Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუალო სკოლა - მრავალწლიანი დილემა. ნაწილი III


თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.
საქართველოს საშუალო სკოლებში სწავლების ხარისხზე ჩივილს არაერთი მშობლისგან გაიგონებთ. ზოგს მასწავლებლის ძველმოდური ხედვა არ მოსწონს, ზოგი ბავშვებთან დამოკიდებულებით არის უკმაყოფილო, ზოგს მისი გაკვეთილის ახსნის მანერა მიაჩნია არასრულყოფილად, ზოგი კი ირწმუნება, რომ მასწავლებლებს, უბრალოდ, კვალიფიკაცია აკლიათ. მშობლები ხშირად უცვლიან სკოლებს შვილებს, ადარებენ ერთმანეთს კერძო და საჯარო სკოლებს. ამა თუ იმ სკოლის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას არაერთ სოციალურ ქსელში წააწყდებით, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება.

ნაწილი III

საერთაშორისო გამოკვლევები: შეფასება ”საშუალოზე დაბალი”

საქართველოში სულ რამდენიმე საერთაშორისო კვლევაა ჩატარებული, რომლის ადმინისტრირებაც, როგორც მკვლევარი განათლების საკითხებში ნუცა კობახიძე გვიხსნის, დებულების მიხედვით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ევალებოდა. ესენია:

2006 წელს ჩატარებული - წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS – Progress in International Reading Literacy Study), რომელიც ზომავს მეოთხეკლასელ მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარს (და არა წერა-კითხვის უნარს, რაც ხშირად ეშლებათ).

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში ეს კვლევა განმეორებით 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. შედეგები 2012 წლის 11 დეკემბერს გახდა ცნობილი. საინტერესოა, რომ ქართველმა მოსწავლეებმა, 2006 წელთან შედარებით, პროგრესი აჩვენეს, თუმცა საქართველო მაინც საერთაშორისო სკალირებული ქულის ქვემოთ აღმოჩნდა.

2007 წელს ჩატარდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS – Trends in International Mathematics and Science Study), რომელიც მე-4 და მე-8 კლასებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნას აფასებს.

ტიმსი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და განმეორებით საქართველოში 2011 წლის გაზაფხულზე პირლსთან ერთად ჩატარდა. ოდნავი გაუმჯობესება გვაქვს მე-4 კლასში; მე-8 კლასში, საბუნებისმეტყველო საგნებში, - გაუარესება.

2008 წელი - მათემატიკის მომავალი მასწავლებლების განათლების საერთაშორისო კვლევა (TEDS-M).
აქ, როგორც ნუცა კობახიძე იხსენებს, საქართველოს ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა და მონაწილე ქვეყნებიდან სულ ბოლო ადგილზე გავიდა.

2010 წელი - მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA- Programme for International Student Assessment). ეს კვლევა საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა. ძირითადი სამიზნე მე-9 კლასის მოსწავლეები არიან. განსხვავებით ზემოთ აღწერილი სამი ამერიკული კვლევისაგან, პიზას ევროპა ატარებს, კერძოდ - ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD). ძალიან მნიშვნელოვან კვლევად ითვლება საერთაშორისო მასშტაბით.

„საინტერესოა ფაქტორების კვლევა, თუ რამ გამოიწვია პროგრესი ან რეგრესი თითოეულ საგანში საქართველოში. ამის კვლევა ჯერ არავის დაუწყია. ნაეკს აქვს კვლევის შედეგების ბაზა, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის ეს ბაზა მისაწვდომი იქნება, მაგრამ ჯერ არავის მოუნდომებია ე.წ. ტრენდების ანუ დინამიკის კვლევა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. როგორც აღვნიშნე, შედეგები მხოლოდ 2012 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი“, – ამბობს ნუცა კობახიძე.

როგორც ცნობილია, 2011 წელს საერთაშორისო კვლევები საქართველოში შეწყდა. მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ეს გადაწყვეტილება 2011 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ „პიზას“ კვლევის შედეგებს მოჰყვა, სადაც ქართველმა მოსწავლეებმა ისევ არასახარბიელო შედეგები აჩვენეს. ითქვა,
კვლევის მეთოდოლოგია ბუნდოვანია, არასწორია და ჯობს, ეროვნულ კვლევებზე გადავიდეთო.

არადა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, საერთაშორისო კვლევების ძირითადი მიზანი სწორედ ისაა, რომ ქვეყანამ „დაადგინოს თავისი განათლების სისტემის ზოგადი მდგომარეობა, ძლიერი და სუსტი მხარეები სხვა ქვეყნებთან შედარებით, გამოასწოროს ხარვეზი და გაიზიაროს წარმატებული ქვეყნების მაგალითები“.

