Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური დევნა თუ მერაბიშვილის ორი პასპორტი?


დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს.
დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს.
ვანო მერაბიშვილი კვლავ დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჯერადაც ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის გამო დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს სცადა. თავად მერაბიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია, ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში სდებს ბრალს. მერაბიშვილის დაკითხვის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის წინ შეკრებილი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. მერაბიშვილმა საგამოძიებო ნაწილის შენობა ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დასაკითხად 7 დეკემბერს, 12 საათზე, დაიბარეს. შენობაში შესვლის წინ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დადგენილების მიღების შემდეგ, აღარ უკვირს მას რომ დევნიან:

„გუშინწინ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება და პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები, ტერორისტები და ის ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოს და აპირებენ მათ განთავისუფლებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ის ადამიანი, რომელიც ებრძოდა მათ და იცავდა ქართულ სახელმწიფოს, დადიოდეს დაკითხვაზე“.

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების სურვილია პრესის საშუალებით ვრცელდებოდეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" დაკითხვისა და ზეწოლის შესახებ, რათა, როგორც ოპოზიციურ პარტიას, საშუალება არ ჰქონდეს, გააგრძელოს ხელისუფლების კრიტიკა.
პარლამენტში კრიტიკული დებატების შემდეგ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ოპოზიციას გააჩერებს ან შეაშინებს რაიმე სახით, მათ შორის, დაკავებებითა და დაბარებებით ...
აკაკი მინაშვილი

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ვანო მერაბიშვილმა ყალბი პასპორტით სცადა საზღვრის გადაკვეთა 2012 წლის 30 ნოემბერს. ამ ფაქტთან დაკავშირებთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მესაზღვრე-კონტროლიორ ვაჟა ღოღაძის ჩვენების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მესაზღვრემ შეამჩნია, რომ პროტოკოლის სამსახურის მიერ მიწოდებულ ლევან მაისურაძის პასპორტში ჩაკრული იყო ვანო მერაბიშვილის ფოტო:
„პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს ზურაბ დარჩიაშვილს, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული პასპორტი, განვუმარტე, რომ პასპორტის მფლობელს არ მივცემდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას, ვინაიდან პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნების მონაცემებს. მე წარმომადგენელს ვკითხე, თუ ვისი პასპორტი წარმომიდგინა მან, რაზეც მიპასუხა, რომ წარმოდგენილი პასპორტი იყო ივანე მერაბიშვილის. ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს და ხმამაღლა თქვა, რა პრობლემაა, ეს პასპორტი არ გავატაროთო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე დავინახე, თუ როგორ გამოართვა ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში“.

აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი
ვანო მერაბიშვილმა 1 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში ორი პასპორტის არსებობის ფაქტი კატეგორიულად უარყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მას პასპორტი გადაუცია დამხმარე პირისათვის, რომელსაც რამე ინციდენტის თაობაზე მისთვის არაფერი უთქვამს. ვანო მერაბიშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებათ მის თანაპარტიელებს, რომელთა შორის დეპუტატი აკაკი მინაშვილიცაა:

„პარლამენტში კრიტიკული დებატების შემდეგ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ოპოზიციას გააჩერებს ან შეაშინებს რაიმე სახით, მათ შორის, დაკავებებითა და დაბარებებით. მმართველი ძალა ცდილობს პოლიტიკური დევნის მეშვეობით გააქროს პოლიტიკური არენიდან ოპოზიცა ან დააშინოს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის შენობის წინ საზოგადოების წარმომადგენლებიც მივიდნენ. თავისუფლების ინსტიტუტის წევრის თეა თუთბერიძის თქმით, ხელისუფლება, ვანო მერაბიშვილის დევნის სახით, გაუთვლელ და აბსურდულ ნაბიჯებს დგამს, რითაც არჩევნების წინ გაკეთებული განცხადებების გამართლებას ცდილობს.
მისი დაკითხვა არის ვალდებულება და არა პოლიტიკური კეთილი ნება. მთავარია ის, მერაბიშვილს თუ ეყოფა ვაჟკაცობა და თუ აღიარებს, რომ მას მართლა ჰქონდა ორი პასპორტი ...
ირაკლი სესიაშვილი

„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საზოგადოებას კვებავდა იმით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ სისხლისმსმელები, იყვნენ მონსტრები, ჯალათები და ა.შ. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ძალიან სასაცილო ბრალდებებით ამ ადამიანების დაკავებებს, ნარკოტიკების ჩადებებს, ვხედავთ ჟანგიანი „მაკაროვის“ ჩადებას და ისე დაკავებას. თურმე ვანო მერაბიშვილი ყოფილა ლევან მაისურაძე! თუ მერაბიშვილთან ამაზე მეტი მოსადავებელი ვერაფერი ნახა ახალმა ხელისუფლებამ, მაშინ ბრავო ვანო მერაბიშვილს! ის ყოფილა ძალიან კარგი მინისტრი!“, უთხრა თეა თუთბერიძემ რადიო თავისუფლებას.

ასე არ ფიქრობენ ვანო მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ფაქტია, რომ მერაბიშვილს აღმოაჩნდა ორი პასპორტი, რაც სათანადო ჩვენებებითა და მტკიცებულებებით დასტურდება:

„შესაბამისად, მისი დაკითხვა არის ვალდებულება და არა პოლიტიკური კეთილი ნება. მთავარია ის, მერაბიშვილს თუ ეყოფა ვაჟკაცობა და თუ აღიარებს, რომ მას მართლა ჰქონდა ორი პასპორტი. თუმცა უფრო მტკივნეული საკითხია ის, თუ ამგვარი პრაქტიკა ფართოდ იყო გამოყენებული წინა ხელისუფლების პირობებში“.

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილს ამ განცხადების გაკეთების საფუძველი მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობამ იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა, გაცემული ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი. სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ყალბი პასპორტების დამზადებას ორგანიზებული სახე ჰქონდა.

„ცხადია, ეს კეთდებოდა ცენტრალიზებულად. მერაბიშვილის მოადგილე ვერ გააკეთებდა მერაბიშვილის გარეშე და ვერც მერაბიშვილი აიღებდა ყალბ პასპორტს ისე, რომ ადეიშვილს არ სცოდნოდა და, პირიქით, რადგანაც საქმე გვაქვს მართლა ორგანოების მიერ გაცემულ პასპორტებთან, რომელშიც გამოყენებულია ნაღდი სურათი და შეცვლილი გვარ-სახელი“, უთხრა პეტრე მამრაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, პასუხად, დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის მიმართ არსებული ყველა ბრალდება აბსურდულია და პოლიტიკურ დევნას ისახავს მიზნად.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG