Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა სადავო კანონპროექტი გაშვილების შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების მოქალაქეებისათვის რუსეთში ბავშვის აყვანის აკრძალვას. კანონპროექტის მომზადება მოჰყვა შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში ამოქმედებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. ამერიკული კანონის სახელწოდება, „მაგნიტსკის აქტი“, უკავშირდება 2009 წელს მოსკოვის ციხეში იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების ფაქტს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული საპასუხო ზომით, სანქციები უნდა ამოქმედდეს რუსების უფლებების დამრღვევი ამერიკელების წინააღმდეგ. სახელმწიფო სათათბიროში დღევანდელი განხილვის დაწყებამდე, მოსკოვში დააკავეს კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციის, სულ ცოტა, 13 მონაწილე. კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს რუს დეპუტატებს შორისაც. „ეს არის აღმაშფოთებელი, უსინდისო კანონი, სრულიად არასიმეტრიული! სახელმწიფო სათათბირო იცავს რუს კორუმპირებულ პირებს, თან საამისოდ მიდის ყველაზე დიდ სპეკულაციაზე - ბავშვების პრობლემის წამოჭრით“, ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ილია პონომარიოვი, რომელიც ოპოზიციურ პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG