Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მსჯელობს სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე მოსალაპარაკებლად. ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობენ ევროკავშირის სხვა წევრების დარწმუნებას ამჟამად მოქმედი ემბარგოს შემსუბუქების საჭიროებაში, რათა იარაღით დაეხმარონ მეამბოხეებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარებს ებრძვიან. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის აზრით, მეამბოხეების შეიარაღება ასადის რეჟიმს აიძულებს, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ინიციატივებს. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა ემართება ხალხს სირიაში - რამდენი ხანი ვუყუროთ ხალხს, რომელსაც, რაც კი ოდესმე მსოფლიოში შექმნილა, ყველანაირი იარაღით ებრძვიან მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში თითქმის ყველა უარს ეუბნება საკუთარი თავის დასაცავად საჭირო მასალაზე. ეს ქმნის ექსტრემიზმს, ეს იწვევს ხალხში რადიკალიზაციას და ჩვენ ახლა ვუახლოვდებით ზღვარს, როცა ასეთი ვითარების ატანა აღარ შეიძლება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მაგრამ ევროკავშირის ზოგი ქვეყანა, მათ შორის ავსტრია, ფინეთი და ჩეხეთი არ ემხრობიან მეტი იარაღის გაგზავნა ქვეყანაში, სადაც 26 თვეა, კონფლიქტი გრძელდება. დღესვე აშშ-ის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯონ კერი და სერგეი ლავროვი პარიზში მართავენ შეხვედრას, სირიის შესახებ სამშვიდობო კონფერენციის პერსპექტივაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG