Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოში დააკავეს პატიმარ თეთრაძის წამებაში ბრალდებული პირები

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ბრალდებული. თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე თბილისში დააკავეს 2011 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც მისმა ოჯახმა ექვს დღეში შეიტყო, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა გლდანის საპყრობილეში. ოთხშაბათს საქართველოს მთავარი პროკურორმა თბილისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2012 წლის 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებულ სერგო თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. კბილაშვილის განცხადებით, „საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ მერვე დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსის, ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით, მან და პატიმარმა სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა - სცემდნენ, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ძალადობა: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონმოუსვლელად გარდაიცვალა“, განაცხადა კბილაშვილმა. მისივე თქმით, დადგინდა ისიც, რომ „დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას“. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მეთხუთმეტედ გახდა „მსოფლიოს თასის“ ჩემპიონი

ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა იტალიაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ეტლით ფარიკაობაში - „მსოფლიოს თასზე“ ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობაში, გადამწყვეტ შეხვედრაში ხეცურიანმა ჩინელი პარამოფარიკავე დაამარცხა და „მსოფლიოს თასზე“ ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა.

დაკავებულია ყოფილი ტყისმცველი

დაკავებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილი მცველი - გ.ქ. მას სამსახურებრივი გულგრილობა და სიყალბის ჩადენა ედება ბრალად.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამოძიებით დადგინდა, რომ ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველი გ.ქ. „გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა“.

ეროვნული სატყეოს სააგენტოს დებულებით, გ.ქ.-ს ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

„მას შემდეგ, რაც გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი, და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვითაც, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა გ.ქ.-მ. რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გ.ქ.-ს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაული საკონტროლო შესყიდვით გამოვლინდა

ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად, სამართალდამცველებმა დააკავეს 1979 წელს დაბადებული მ.წ. მას ნარკოდანაშაულისთვის 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილების მიხედვით.

პროცესს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები წარმართავდნენ.

რობერტ მიულერმა დაასრულა ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირების გამოძიება

რობერტ მიულერი

დასრულდა გამოძიება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ გამოძიებას, გამოძიების მთავარი დასკვნების შესახებ თავისი საგანგებო ანგარიში გადასცა გენერალურ პროკურატურას.

აქამდე საგამოძიებო ჯგუფი მასმედიისგან და საზოგადოებისგან წარმატებით მალავდა გამოძიების მსვლელობას. მუშაობის განმავლობაში 200-ზე მეტი ბრალდება წაუყენეს 34 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 26 ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.

ბრალდებულთაგან ექვსი არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი: პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინი; საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი; საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, რიკ გეიტსი; ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი.

შვიდმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ყველა ან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულებების ნაწილში, ხუთი მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დონალდ ტრამპი თავდაპირველად გამოძიებას უწოდებდა „კუდიანებზე ნადირობას“ და ამტკიცებდა, რომ მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის არავითარი თანამშრომლობა არ ყოფილა.

CNN-ი იტყობინება, რომ თეთრი სახლი ჯერ არ გაცნობია დოკუმენტს.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა შეატყობინა კანონმდებლებს, რომ ეცნობა ანგარიშს და თავის მოადგილესთან და მიულერთან კონსულტაციების შემდეგ დაადგენს, რომელი ინფორმაცია წარედგინება კონგრესს. მანამდე ბარმა მიანიშნა, რომ კონგრესმენებს და სენატორებს ამ ინფორმაციის მიღება უკვე უახლოეს დღეებში შეუძლიათ.

Judicial Watch: კლინტონის ახლად გამოქვეყნებულ იმეილებში ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის კონსერვატიულმა ფონდმა Judicial Watch-მა, რომელსაც მაღალი რანგის მოხელეების მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს, მოიპოვა ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ახალი გასაიდუმლოებული იმეილები, რომლებიც 756 გვერდს მოიცავს. ესაა უკანასკნელი ნაწილი გასაიდუმლოებული იმეილებისა, რომლებიც ეფ-ბი-აი-მ გამოააშკარავა რამდენიმე წლის წინ. Judicial Watch-მა ისინი სასამართლოს გზით მოიპოვა

მათში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია კლინტონისა და ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზეც.

ერთ-ერთ იმეილში, რომლის თემაა „კლინტონ-ივანიშვილის შეხვედრა“, ლაპარაკია შეხვედრაზე „პუტინისტ (pro-Putin) ქართველ მილიარდერთან“, ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც, როგორც იტყობინებიან, დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საქართველოში, იტყობინება Judicial Watch-ი.

Judicial Watch-ის თანახმად, იმეილები შეიცავს მიმოწერას კლინტონის თანაშემწე კრეიგ სმითსა და შერილ მილს შორის, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართა. კლინტონის გუნდის წევრთა მიმოწერიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედიოდა კლინტონის შეხვედრების გეგმაში.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული იმეილები შეიცავს ასევე 2011 წლის კორესპონდენციას კლინტონსა და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის, რომელიც ეხება პალესტინელების საკითხს. მათ შორისაა ასევე მიმოწერა კლინტონსა და ლენი დევისს შორის, რომელიც კლინტონს სთავაზობდა კერძო კომუნიკაციის არხს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობაში.

2017 წელს ეფ-ბი-აი-მ გამოააშკარავა კლინტონის გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც 72 ათას გვერდს მოიცავდა.

გიორგი გახარია: მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი!

მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი! – უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს გადაცემა „პირველებში“ სტუმრობისას.

მისი შეფასებით, რომ არა „ფეიკ წერილი“ამ თემაში გიორგი გახარიას სახელი არ მოხვდებოდა.

„დაველოდები სადამდე შეიძლება მივიდეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე ამ ყველაფერზე გავცემ პასუხს. მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია, აბსოლუტურად ღია და გარკვეულწილად ემოციური, რომლის გამეორება დღეს შემიძლია. თუმცა, თავს შევიკავებ. ... დაველოდები კიდევ რას იკადრებენ. მხარე რას იკადრებს, თუნდაც მამუკა ხაზარაძე. მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთის რაიმე წერილი. წერტილი!“- განაცხადა გიორგი გახარიამ

მინისტრის თქმით, ამ წერილით შინაარსობრივი განხილვიდან აქცენტების გადატანა მოხდა "ფეიკ ნიუსზე".

„ვიჯექით პარლამენტში, ვმსჯელობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე და უცებ ჩნდება „ფეიკ წერილი“ და აქცენტები გადადის სხვა რამეზე. რა იყო იმ დღის მთავარი თემა? - იმ დღის მთავარი თემა იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, მისი გარკვეული პოზიციები და პარლამენტში ამ პოზიციების დაცვა. უცებ ჩნდება "ფეიკ წერილი", მედიაზე ზეწოლა, შემდგომ მისი ავტორი და დღის მთავარი თემა ეს ხდება. გათავდა - ეს იყო მიზანი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც კი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, ის პირველი იქნება, ვინც ამ საკითხზე ჩვენებას მისცემს.

„ამ წერილის ისტორიას დაესმება წერტილი. რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. გახარია იქნება პირველი, ვინც ამ გამოძიებაზე მივა, დაკითხვაზე დაჯდება და ჩვენებას მისცემს. რას ელოდება პროკურატურა ეს პროკურორს ჰკითხეთ. მე როგორც ვიცი, შემადგენლობა არ აქვთ. ადამიანი ამბობს, რომ მაქვს წერილი, ეს წერილი გავაგზავნე სადღაც და შუამავალი ვინ იყო არ ვიტყვი. იცით რამდენი ჩვენების მიცემა შემიძლია ასე?- მათ შორის თქვენს წინააღმდეგაც“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე: დასაწყებია სამოხელეო ნაწილში გამოძიება

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხის პასუხად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიებას შეეხებოდა, უპასუხა, რომ ეს მისი პირადი ტრაგედიაცაა.

„2 დღის მოსული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში როდესაც ეს მოხდა და უზომო ძალისხმევა გატარდა მაშინ იმისთვის, რომ შედეგი ყოფილიყო ობიექტური და რეალური თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი არ იყო გაკეთებული და გარკევული ხარვეზები იყო დაშვებული.“

ხარვეზებში შს მინისტმა რამდენიმე საკითხი იგულისხმა. მათ შორის, მისი სიტყვებით, ეს იყო გამოძიების პროცესში პროკურატურასა და შს სამინისტროს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხი.

„იმის გამო, რომ მკაფიოდ არ იყო გამიჯნული შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებები, გაჩნდა კორიდორი ერთმანეთზე პასუხისმგებობის გადაბრალების. ეს იყო შინაარსობრივად, პრინციპულად მნიშვნელოვანი პრობლემა ამ გამოძიებაში“.

გიორგი გახარიას თქმით, ის მართლაც თვლის, რომ საჭიროა სამოხელეო დანაშაულის საქმეზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება.

თეთრმა სახლმა კონგრესმენებს უარი უთხრა ინფორმაციაზე ტრამპისა და პუტინის კერძო საუბრების შესახებ

ჰელსინკი, 2018 წლის 16 ივლისი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

თეთრმა სახლმა უარი უთხრა კონგრესის სამ კომიტეტს, რომელიც მოითხოვს ინფორმაციას ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების კერძო საუბრების შესახებ. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ეს შეხვედრა შარშან ზაფხულში გაიმართა.

თეთრი სახლის იურისტმა პეტ ჩიპოლონემ 21 მარტს წერილობით უპასუხა წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის დემოკრატ თავმჯდომარეებს. ჩიპოლონეს განმარტებით, უცხოელ ლიდერებთან საუბრისას, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ საუბრის შინაარსი გამჟღავნდება.

სამმა კომიტეტმა მიმდინარე თვეში მოითხოვა ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის ტელეფონით და პირადად შეხვედრისას გამართული საუბრების შესახებ. კომიტეტებმა მოითხოვეს აგრეთვე გასაუბრება თარჯიმანთან, რომელიც ესწრებოდა ორი პრეზიდენტის შეხვედრებს.

ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, დემოკრატები უფრო აქტიურად შეუდგნენ ტრამპის ქმედებების გამოძიებას.

ერაყში ბორნის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი

სამაშველო სამუშაოები 21 მარტს ტიგროსში ბორნის ჩაძირვის შემდეგ

ერაყში, სულ ცოტა, 83 ადამიანი დაიღუპა მდინარე ტიგროსზე ბორნის ჩაძირვის შედეგად. ტრაგედია 21 მარტს მოხდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულთან, წინაისლამური სპარსული საახალწლო დღესასწაულის, ნოვრუზის დროს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

ცნობების თანახმად, ბორანი გადავსებული იყო ხალხით, რომელიც ნოვრუზის საზეიმოდ ნინევიის პროვინციის ერთ-ერთი გასართობ ცენტრში მიდიოდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ სამდღიანი გლოძა გამოაცახად და მოითხოვა უბედური შემთხვევის „დაუყოვნებლივ“ გამოძიება.

ერაყის ჯარებმა 2017 წელს აღადგინეს კონტროლი მოსულზე, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაპყრობილი.

აშშ-მა ირანს დაუწესა ახალი სანქციები ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო

ირანის მედიით გავრცელებული ფოტო: ირანის თანამგზავრის კოსმოსში გაშვების მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. ირანმა წელს ორჯერ, 15 იანვარს და 5 თებერვალს სცადა ორბიტაზე თანამგზავრის გაშვება, ორჯერვე წარუმატებლად

აშშ-მა თეირანს დაუწესა ახალი სანქციები, რომლებიც მიმართულია 31 მეცნიერის, ინჟინრისა და კომპანიის წინააღმდეგ, ვაშინგტონის ინფორმაციით, ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე მუშაობის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 მარტს განაცხადა, რომ 14 ინდივიდი და 17 კომპანია დაკავშირებული არიან ირანის თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციასთან. ამავე განცხადებით, ჯგუფი შექმნა მოჰსენ ფახრიზადეჰმა, თავის დროზე თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამის შემქმნელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი როგორც აღნიშნავს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავაც აკისრებს ირანის რეჟიმს პასუხისმგებლობას ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და საზიანოა ირანელი ხალხისათვის. „ეს ითვალისწინებს უზრუნველყოფას იმისა, რომ ირანმა ვერასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი“, ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

4

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე უარს შეეხება.

სასამართლო განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა.

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და უნდობლობას აღრმავებს დაზარალებულსა და პროკურატურას შორის.

„ჩვენ ვასაჩივრებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თ პუნქტის შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ვითხოვთ დაზარალებულებს ჰქონდეთ უფლება არა მხოლოდ სიტყვიერად მიიღონ ინფორმაცია პროკურორის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არამედ მიეცეთ შესაძლებლობა, ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამით კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ეს ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულების ნდობის გაძლიერებას გამოძიების მიმართ და თუნდაც უკვე ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, უკვე წარმატებაა. დანარჩენს სასამართლო განხილვა დაგვანახებს“, - აცხადებს გიგუაშვილი.

საქართველოს პროკურატურა 25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით.

კიევის თქმით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინა აცხადებს, რომ მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკების შედეგად.

თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტს განაცხადა, რომ სეპარატისტმა მებრძოლებმა ტყვიამფრქვევის, ნაღმსატყორცნის და ყუმბარსატყორცნის ცეცხლი გახსნეს და 24 საათის განმავლობაში შვიდჯერ დაარღვიეს საზავო შეთანხმება.

თავის მხრივ, სეპარატისტებმა დონეცკის რეგიონში უკრაინის სამთავრობო ჯარებს ბრალი დასდეს იმავე პერიოდში საზავო შეთანხმების შვიდჯერ დარღვევაში.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, კიევისა და სეპარატისტთა ჯარებს შორის ბრძოლებს 13 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშებისთვის სახელფასო ანაზღაურების ჩარიცხვა დაიწყო

„ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვის დასაფარი თანხა ინვესტორმა დარიცხა", - ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

„ინფორმაციის დადასტურების შემდგომ, პროტესტის მონაწილე დასაქმებულებმა ქარხნის ადმინისტრაციის შენობაზე პიკეტირება მოხსნეს, რათა ბუღალტერიას მიეცეს საშუალება მოახდინოს მუშების სახელფასო ანგარიშებზე ინდივიდუალურად გადარიცხვების დაწყება,- ნათამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშები 6-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოითხოვნით 19 მარტიდან პერმანენტულ აქციებს მართავდნენ და "ელმავალმშენებელი" ქარხნის ადმინისტრაციის შეუსრულებელ ვალდებულებებს აპროტესტებდნენ.

ეგორ კოჩიევი: "რა ინციდენტი იგულისხმება, ჰკითხეთ ქაცარავას"

22 მარტის შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ჟურნალისტების (მათ შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის) შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ კითხვა-პასუხის იმ ნაწილის ტექსტურ ვერსიას, რომელიც წინა კვირის ხურვალეთის ამბებს უკავშირდებოდა:

ჟურნალისტი: რა მოხდა ხურვალეთში?

ეგორ კოჩიევი: რისი მოსმენა გსურთ ხურვალეთზე?

ჟურნალისტი: იქ ინციდენტი იყო? ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შეიარაღებული პირები შევიდნენ.

ე.კ.: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტებამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით, სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა.

ჟურნალისტი: და, რა მოხდა იქ?

ე.კ.: საქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ [აქ რამდენიმე სიტყვა ცუდად ისმის - რ.თ.] რუსეთის ძალები იკავებენ ხურვალეთს. სინამდვილეში, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც შერიგების მინისტრს (ზუსტად არ ვიცი, როგორ ჰქვია მის თანამდებობას), ქეთევან ციხელაშვილს არ დაუდასტურებიათ, რომ რუსეთის სამხედროები, რომელიმე სხვა სამხედროები, ან სამხრეთ ოსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ინციდენტამდე საქმე არ მისულა.

ჟურნალისტი: რას ნიშნავს ინციდენტამდე საქმე არ მისულა?

ე.კ.: ეს ნიშნავს იმას, რომ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ეს არ შეიძლება კიდევ რამეს ნიშნავდეს. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიან ძალებს, რომლებმაც დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ ქართველ პოლიციელებს, შეიძლებოდა ეს ინციდენტით დასრულებულიყო.

ჟურნალისტი: რა სახის ინციდენტით?

ე.კ.: რა ინციდენტი იგულისხმება, ჰკითხეთ ქაცარავას. რის გაკეთებას აპირებდა ის ამ რაიონში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისთვის კითხვის დასმა?

ჟურნალისტი: მან განაცხადა, რომ სურდა ადამიანებს დახმარებოდა მიწის დამუშავებაში.

ე.კ.: მათ მაგივრად უნდა დაებარა მიწა?

ჟურნალისტი: დაეთესა, მოეხნა.

ე.კ.: მოხნას თავის ტერიტორიაზე. რატომ უნდა შეძვრეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კარგად არ მესმის.

Europeana-ზე პირველად განთავსდა ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უმსხვილეს ციფრულ პლატფორმაზე Europeana პირველად განთავსდა ქართული ისტორიული კოსტიუმების კოლექცია. ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციის ნაწილია.

საიტზე განთავსებულია 34 ექსპონატი - ქართული ტრადიციული სამოსი გასული საუკუნეებიდან. ასევე სამოსი შექმნილი სხვადასხვა ფილმისთვის, მათ შორის ცნობილი შავი კაბა ფილმიდან „ქეთო და კოტე“. პლატფორმაზე დამთვალიერებელს ასევე შეუძლია ნახოს მხატვარ სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი სასცენო კოსტიუმები.

Europeana-სთან მოლაპარაკება საქართველომ 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს.

პლატფორმა ევროპის მასშტაბით 3 ათას ინსტიტუციას აერთიანებს და საათში 10 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. კულტურული მემკვიდრეობის ციფრული სივრცე 2008 წელს შეიქმნა და დღეისთვის მასში აღრიცხულია 58 მილიონზე მეტი ექსპონატი, მათ შორის, ნახატები, არტეფაქტები, წიგნები, ფოტოები, რუკები, მუსიკალური ნაწარმოებები და ფილმები ევროპული მუზეუმებიდან, გალერეებიდან, ბიბლიოთეკებიდან და არქივებიდან.

ასტანაში დააკავეს ათი ადამიანი, მათ შორის „ნასტოაიაშჩეე ვრემიას“ რეპორტიორი და ოპერატორი

საპროტესტო გამოსვლები ასტანაში

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დააკავეს ათი ადამიანი, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოაიაშჩეე ვრემიას“ რეპორტიორი სვეტლანა გლუშკოვა და არხის ოპერატორი. პოლიციამ დაკავება ახსნა იმით, რომ გლუშკოვას შესახებ თითქოს განცხადება მიიღეს ვიღაც ქალისგან.

„დამაკავეს. მჭირდება ადვოკატი. ვიმყოფები სარიარკინის სამმართველოში“, მოასწრო კორესპონდენტმა სარედაქციო ჩეტში დაწერა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, სამი საათის შემდეგ გლუშკოვა გაათავისუფლეს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ისევ დააკავეს. მასთან ერთად იმყოფება ადვოკატი.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ადვოკატმა განიზატ ოსპანოვმა დაკავებისას ფეხის ტრავმა მიიღო. მას თაბაშირი გაუკეთეს. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება.

ყაზახეთის ხელისუფლების კრიტიკოსმა, უცხოეთში მცხოვრებმა მუხრატ აბლიაზოვმა თავის მომხრეებს მოუწოდა, გასულიყვნენ 22 მარტის აქციაზე და მსვლელობის დასაწყისად ასტანის ერთ-ერთი მოედანი დაასახელა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გადამღები ჯგუფი ამ მოედანზე დააკავეს.

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

მთაწმინდის პანთეონში მერიის მიერ წარმოებული სადრენაჟო სამუშაობის მიმდინარეობისას ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. ინფრომაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ფეიბუკის პირად გვერდზე ავრცელებს.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებს სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოებს. ამ სამუშაოების დროს აღმოჩენილია ძველი საფლავის ქვა. რასაკვირველია, მერიამ მოიწვია სპეციალისტები და დაწყებულია შესწავლა. ახლო მომავალში მოგაწვდით უფრო ვრცელ ინფორმაციას აღმოჩენასთან დაკავშირებით”, - წერს მერიის საზოგადოებასთანურთიერთობის სამსახურის უფროსი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: მინისტრმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის 21 მარტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა მცდარი განცადებები, რომლებიც აზიანებს როგორც პორტის მშენებლობის პროცესს, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც.

რადიო თავისუფლება კონსორციუმის განცხადებას სრული სახით გთავაზობთ:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს, რომ შეჭიდებულია პროექტს, რომელიც გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის პროექტია, ასევე არის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალი, სრულფასოვანი ფუნქცია შესძინოს და აქციოს ის აღმოსავლეთ-დასავლეთ კარიბჭედ მსოფლიოს ამ ნაწილში.

ვითვალისწინებთ რა საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით, მივესალმებით მის ღია განხილვას პარლამენტში და მადლობას ვუხდით ყველა დეპუტატს პროექტით დაინტერესებისა და საკუთარი აზრის გამოთქმისთვის.

აქვე გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ქალბატონი მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ამ დიდი მნიშვნელობის პროექტს და მისი მშენებლობის პროცესს, ასევე იმ საერთაშორისო ინვესტორებსა და დონორებს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პორტის მშენებლობაში, აიღეს რისკი და აფხაზეთთან ახლოს, კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში განახორციელეს სოლიდური ინვესტიცია; ეს განცხადებები რეპუტაციას ულახავს და აკნინებს იმ უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან გააგრძელონ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ყველაზე ცნობილ და ჩვენი ქვეყნის მთავარ დონორ ბანკებთან (EBRD, OPIC, ADB, AIIB) და სწორედ ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ხელისუფლებას შორის 8-პუნქტიან შეთანხმებაზეა დამოკიდებული პროექტის ფინანსური დახურვაც.

ქალბატონი მინისტრის მიერ მკაფიოდ და არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების საქმეში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი შედგება ისეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან როგორიცაა: Conti Group, SSA Marine, Van Oord, Hyundai , MTBS , BergerABAM , Moffatt & Nichol, Royal Haskoning, Hatch , Ecoline International , Worley Parsons, Halo Trust, Baker Mckenzie , Dentons , Willkie Farr & Gallagher , Clifford Chance , Marsh და სხვები.

ეს არის მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც ამ ოთხი წლის მანძილზე კონსორციუმში შემოვიკრიბეთ და ამ კომპანიებს თავიანთი არსებობის მრავალი წლის მანძილზე არაერთი, ანაკლიის პორტის პროექტის მსგავსი და კიდევ უფრო დიდი პროექტები განუხორციელებიათ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიაჩნია - როდესაც ასეთი დიდი გუნდიდან არ ხდება მისი არცერთი წევრის ხსენება, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი პორტოპერატორის და აქციონერის, უდიდესი ამერიკული კომპანიის “SSA Marine”-ს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებებმა შესაძლებელია ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც.

აქვე გვინდა შეგახსენოთ სიტყვები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა საქართველოში ვიზიტისას, სწორედ SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის პარტნიორობის გაფორმების ცერემონიალზე წარმოთქვა:

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძლიერი ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების გამყარების საუკეთესო გამოხატულებაა. ამერიკული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ორმილიარდიან პროექტში და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებას!”

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო გუნდს ასევე სჯერა, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებს არც მომავალში დაემუქრება რამე საფრთხე და ის კვლავ წარმატებულად გაგრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მთავრობას, რომ მზად ვართ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგისთვის, რომ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაკისრებულ მოვალეობებს და რომ კვლავ არ დავიშურებთ ძალასა და ენერგიას, წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე“, - წერია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე - შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელების გვერდით დადგა

"შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას”, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახუაძემშუალედური არჩევნებისთვის „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება.

ორმა პარტიამ ბლოკი შექმნა პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ უთა ჟურნალისტებს, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

„თქვენ გახსოვთ, როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონრეტულ სახელებსა და გვარებზე: ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე. შალვა შავგულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ რაღაცებზე გვედავებიან, არანაირი პრინციპები არ აქვთ. ეს არის ამის დამადასტურებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიევის სანქციების სიაში შეტანილმა რექტორმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა

მერაბ ხალვაში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა და თხოვა, გამოიყენოს ყველა საშუალება, იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ დადგენილი სანქცია გააუქმოს.

რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ წერილში მერაბ ხალვაში გამოხატავს პატივისცემას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც დასტურდება ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომლობით უკრაინის წამყვან უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ხალვაში განმარტავს, რომ უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია შესაძლოა, უკავშირდებოდეს 2017 წელს, სევასტოპოლში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ანტიკური პერიოდის შესახებ, სადაც მიწვეული იყო მოხსენებისთვის, თუმცა, სევასტოპოლში არ ჩასულა და არც ნაშრომი გაუგზავნია სწორედ უკრაინის მხარდაჭერის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორისგან წერილის მიღებას.

სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ კიევიდან არანაირი ოფიციალური წერილი და შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინაში საქართველოს საელჩომ მოახდინა დაუყოვნებლივი რეაგირება, დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მირანდა თურმანიძე რადიო თავისუფლებამ 21 მარტს აღმოაჩინა იმ 848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.

21 მარტს როგორც ხალვაშმა, ისე თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიწვევა მიიღეს სევასტოპოლში სამეცნიერო კონფერენციაზე, თუმცა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არ ჩასულან უკრაინისადმი პატივისცემის გამო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს.

სანქციების მიზეზებად დასახელებულია:

ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;

უკრაინის სამხედრო გემების და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;

ყირიმში უკანონოდ ჩასვლა

ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;

უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება;

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

რუსეთის სასამართლომ უკრაინელ პავლო ჰრიბს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა

პავლო ჰრიბი

დონის როსტოვში ჩრდილო კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე პავლო ჰრიბს ტერორიზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის მოხდით საერთო რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში.

მანამდე ეს სასჯელი პროკურორმა მოითხოვა. სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა განზრახ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, თუმცა აქტიურად უწყობდა ხელს მის გახსნას.

გუშინდელი სხდომის მსვლელობისას ჰრიბი ცუდად გახდა. მედიკოსებმა მას დაავადების გამწვავება დაუდგინეს. მანამდე ბრალდებულის მამამ განაცხადა, რომ მის შვილს სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია. ნათესავების თქმით, ჰრიბმა პრაქტიკულად დაკარგა მხედველობა და მას მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა. თავის მხრივ, რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ბრალდებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ჰრიბმა სასამართლოზე გაიმეორა, რომ დაკავებისას მას აწამებდნენ და უარყო ყველა ბრალდება.

უკრაინელი სტუდენტი პავლო ჰრიბი 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს ბელარუსის ტერიტორიაზე. იქ ის თავის ნაცნობთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით ჰრიბი აღმოაჩინეს კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორში. მისი ნათესავები და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, ჰრიბი ცდილობდა, თავისი ნაცნობი გოგონა დაერწმუნებინა, რომ თვითნაკეთი ბომბი აეფეთქებინა სოჭის სკოლაში. ქალმა მოგვიანებით აღიარა, რომ ჰრიბი ეფესბეს ზეწოლით დაპატიჟა.

კიევი ითხოვს უკრაინის მოქალაქის გათავისუფლებას და რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციაზე ლაპარაკობს.

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგინა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა.