საქართველოში, როგორც ნუცა კობახიძე ამბობს, ამ კვლევების შედეგებით ძალიან ცოტა ვინმე თუ დაინტერესდა. მისი თქმით, ძირითადად ანგარიშები თაროზე შემოიდო და დაივიწყეს. ერთადერთი გამონაკლისია პირლსი, რომლის შედეგებზე დაყრდნობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მუშაობა, კერძოდ, მასწავლებელთა გადამზადება კითხვის სწავლების მეთოდიკაში. ფილმებიც გადაიღეს, როგორ ვასწავლოთ კითხვა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ კვლავ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კვლევები გაგრძელდეს, რომელსაც კვლავაც გამოცდების ეროვნული ცენტრი, (NAEC) ჩაატარებს.


სკოლა გარედან - რეპეტიტორის თვალით

საგანმანათლებლო პროექტების რედაქტორი, ქიმიკოსი ლელა მეტრეველი მოსწავლეებს 1990-იანი წლებიდან ამზადებს. სკოლაში ცოტა ხანს ასწავლიდა. ამბობს, რომ მაშინ, წლების წინ, საბუნებისმეტყველო საგნებისადმი იმდენად უპატივცემულო და, მეტიც, აგდებული დამოკიდებულება იგრძნო, რომ სკოლის პედაგოგად მუშაობა ვერ შეძლო. რატომ მიდის მოსწავლე რეპეტიტორთან, ნიშნავს თუ არა ეს ყოველთვის იმას, რომ ის სკოლაში ვერ იღებს შესაბამის ცოდნას? ლელა მეტრეველი ფიქრობს, რომ სკოლებში სწავლის ხარისხი 90-იანი წლებიდან გაუარესდა. ერთხელ ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოსული სკოლა და, ზოგადად, პოლიტიკაში ჩართული უმაღლესი სასწავლებლები ვერა და ვერ დაბრუნდნენ უკან. თუმცა მთავარი, რამაც განათლების დონე საშუალო სკოლებში შეაფერხა, გამუდმებული და ხშირად ცვალებადი რეფორმები იყო:

”ბოლო ხანებში სულ გაუთავებელი რეფორმების პროცესში ვიმყოფებით. ეს ყველას აბნევს - სკოლის პედაგოგსაც და რეპეტიტორსაც. მე, მაგალითად, არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი ფიზიკას, იქ შემხვედროდეს ისეთი მათემატიკური საკითხი, რომელიც მანამდე მათემატიკაში არ მქონდა ნასწავლი. დღეს ძალიან მრავლადაა ასეთი შემთხვევები - საგანთა შორის კავშირია დარღვეული. ამიტომ ამ ყველაფრის სწავლა მოსწავლეს უკვე რეპეტიტორთან უწევს. ამას ისიც ემატება, რომ, მაგალითად, ჩემს საგანს, ქიმიას, ხან ვასწავლით ტრიმესტრულად, ხან მერვე, ხანაც მეშვიდე კლასიდან. ეს ცვლილებები მოქმედებს ყველაფერზე უარყოფითად”.

რამდენად განსაზღვრავს მასწავლებლის ხელფასი მისი პროფესიონალიზმის ამაღლებას? იქნება თუ არა ეს მისთვის სტიმული, მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე? ლელა მეტრეველის აზრით, პედაგოგები აქაც შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს:

”მანდ ორი მომენტია. ერთი მხრივ, როგორც არ უნდა გაუზარდო ხელფასი ადამიანს, რომელმაც არ იცის თავისი საგანი და, ვთქვათ, იგივე სასერტიფიკაციო გამოცდებში 70-დან 10 ქულაც ვერ აიღო, რაც არ უნდა გაუკეთო და წაახალისო, ის ვეღარ ისწავლის. კი, გააჩნია მონდომებას, ასაკს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ვერ შეიცვლება. ზოგს ეს შანსი ჯერ კიდევ აქვს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შეუძლია მეტი დრო სკოლას მოახმაროს და სახლში არ წავიდეს და რეპეტიტორობით არ დაკავდეს, რადგან ხელფასი არ ჰყოფნის. სკოლა მთელ შენს სიცოცხლეს მოითხოვს, მთელ შენს დროს და ეს არ არის პათეტიკური ნათქვამი. თუმცა აქ არ უნდა გამოგვრჩეს მეორე, სოციალური მომენტიც - თუ ისეთი ხელფასი გაქვს, რომ არ შეგიძლია ჩაიცვა ისე, რომ ბავშვებმა არ დაგცინონ და აღარ ჩამოვთვლი სხვა კომუნალურ პრობლემებს, ამ დროს ძალიან ძნელია, იფიქრო, რომ კარგი სპეციალისტი იყო. როცა პირველადი მოთხოვნილებები გაქვს დასაკმაყოფილებელი, უფრო ზემოთ ვეღარ მიდიხარ”.


მაია მიმინოშვილი
მაია მიმინოშვილი
რა შეიცვლება სკოლებში განათლების ახალი პოლიტიკის პირობებში?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს, რომელიც განათლების სისტემაში ჯერ კიდევ ალექსანდრე კარტოზიას მინისტრობის დროს მივიდა, მიაჩნია, რომ განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში მთავარი შეცდომა ამ რეფორმის დაჩქარებული ტემპით გატარება და, რაც მთავარია, კურსიდან ხშირი გადახვევა იყო, თუმცა თავად სკოლების დეცენტრალიზაციის იდეას მიმინოშვილი თავიდანვე ემხრობოდა:

”ვემხრობი, მაგრამ ამ პროცესს, როგორც წესი, ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება. ამას სჭირდება სკოლების მხრიდან გამოცდილების შეძენა, უამრავი პილოტირება და აპრობაცია, ხარვეზების აღმოჩენა, გამოსწორება და შემდეგ კიდევ ერთხელ პილოტირება. სამწუხაროდ, ეს მაშინაც ძალიან მოკლე ვადაში მოხდა. ეს იდეის ბრალი კი არ იყო, ეს იყო იმის ბრალი, რომ სკოლების მართვის სრულიად ახალი სისტემის შემოღება, რა თქმა უნდა, მხოლოდ რომელიმე ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას არ გულისხმობდა, აუცილებლად ადაპტირებას და ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვებას გულისხმობდა. ამ 9 წლის განმავლობაში მუდმივი რყევების ქვეშ ვიყავით. ფაქტია, რომ ერთ გზას ჩვენ არ გავყოლივართ. ერთი მაგალითი კმარა ამის დასტურად, რომ დეცენტრალიზაცია უცებ შეიცვალა მკაცრი ცენტრალიზაციით შაშკინის დროს და ახლა კი ისევ არის დეცენტრალიზაციის მცდელობა”.

რა შეიცვალა დღეს, ახალი ხელისუფლების პირობებში, - გაუმჯობესდება თუ არა, ზოგადად, განათლების სისტემაში საშუალო განათლების საფეხური? ამ ეტაპზე მაია მიმინოშვილის პასუხია, რომ, მის ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული შეთანხმებით, კონცეფციის მომზადების პროცესში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გუნდიც ჩაერთვება. სიახლეებს შორის კიდევ შეიძლება ჩამოვთვალოთ ის, ამბობს მაია მიმინოშვილი, რომ აღდგა საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის პრაქტიკა, რაზეც განათლების სამინისტრომ ასევე შაშკინის დროს თქვა უარი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმში, მაგრამ მაინც დაიწყო სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ახალი პროექტი, რაც ცენტრის ფუნქციის დაბრუნებასაც მოიცავს და, როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს, მასწავლებელთა სერტიფიცირების კომპონენტიც შეიცვლება:

”მე ვფიქრობ, რომ როდესაც საგამოცდო პროცესს აქვს ხარვეზები, ის უნდა საგამოცდო სისტემით გამოასწორო. საგამოცდო სისტემა შეიძლება მხოლოდ დანამატი იყოს, როცა ადამიანს აიძულებს, რომ მოვიდეს გამოცდაზე და წიგნი ხელში დაიჭიროს. არაფრის მომცემი ეს არ იქნება. ზუსტად იგივეა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შემთხვევაშიც. პროცესი უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული, რაც დღესაა. როცა ადრე იყო ამ გამოცდების მომზადებაზე საუბარი, მაშინ შევთანხმდით კიდეც, რომ პედაგოგი ბევრი სხვადასხვანაირი კომპონენტით უნდა შეფასდეს და როგორ შეიძლება მხოლოდ თეორიული ცოდნა შეუფასო. და თუ ამ თეორიულ ცოდნაში მას, სიტყვაზე, აკლდება 2-3 ქულა, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვა უნარებით შეფასდეს მისი ცოდნა და ასე შეავსოს ბარიერის გადასალახად საჭირო ქულები. მაქსიმუმ, ერთ თვეში დავიწყებთ სწორედ მუშაობას იმ კომპონენტებზე, რომლებიც უნდა დაემატოს სასერტიფიკაციო პროცესს”.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განათლების პოლიტიკა ახლა მუშავდება. შეუწყობს თუ არა ახალი პოლიტიკა ხელს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას საშუალო სკოლებში, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არა აქვთ არც სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს, არც განათლების სპეციალისტებს, არც ამ სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე ადამიანებს. არსებობს მხოლოდ მოლოდინი, რომ სკოლა თავის ფუნქციას დაიბრუნებს.

ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG