Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინას ლინკევიჩუსმა ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება შესთავაზა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება შესთავაზა, რადგან ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, ამ მხრივ საქართველოში სრული თანხმობაა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველის სწრაფვაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შემოდგომაზე ვილნიუსი უმასპინძლებს ევროკავშირის სამიტს და შესაბამისად, ლიტვას აქვს დამატებითი ვალდებულება, რომ საქართველომ სამიტისგან მიიღოს ქვეყნისთვის სასურველი მაქსიმუმი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დათანხმდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას, მისი და პრეზიდენტის ერთობლივი განცხადების შესახებ. დღესვე ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადასტურებს ”ძველ შეთავაზებას,” რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მიმართონ ევროკავშირსა და ნატოს და მიუხედავად შიდა განსხვავებებისა, ხაზგასმით აღნიშნონ, რომ სურთ ევროპული კურსის გაგრძელება. პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრთან გუშინდელი შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა რაღაც სახით მაინც აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი შეფასებით, ”ვილნიუსის სამიტი ძალზე მნიშვნელოვანია და გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ჩავსხდეთ იმ მატარებელში, რომელიც ევროკავშირის წევრობას მოგვიტანს.”
XS
SM
MD
LG