სანდრა რულოვსი 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ დააგროვეს ხმათა საჭირო რაოდენობა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე კი სანდრა რულოვსმა თავად თქვა უარი და განაცხადა, რომ „მას არჩევნები პირველ ტურში მოპარეს".

ზუგდიდის მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ლაშა გოგიამ.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ირაკლი კობახიძე: ჩემი ამოცანაა 2020 წლის არჩევნები თავისუფალ, არააგრესიულ გარემოში ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან აგიტატორებისა და ე.წ. „ფეიქ დამკვირვებლების“ ყოფნა და გარდა ამისა, ე.წ. შავი ფულის მოხვედრა საარჩევნო კამპანიაში კანონმდებლობით დარეგულირდეს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა კონფერენციაზე "2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები".

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლების მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ, მშვიდობიან, არააგრესიულ გარემოში ჩატარებაა.

"არის მთელი რიგი პრობლემები, რომელიც მათ შორის, კანონმდებლობასთანაც არის კავშირში. მაგალითად, ეს არის აგიტატორების პრობლემა, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნების გარშემო, ეს არის ტრადიცია, რაც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ამ კუთხით შეიძლება ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში. „ფეიქ დამკვირვებლებიც“ არის სერიოზული პრობლემა. რა უნდა გაკეთდეს არ ვიცი, თუმცა ამაზე მუშაობაც საჭიროა“.

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ საჭიროა მსჯელობა "სიჩუმის დღის" აღდგენის თაობაზე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი სერიოზულ გამოწვევად რჩება შავი ფული პრობლემა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ უკეთ უნდა მოწესრიგდეს სახელმწიფო დაფინანსება, რითაც თავიდან უნდა იყოს აცილებული ე.წ. „ფეიქ პარტიებისა“ და ერთკაციანი პარტიების შექმნის საკითხი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ასეთ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს ეხება საქმე, ხშირად წამოიჭრება კონსენსუსის პრობლემა, თუმცა, ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლება, საერთაშოროსო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ისეთი ფორმატის შექმნას შეძლებს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ასეთი კონსენსუსის მიღწევას.

"ჩვენი ამოცანაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ, მშვიდობიან, არააგრესიულ გარემოში ჩატარება და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი 2020 წლისთვის იქნება მიღწეული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპი: საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება. ამის შესახებ მან ტვიტერით დაწერა.

„52 წლის შემდეგ მოვიდა დრო, რომ აშშ-მა აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სოცქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ამ წინადადებისთვის და, ამასთან, ირანს ბრალი დასდო, რომ ის სირიის მეშვეობით ცდილობს მისი ქვეყნის „განადგურებას“.

გოლანის მაღლობები არის ისრაელსა და სირიას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის კონტროლქვეშ გადავიდა. სირია და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობენ გოლანზე ისრაელის სუვერენიტეტს. გოლანის მაღლობების მიმართულებით პერიოდულად ისვრიან სირიის მხრიდან, რასაც ისრაელი დარტყმებით სცემს პასუხს. უკანასკნელი ინციდენტი 2019 წლის იანვარში მოხდა.

ირაკლი კობახიძე: სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ხშირად არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი.

მაგალითად, მისი თქმით, ოპოზიციას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა განკუთვნილი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ფაქტო არც ერთ დასკვნაში არ არის ასახული.

„ხშირად იყო საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სერიოზული მატერიალური უპირატესობა ჰქონდა. არასწორი ფაქტები იყო ხშირად მოყვანილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში. კერძოდ, აქცენტი კეთდებოდა შემოწირულობებზე და ერთმანეთთან იყო შედარებული შემოწირულობები. თუმცა, რეალობა არის სრულიად განსხვავებული. ჩვენ უნდა ავიღოთ შემოწირულობები და რეკლამის კომპენსაციის თანხები, ასევე ის თანხები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამკვირვებლებზე გამოიყოფა. თუ დავაჯამებთ ამ თანხებს, ვნახავთ, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა განკუთვნილი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ეს არის რეალობა, რომელიც სამწუხაროდ, არც ერთ დასკვნაში არ არის ასახული", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG