Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს-ს თანახმად, ტამერლან ცარნაევი საქართველოში საერთოდ არ იყო ნამყოფი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსული გამოცემა ”იზვესტიის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოსტონის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებში მონაწილეობდა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ტამერლან ცარნაევი საქართველოში ნამყოფი საერთოდ არ არის. ”იზვესტიას” ინფორმაციის წყაროდ მოჰყავს შს-თა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსითვის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის პოლკოვნიკ გრიგოლ ჭანტურიას მიერ წარდგენილი ანგარიში იმის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციამ ”კავკასიის ფონდმა” ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია ”ჯეიმსტაუნთან” ერთად შარშან ზაფხულში კავკასიელი ახალგაზრდებისთვის ჩაატარა სემინარები, რომლებსაც ტამერლან ცარნაევიც დაესწრო. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ”იზვესტია” წერს, რომ ”კავკასიის ფონდი” 2008 წელს შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიაში პროცესების გასაკონტროლებლად და ”ჯეიმსტაუნთან” თანამშრომლობით დაკავებული იყო ამ რეგიონის მცხოვრებთა გადაბირებით, რათა მათ საქართველოსა და აშშ-ის ინტერესთა სასარგებლოდ ემუშავათ. იმავე გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა წერს, რომ ”კავკასიის ფონდის” ძირითადი მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობის და ექსტრემისტული განწყობების გაძლიერება. საქართველოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, სტატიაში მითითებული პირის მსგავსი სახელით და გვარით სამინისტროს თანამშრომელი არც ადრე ჰყოლია და არც ამჟამად ჰყავს. დღესვე ”კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა გივი ღამბაშიძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ”იზვესტიის” პუბლიკაცია სიცრუეა და მიმართულია როგორც საქართველოს, ისე კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ. ღამბაშიძის შეფასებით, გაუგონარი ამბავია "კავკასიის ფონდმა" ამტკიცოს, რომ ტერორისტებს არ ამზადებდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ცარნაევი, რომელსაც არც კი იცნობენ, საქართველოში არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG