ, სადაც მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

25 ოქტომბერს გამართულ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ”პიკის” თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ტელეარხის ხელმძღვანელობას მოიწვევენ. მანამდე საკითხი კვლავაც ღიად რჩება და უცნობია იარსებებს თუ არა რუსულენოვანი ტელევიზია მომავალში. საბჭოს ეს გადაწყვეტილება ტელევიზიასთან შეკრებილ ”პიკის” თანამშრომლებს კოალიცია "მედიის ადვოკატირების" წევრმა თამარ კორძაიამ გააცნო, რომელიც სამოქალაქო სექტორის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ვინც ამ სხდომას დაესწრო. მისი თქმით, საბჭომ მოისმინა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის, გიორგი ჭანტურიას განმარტება, რომლის მიხედვითაც, ”პიკთან” ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლებელია, ხოლო თუ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობა მზადაა აღადგინოს ”პიკის” მაუწყებლობა ჩვეული ფორმატით. თუმცა ამ კონკრეტულ შეხვედრაზე წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ და დისკუსიამაც მთავარ კითხვას ჯერჯერობით ვერ უპასუხა, გვითხრა თამარ კორძაიამ. მისი თქმით, კანონით სწორედ ”საზოგადოებრივი მაუწყებელია” პასუხისმგებელი მაყურებელმა ”პიკისგან” მიიღოს შესაბამისი შინაარსის პროგრამა:
პირველმა არხმა და მისმა ხელმძღვანელობამ ვერ მოიშალა ეს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, თუ რას იტყვის ახალი მთავრობა ”პიკთან” დაკავშირებით ...
გიული ჩაჩანაშვილი

”პიკთან” საზოგადოებას ურთიერთობა არა აქვს, პასუხისმგებელი არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და მეც სწორედ ეს ვკითხე მათ, რაზეც მიპასუხეს, რომ სწორედაც რომ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას და ამიტომ გათიშეს არხი, დაუკავშირეს ეს ჟურნალისტების გაფიცვას და ა.შ. მაგრამ ეს არ არის დამაჯერებელი პასუხი, რადგან ახლა „პირველი კავკასიურის“ ეთერით მისი მაყურებლები ვერ იღებენ სათანადო გადაცემებს და ამაზე პასუხისმგებელიც არის ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ ”.

სანამ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გრძელდებოდა, ”პიკის” თანამშრომლების ერთი ნაწილი შეხვედრის შედეგს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ ელოდა. შედეგი კი აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდნენ, გვეუბნება ტელეკომპანია ”პიკის” საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი გიული ჩაჩანაშვილი:

”ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რასაც ველოდით. პირველმა არხმა და მისმა ხელმძღვანელობამ ვერ მოიშალა ეს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, თუ რას იტყვის ახალი მთავრობა ”პიკთან” დაკავშირებით. ისინი ახლა, ალბათ, ელიან როგორი იქნება პოლიტიკური ნება”.
ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს აუდიტი ტელეკომპანია ”პიკში” და გაირკვეს ყველა ფინანსური ნიუანსი, რაზეც ჩვენ პასუხი არ გვაქვს, და ამიტომაც მივმართავთ პარლამენტს ...
მართა არდაშელია

”პიკის” თანამშრომლების თქმით, მათთვის უცნობია რას ფიქრობს თავად არხის ხელმძღვანელი ალექსანდრე ფარულავა, რომელიც ამ დრომდე მედიისათვის კომენტარს არ აკეთებს და რომელსაც, როგორც წესების დამრღვევს, გიული ჩაჩანაშვილის თქმით, ხელს ადებს გიორგი ჭანტურია. ტელევიზიის 400 თანამშრომლის პასუხი კითხვაზე, რა მოხდა ”პიკის” გარშემო, არის ”არ ვიცი”.

”ჩვენ არ ვიცით, რატომ არა აქვს პასუხები ფარულავას - ეშინია, თუ რამე გარიგება მიმდინარეობს მათ შორის. ფაქტი ისაა, რომ მსხვერპლი ამ ამბავში დღეს ტელევიზიის 400 თანამშრომელია”.

”პიკის” თანამშრომლები დღეს იხსენებენ მხოლოდ იმას, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში შეუჩერდათ კორპორაციული დაზღვევა, ხოლო ხმები არხის სავარაუდო დახურვის შესახებ სატელიტიდან მის გათიშვამდეც არაერთგზის სმენიათ, თუმცა რადგან ამის შესახებ მათთვის ოფიციალურად არავის უცნობებია, ტელეარხის გათიშვის საფრთხეც სერიოზულად არავის აღუქვამს.
25 ოქტომბერს საკუთარი მოთხოვნები ”პიკის” ჟურნალისტებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზეც გამოხატეს. მათ არხის დახურვა ჟურნალისტებზე ზეწოლად და ცენზურად შეაფასეს და ახალ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესება მოსთხოვეს.

”ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს აუდიტი ტელეკომპანია ”პიკში” და გაირკვეს ყველა ფინანსური ნიუანსი, რაზეც ჩვენ პასუხი არ გვაქვს, და ამიტომაც მივმართავთ პარლამენტს, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩაატარონ ეს კვლევა და გაარკვიონ რა გარიგებები მოხდა”, - გვითხრა ”პიკის” ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხში ახალი ხელისუფლება ”გაერკვევა”, ხოლო პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებს თანადგომა აღუთქვა.
დღეს ტელეკომპანია ”პიკი” დეციმეტრულ ტალღებზე ისევ მაუწყებლობს, ოღონდ მექანიკური პროგრამებით - არხზე გადის ფილმები და ცალკეული გადაცემები. ”პიკის” ჟურნალისტები კი გეგმავენ დახმარებისათვის ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატს მიმართონ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG