სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ვაელ ალ-ჰალკი გადაურჩა დედაქალაქ დამასკში მომხდარ თავდასხმას - რომელიც ტელევიზიამ „ტერორისტულ აქტად“ შეაფასა. ცნობის თანახმად, ალ-ჰალკის მანქანა, თანხმლებ მანქანებთან ერთად, ბომბის სამიზნე გახდა ჩრდილოეთით მდებარე უბანში - მაზეში. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იუწყება, რომ დაღუპულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ალ-ჰალკის მცველი. ბოლო თვეების განმავლობაში დამასკში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაჭრა გამოიწვია. სირიის მთავრობა თავდასხმებში ადანაშაულებს მუსლიმ ექსტრემისტებს, რომლებსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობა სურთ. სირიის კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლებით. მაგრამ შემდეგ ის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამ ეტაპისთვის მოკლულია 70,000-ზე მეტი ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1