Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის პოლიტიკური მისია?


საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ილია მეორემ ვლადიმირ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა პატრიარქს 80 წლის იუბილე და აღსაყდრების 35 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ჰუმანიტარული, სასულიერო და კულტურული კონტაქტების მხარდაჭერისთვის ორ მოძმე ქვეყანას შორის.

22 იანვარს პრესკონფერენციაზე კი პატრიარქმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. რა პოლიტიკური მანდატი შეიძლება ჰქონოდა საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტს და აქვს თუ არა ამ ვიზიტს, პოლიტიკურის გარდა, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებული საკითხების მოგვარების მიზანიც?
ის ყველა აუცილებელ და შესაძლებელ საშუალებას მიმართავს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ვფიქრობ,ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, გადაწყდება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით...
საქართველოს პატრიარქი


საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა და დასძინა, რომ ”ის ყველა აუცილებელ და შესაძლებელ საშუალებას მიმართავს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ვფიქრობ,ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, გადაწყდება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით”, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ორ ქვეყანა შორის არსებული რთული ვითარების მიუხედავად გაწეული საქმიანობისთვის. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ არ ვრცელდება.

რუსეთის ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა სფეროში დაწყებული მოლაპარაკებების კომენტირებისას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ, მთლიანობაში, ვიზიტები და კონსულტაციები უნდა აღვიქვათ რუსეთის მხრიდან იმ გაუცხოების პოლიტიკის შეცვლის ნიშნად, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. თუმცა, პრობლემათა მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სათანამშრომლო საკითხთა არეალი ჯერჯერობით ძალიან ვიწროა - ის
არ შეიძლება ქართველი ერი იყოს რუსი ერის მტერი, როცა ის ერთმორწმუნე ერია. აი, ეს ფაქტორია აქ...
კახა გოგოლაშვილი

ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობით გამოიხატება და ორ ქვეყანას შორის ნდობის ხარისხის ამაღლების მცდელობას უკავშირდება, თუმცა ყველა საკითხის მოგვარება, - იქნება ეს ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობა, - კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, არის ზღვაში წვეთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასთან შედარებით. ამ კონტექსში განიხილავს კახა გოგოლაშვილი პატრიარქის რუსეთში ვიზიტსაც:

”ამ შემთხვევაში პატრიარქის ვიზიტი არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ მოხდეს დათბობა რაღაც მიმართულებით. მე, უბრალოდ, არ მოველი მნიშვნელოვან პროგრესს, იმიტომ რომ რუსეთის რეალური ინტერესები საქართველოსა და კავკასიასთან მიმართებით ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაში არის ეს განსხვავებები - ეს არის ენერგეტიკული პროექტების საკითხი, ეს არის აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ოკუპაცია და ა.შ.”.

კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უფრო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა:

”პატრიარქის მისია ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი და ფაქტორი, რომ რუსეთის საზოგადოებაში მოხდეს განწყობების ცვლილება და რომ ისინი კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მართლაც მტრულად განწყობილი ერი. არ შეიძლება ქართველი ერი იყოს რუსი ერის მტერი, როცა ის ერთმორწმუნე ერია. აი, ეს ფაქტორია აქ”.
ჩვენ ურთიერთობებს ვუყურებთ ორ თანასწორუფლებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის, რომელთაც აქვთ სრულიად თანაბარი უფლებები, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, არმიის სიმრავლისა და ა.შ... რუსეთი ლაპარაკობს უფროსი ძმის პოზიციიდან...
თენგიზ ფხალაძე


გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის სიტყვებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ის სახე, რასაც ახლა ვხედავთ, უბრალოდ, გარკვეული პროცესის დასაწყისია, პროცესისა, რომელიც თავად რუსეთის ინტერესებში შედის. როგორც თენგიზ ფხალაძე ამბობს, ქვეყანას, რომელსაც პრეტენზიები აქვს იყოს ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტორი, არ შეიძლება ომის პირობებში იყოს ევროსაბჭოს წევრ მეორე ქვეყანასთან. თუმცა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დაწყებული მოლაპარაკებების ინტერესთან დაკავშირებით თენგიზ ფხალაძეს კითხვები აქვს, კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებას:

”მათი ხრიდან რა ტერიტორიებზეა საუბარი, რადგან პარალელურად აცხადებენ, ჩვენ არ წავიღებთ უკან ჩვენს აღიარებას არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთისო. ეს - ერთი ფაქტორი. ამასთან, რუსეთი ამბობს, რომ საქართველო მოიაზრება მისი გეოპოლიტიკური ზეგავლენის სფეროებში და საუბარია ევრაზიულ კავშირზე. ამიტომ რას ნიშნავს მოგვარება ჩვენთვის და რას ნიშნავს მოგვარება რუსეთისთვის, ამაში არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ურთიერთობებს ვუყურებთ ორ თანასწორუფლებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის, რომელთაც აქვთ სრულიად თანაბარი უფლებები, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, არმიის სიმრავლისა და ა.შ... რუსეთი ლაპარაკობს უფროსი ძმის პოზიციიდან”.
თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

ამასთან, თენგიზ ფხალაძე საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტის პოლიტიკური ასპექტის კომენტირებისას ყურადღებას ამახვილებს თავად რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებაზე ამ ვიზიტის მიმართ და ამბობს, რომ რუსეთის ეკლესია სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და ელექტორატის განწყობებსაც განსაზღვრავს. შესაბამისად, რუსეთის ეკლესიის პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

რუსეთში საქართველოს პატრიარქის ვიზიტს პოლიტიკურზე მეტად ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემური საკითხების განხილვასთან აკავშირებს თეოლოგი ლევან აბაშიძე და იმ დილემაზე საუბრობს, რომლის წინაშეც საქართველოს პატრიარქი დგას: მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური სამყარო აღიარებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ექვემდებარება, ქართული მღვდელმსახურება იქ არ მიმდინარეობს, ისევე როგორც ქართველი სასულიერო პირები ვერ ახერხებენ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას. ლევან აბაშიძის სიტყვებით, სასულიერო წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ დროებითი მღვდელმსახურება მსოფლიო პატრიარქის ხელდასხმით მოხდეს და რომ ამ საკითხს ორი ქვეყნის პატრიარქებიც განიხილავდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG